სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

31 მაისი, 2022

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 87 ქულა მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით (81 ქულა), წინსვლაა. ამ მაჩვენებლით 120 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზე გავიდა, მაშინ როდესაც 2019-ის კვლევის შედეგებით იგი მე-5 ადგილზე იყო.

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვეს გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2020 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს ღია ბიუჯეტის კვლევას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“ 2012 წლიდან ატარებს.  

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია თანაბარი წონის 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

  • ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
  • მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას, ასევე, ამახვილებს: ა) ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობისა და ბ) საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. კერძოდ, 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 44 ქულა (მსოფლიოში მე-4 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74 ქულა (21-ე ადგილი).

შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგებს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი პარლამენტის მიერ საბიუჯეტო პროცესზე უკეთეს ზედამხედველობას და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება.

print