სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ. დღეს, 17 ოქტომბერს, რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ.
რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე ვიდავებთ.
დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებით დასრულდება.
არა რუსულ კანონს!
კი - ევროკავშირს!