სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გიორგი რურუას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გიორგი რურუას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით

30 იანვარი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.

გიორგი რურუა, 2019 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებით. 2019 წლის 25 დეკემბერს, გიორგი რურუას წარედგინა დამატებითი ბრალდება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის მუხლით. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშის გაცემაზე ბრალდებულის უარი სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობას წარმოადგენდა. 

გიორგი რურუას პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. საქმის შესწავლის შედეგად ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას. აღნიშნული ოქმი კი ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა.  ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარდა გიორგი რურუას ავტომანქანის ჩხრეკაც. საქმეში არსებული არაერთი ფაქტი ცეცხლსასროლი იარაღის მაყუჩის წარმომავლობის საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს.

გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე დაირღვა გიორგი რურუას დაცვის უფლებაც. ბრალდებულს დაკავებისას არ მიეცა ადვოკატსა და ოჯახის წევრებთან დაკავშირების ადეკვატური შესაძლებლობა, ხოლო გამოძიების დასკვნით ეტაპზე გამომძიებელმა ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე ჩაატარა.

გიორგი რურუას მიმართ ბრალის დამძიმება უსაფუძვლოა. გიორგი რურუასთვის ბრალის დამძიმების საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ მან ნიმუშის აღებაში მონაწილეობა არ მიიღო, რისი უფლებაც მას საქართველოს კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამოთქვამს იმედს, რომ სასამართლო გაიზიარებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებულ მსჯელობას და მიიღებს კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

print