თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში

05 აგვისტო, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ” შეისწავლა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შემდეგში: საანგარიშო/საკვლევი პერიოდი) ქალაქ ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა.

ანგარიშის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ შემდეგი მიმართულებებით:

  • მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები;

  • კონტროლის ფუნქციის განხორციელება;

  • კომისიების, საბჭოებისა და ფრაქციების საქმიანობა;

  • საკრებულოს თანამდებობის პირთა კავშირი ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა;

  • მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება;

  • გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა;

  • საკრებულოს ხარჯები.

ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში.

ანგარიშის საფუძვლად გამოყენებულია საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” დაკვირვებები და მედიის მასალები.

ძირითადი მიგნებები

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს დადებითი ტენდენციები:

  • ბათუმის საკრებულოს არცერთი სხდომა არ ჩაშლილა: 2017 წლის მოწვევის საკრებულოში სულ 37 სხდომა გაიმართა, მათგან 13 - რიგგარეშე;
  • გაიმართა საკრებულოს ბიუროს 62 სხდომა;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტში დაინერგა ელექტრონული პეტიციის სისტემა. ასევე, ბათუმის საკრებულომ 2018 წლის ივლისში შეამცირა 1%-იანი ზღვარი და პეტიციის წარდგენის უფლება ამომრჩეველთა 0.5%-ს მიანიჭა, რაც, სავარაუდოდ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხსა და პეტიციების რაოდენობის ზრდაზე;
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოში 8 პეტიცია დარეგისტრირდა;
  • საანგარიშო პერიოდში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 37-ვე სხდომა კანონის მოთხოვნათა დაცვით დაანონსდა.

სამართლებრივი აქტები:

  • ბათუმის საკრებულომ 2017-2019 წლებში 119 დადგენილება მიიღო. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანომ 3 სამართლებრივი დასკვნა და 24 სარეკომენდაციო წერილი მიიღო, ხოლო საკრებულოს საკონსულტაციო მიმართვის წერილზე - 3 საკონსულტაციო დასკვნა;
  • 2017-2019 წლებში საკრებულოს სხდომაზე განსახილველად საკრებულოს კომისიებმა 37 სამართლებრივი აქტი წარმოადგინეს, ხოლო საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე 52 დასკვნა მომზადდა;
  • საკრებულოში ინიცირების წესით ფრაქციებმა სულ წარმოადგინეს 12 სამართლებრივი აქტი, რომელთაგანაც საკრებულომ 6-ზე დადებითი, 5-ზეც კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 1 ჯერ კიდევ განხილვის საგანია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყველა ინიციატივა მიიღო, ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არცერთი ინიციატივა არ გაიზიარა;
  • საკვლევ პერიოდში, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა 3-ჯერ გასცა;
  • 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით, ბათუმის მერის წარდგინებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესები. ბათუმის საკრებულომ სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება 2-ჯერ მიიღო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის - 20-ჯერ;
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერს თანხობა მისცა 4 იურიდიული პირის დაფუძნებასა და 5-ის ლიკვიდაციაზე.

კონტროლის ფუნქციის განხორციელება:

  • საკვლევ პერიოდში საკრებულომ მხოლოდ ერთხელ მოისმინა ქალაქის მერის საქმიანობის ანგარიში. კერძოდ, 2018 წლის 1 მარტს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბათუმის საკრებულოს წევრებს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს  100 დღის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა;
  • მერსა და თანამდებობის სხვა პირს შეკითხვით საკრებულოს 13-მა წევრმა მიმართა;
  • 2017 წელს მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ 4 რიგგარეშე სხდომას, 2018 წელს - 3 რიგგარეშე და 12 მორიგ სხდომას, 2019 წელს კი - 5 რიგგარეშე და 7 მორიგ სხდომას.
  • საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებული გეგმა 503,509,822 ლარს წარმოადგენდა, ხოლო ფაქტიური შესრულება - 471,497,036 ლარს. ამასთან ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებული გეგმის მაჩვენებელი 519,235,803 ლარი იყო, ფაქტიური შესრულება კი 448,838,684 ლარი.
  • საკრებულოს წევრებმა ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სულ 61 შენიშვნა/რეკომენდაცია გამოთქვეს, 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კი - 50. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობა 2017 წელს ერთხელ მოხდა, 2018 წელს - 5-ჯერ და 2019 წელსაც - 6-ჯერ;
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოს არ მოუწვევია დამოუკიდებელი აუდიტორი;
  • 2018-2019 წლებში საკრებულომ ბათუმის მერის მიერ წარმოდგენილ 9 საკითხს მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს 2017-2019 წლებში ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად სათათბირო ორგანოები არ შეუქმნია;
  • საკრებულოს ინიციატივით განიხილეს 53 საკითხი - 1 საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის;
  • დეპუტატები საკრებულოს, მისი ბიუროს, საკრებულოს კომისიების სხდომებს მხოლოდ საპატიო მიზეზით აცდენდნენ: 2018 წელს - 41 მივლინება და 2019 წელს - 89 მივლინება განხორციელდა.
  • საკრებულოს წევრის საპატიო/არასაპატიო გაცდენის თაობაზე საკრებულოს რეგლამენტით არაფერია გაწერილი, რის გამოც საპატიო გაცდენის დოკუმენტაციის წარმოება არ ხდება.

კავშირები ბიზნესთან, არადეკლარირებული ქონება, შეუთავსებელი  საქმიანობა:

  • ქალაქ ბათუმის საკრებულოში პრობლემატურ ფაქტს წარმოადგენს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის არასრულად შევსება - 2018 წელს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ასეთი 6 ფაქტი გამოავლინა, 2019 წელს კი - 4

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯები:

საკვლევ პერიოდში, ქალაქ ბათუმის საკრებულოში ხელფასებისა და პრემიების სახით ჯამში 3,000,000 ლარზე მეტი გაიცა;

  • პრემიისა და დანამატის სახით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საკრებულოს ბიუჯეტიდან ჯამში 477,081 ლარი დაიხარჯა;
  • მზარდია საკრებულოს მიერ შტატგარეშე მომსახურებაზე გაცემული ხელფასის მოცულობა - ამ მიზნით 2017 წელს 171,721 ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი ხარჯები 195,828 ლარამდე გაიზარდა;
  • თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ქალაქ ბათუმის საკრებულოში, 2017-2019 წლებში, ჯამში 80,898 ლარი გაიხარჯა;
  • 2017 წლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საკრებულომ თანამდებობის პირთა ტრანსპორტირებაზე ჯამში 128,969 ლარის ოდენობის საწვავი დახარჯა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო:

  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, თუმცა გენდერული თანასწორობის საბჭო პასიურია - არ რეაგირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარ პრობლემურ ფაქტებზე, რომლებიც გენდერულ უთანასწორობას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას გამოხატავს;
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს საკრებულოსთვის საქმიანობის ანგარიში არ წარუდგენია. ამასთან, არც წინადადებები და რეკომენდაციები არ მოუმზადებია აჭარის უმაღლესი საბჭოს ან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოებისთვის წარსადგენად;
  • საკვლევ პერიოდში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ სულ 5 სამართლებრივი აქტის ანალიზი განახორციელა.

print