სახელმწიფო უწყება სასამართლოს დროებით განჩინებას არ ასრულებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფო უწყება სასამართლოს დროებით განჩინებას არ ასრულებს

21 აგვისტო, 2023

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმიანება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი უარს ამბობს სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებასა და აბიტურიენტის, რომელმაც ვერ შეძლო გამოცდაზე გასვლა, დამატებით საგამოცდო სესიაზე დაშვებაზე.[1] გარდა იმისა, რომ ცენტრი ამ პროცესში აბიტურიენტს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის, მათი ქმედება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს.[2]

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციით მიმართა ცენტრს და მოუწოდა უმაღლესი განათლების უფლების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ დანიშნოს მოთხოვნილი გამოცდა და ამის შესახებ აბიტურიენტს (ს.ბ.) დროულად აცნობოს.

მიგვაჩნია, რომ ცენტრის გამოხმაურება სასამართლოს განჩინების აღუსრულებლობაზე და ამით, აბიტურიენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული[3] განათლების უფლების შეზღუდვა დაუშვებელი და დაუსაბუთებელია. ცენტრი განჩინების აღუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზად მის გასაჩივრებასაც ასახელებს მაშინ, როდესაც განჩინებაში მითითებულია, რომ  „ღონისძიება ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას და გასაჩივრება ვერ შეაჩერებს მის მოქმედებას.“ აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.

აღნიშნული ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე და ძირს უთხრის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ფუნქციონირებას. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კანონისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და გააკეთონ ყველაფერი, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მოქალაქეებს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  მოუწოდებს:

  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს - აღასრულოს სასამართლოს დროებითი განჩინება, და უზრუნველყოს აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება.  
  • საგამოძიებო ორგანოებს - ცენტრის მიერ დროებითი განჩინების საბოლოოდ აღუსრულებლობის შემთხვევაში, დაიწყონ გამოძიება და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

 

 

 


[1]აბიტურიენტის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს.

[2] სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლი, [30.06.2023 რედაქცია].

[3] საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი.

print