სავარაუდო კორუფციული ფაქტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სავარაუდო კორუფციული ფაქტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში

18 მარტი, 2022

ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ  უფროსთან დაკავშირებულმა შპს „მაი თაუნმა“ და ინდმეწარმემ, შორენა თაბაგარმა 2014-2021  წლებში, 68  სახელმწიფო შესყიდვით 4,117,864  ლარი მიიღეს. აქედან 2,162,992 ლარი (საერთო თანხის 52%) უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით.

ვინ ფლობს შპს „მაი თაუნს“?

შპს „მაი თაუნის“ მფლობელი ბორჯომის ყოფილი გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ბიძაშვილის შვილის, გიორგი ყიფიანის მეუღლე ირმა ხარებაშვილი იყო. გიორგი ყიფიანმა ბიძამისის, დიმიტრი ყიფიანის გამგებლობის პერიოდში (2013 -2017 წლებში) ააიპ „ბორჯომის პარკში“ მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, 2018 წლის ოქტომბრიდან იგი ბორჯომის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა და ეს თანამდებობა 2020 წლის მაისამდე ეკავა. 2021 წლის იანვარში გიორგი ყიფიანი სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა2017 წლის დეკემბრიდან დღემდე ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ის ხელმძღვანელია გიორგი ყიფიანის ძმა, დიმიტრი ყიფიანიც. იგი „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ დირექტორია.

ირმა ხარებაშვილმა სამშენებლო კომპანია, შპს „მაი თაუნი“ მისი მეუღლის მუნიციპალურ ააიპ-ში დანიშვნიდან 5 დღეში, 2017 წლის 5 მაისს დააფუძნა.  კომპანიის მეწილე  და დირექტორი ყიფიანების ოჯახის მეგობარი, გიორგი წიქარიშვილი გახდა, რომელსაც 2018 წლის სექტემბერში, ირმა ხარებაშვილმა თავისი კუთვნილი 50% უსასყიდლოდ გადასცა.

პირველი პირდაპირი შესყიდვა შპს „მაი თაუნს“ დაფუძნებიდან 26 დღეში გაუფორმა  „ბორჯომის პარკმა“, ანუ იმ მუნიციპალურმა ააიპ-მა, სადაც ამ დროისთვის ხარებაშვილის მეუღლე, გიორგი ყიფიანი მუშაობდა. ამის შემდეგ კომპანია შესყიდვებს მხოლოდ ბორჯომის მერიიდან იღებს. პირველი პირდაპირი შესყიდვა გამოუცდელ კომპანიას ბორჯომის მერიამ 49,215 ლარზე გაუფორმა.

შპს „მაი თაუნმა“ 2017-2021 წლებში 16 სახელმწიფო შესყიდვით ბორჯომის მერიიდან 528,242 ლარი მიიღო. აქედან 9 მოგებული ტენდერით 346,604 ლარი დაერიცხა. მათ  შორის 3 ტენდერი, 109,232 ლარზე, უკონკურენტოდ და სხვისი დისკვალიფიკაციით მოიგო. 7 პირდაპირი შესყიდვით კომპანიამ  181,638 ლარი მიიღო. მათ შორის, 74,402 ლარზე პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები შპს „მაი თაუნს“  ბორჯომის მერიამ მაშინ გაუფორმა, როცა გიორგი ყიფიანს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

შპს „მაი თაუნის“ სახელმწიფო შესყიდვები 2017-2021 წლებში:

 

შპს „მაი თაუნის“ მფლობელის სხვა შესყიდვები

გარდა იმისა, რომ გიორგი წიქარიშვილი შპს „მაი თაუნიდან“ იღებს შემოსავალს, მისი მეუღლე შორენა თაბაგარი ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული და 2014- 2021 წლებში 3,589,622 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. შორენა თაბაგარის თითქმის ყველა ხელშეკრულებას ხელი, როგორც მინდობილმა პირმა, გიორგი  წიქარიშვილმა მოაწერა. საინტერესოა, რომ თაბაგარმა პირველი ტენდერი 22,574 ლარზე ისე   მოიგო, რომ სათანადო გამოცდილება არ ჰქონია. ამ დროს ბორჯომის გამგებელი იყო ძმების - გიორგი და დიმიტრი ყიფიანების ბიძა, დიმიტრი ყიფიანი.

თაბაგარმა 2014-2021 წლებში 42 ტენდერი მოიგო, ჯამში 3,169,389 ლარზე.  მათ შორის, 29 ტენდერი უკონკურენტოდ და სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით 2,053,760 ლარზე. 11 ტენდერზე კი 1,231,604 ლარის ხელშეკრულებები, იმ პერიოდში გაუფორმდა, როცა მისი მეგობარი გიორგი ყიფიანი ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრი იყო. თაბაგარმა 42 ტენდერიდან 40 ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოიგო. მხოლოდ ორი მოიგო სხვა უწყებაში, ერთი - წალკის მუნიციპალიტეტში და  ერთი - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

თაბაგარმა 2016-2017 წლებში 10 პირდაპირი შესყიდვაც მიიღო 420,233 ლარზე. მათ შორის 6 შესყიდვა, 379,070 ლარზე, ბორჯომის მერიასთან გააფორმა.

შორენა თაბაგარის (გიორგი წიქარიშვილის) სახელმწიფო შესყიდვები 2014-2021 წლებში:

ჯამში, ყიფიანებთან დაკავშირებულმა გიორგი წიქარიშვილმა საკუთარი კომპანიისა და მეუღლის შესყიდვებით, 2014-2021 წლებში,4,117,864 ლარი მიიღო.

გიორგი წიქარიშვილმა,  სახელმწიფო შესყიდვების გარდა, ბორჯომში, რუსთაველის N14-ის მიმდებარედ, მუნიციპალურ სკვერთან საჩუქრად მიწაც მიიღო. 109 კვ.მ. ფართობი აქ, უპირობო აუქციონით, 2019 წლის 1 მაისს, ააიპ „ბორჯომის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის“ დირექტორის მოადგილის, ჯემალ კაბულაშვილის მეუღლემ, მაკა გელაშვილმა იყიდა და ერთ თვეში, 10 ივნისს, მისი ნახევარი გიორგი წიქარიშვილს აჩუქა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს  შპს „მაი თაუნის“ და  მეწარმე შორენა თაბაგარის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მათსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის. ასევე, შეისწავლოს ბორჯომში, რუსთაველის N14-ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 109 კვ.მ. მიწა ხომ არ გასხვისდა კორუფციული გარიგების გზით.