თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე (შემდეგში: საანგარიშო/საკვლევი პერიოდი) ქალაქ ბათუმის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა.
ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება საკრებულოს მომავალ საქმიანობაში. ანგარიშის საფუძვლად გამოყენებულია საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებები და მედიის მასალები.
ორგანიზაციამ საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში 2021 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.
ძირითადი მიგნებები
● ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლს სუსტ კონტროლს უწევს, რაც ძირითადად იმით აიხსნება, რომ „ქართული ოცნების” უმრავლესობაში კონტროლის პოლიტიკური ნება არ არსებობს;
● ბათუმის საკრებულო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. 5 სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა;
● ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა საკრებულოს 9 და ბიუროს 15 სხდომა. დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ბათუმის საკრებულოს საანგარიშო პერიოდში რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია, კომისიების სხდომები კი კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა;
● საკრებულომ მიიღო 36 დადგენილება, რომელთაგან 23 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო ბათუმის მერი, 13 დადგენილებისა - საკრებულოს თავმჯდომარე.
● წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად, 2021 წელს არჩეულ საკრებულოშიც ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციის ინიციატივებს უჭერენ მხარს, ოპოზიციური ფრაქციების წინადადებები კი ხშირ შემთხვევაში სხდომაზეც არ გააქვთ. ამასთან, საკრებულოს არ მოუწვევია დამოუკიდებელი აუდიტორი მერიის საქმიანობის გასაკონტროლებლად.
● საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 1,373,835 ლარი, მათ შორის დეპუტატებზე 540,636 ლარი და აპარატის თანამშრომლებზე 833,199 ლარი.
● საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურებიდან 71,026 ლარი არის პრემია/დანამატები.
● 2022 წელს საკრებულოს დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების სატელეფონო კომუნიკაციების მომსახურებისათვის დაიხარჯა 23,498 ლარი, საკრებულოს სატრანსპორტო პარკის მოვლა-შენახვისათვის 25,649 ლარი და საწვავით უზრუნველყოფისათვის 45,380 ლარი
● მნიშვნელოვნად გაუარესდა ბათუმის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი - ხშირ შემთხვევაში, მოწოდებული დოკუმენტები არ შეიცავს ჩვენი კითხვარით გათვალისწინებულ საკითხებს.
პრობლემები და რეკომენდაციები
კონტროლის განხორციელება
● საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა აწარმოებდნენ საზედამხედველო საქმიანობას, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ შეკითხვის დასმის უფლებას, იბარებდნენ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირებს და მსჯელობდნენ მერისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე;
● საკრებულომ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი;
● მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო გახდეს მერიის თანამდებობის პირთათვის საკრებულოს წინაშე ანგარიშის ჩაბარება.
საკრებულოს სხდომები
● მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს რეგლამენტით განისაზღვროს სხდომის გაცდენების საპატიო და არასაპატიო მიზეზები. ასევე, აუცილებებლია საპატიო გაცდენის დოკუმენტაციის წარმოება;
● მიუხედავად არსებული პროგრესისა, მაინც არსებობს იმის აუცილებლობა, რომ საკრებულოს წევრებმა სწორად შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები, ასახონ საკუთარი და ოჯახის წევრების კუთვნილი ქონება და წილები კომპანიებში, მიუთითონ საწარმოებიდან მიღებული შემოსავალი და კანონით დადგენილი წესით დატოვონ კომპანიების მმართველი პოზიციები.
საზოგადოების ჩართულობა
● საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების საქმიანობის შესახებ, რათა საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი იქნას და ამომრჩევლებს ინფორმაცია პროაქტიურად მიეწოდოთ.
გენდერული თანასწორობის საბჭო
● აუცილებელია, საბჭომ გაზარდოს ინიცირებული პროექტების, რეკომენდაციებისა და წინადადებების რაოდენობა საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარსადგენად.