ვიწრო სპეციალიზაციების ფორმა საერთო სასამართლოების სისტემაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვიწრო სპეციალიზაციების ფორმა საერთო სასამართლოების სისტემაში

25 დეკემბერი, 2020

 

თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში დავის ყველა სფერო ვიწროდ სპეციალიზებულია. ოფიციალური განმარტებით, ვიწრო სპეციალიზაციები  მოსამართლეებს დროის მენეჯმენტსა და საქმეთა ადმინისტრირებაში ეხმარება. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სპეციალიზაცია დაუსაბუთებლად იქმნება. ამასთან, სპეციალიზაციის შექმნით, სხვა პრობლემებთან ერთად, იზრდება საქმეთა განაწილებაზე მანიპულირების რისკები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის პრაქტიკა, მათი ეფექტიანობა და ის რისკები შეისწავლა, რაც შესაძლოა სპეციალიზაციების არსებულმა ფორმებმა წარმოშვას:

  • სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებს ვიწრო სპეციალიზაციებში ერთპიროვნულად ანაწილებს. ასეთი პრაქტიკა სახიფათოა, ვინაიდან მსგავსი ბერკეტის არსებობა საქმეთა ელექტრონულ განაწილებაზე მანიპულირების რისკებს წარმოშობს.
  • შემთხვევების უმეტესობაში ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკა დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება წინასწარ დადგენილ ობიექტურ კრიტერიუმებს.
  • პრობლემურია ასევე, ვიწრო სპეციალიზაციიდან მოსამართლის როტაცია, რომელიც დაუსაბუთებლად ხდება. მაგალითად სასამართლოს თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად და დაუსაბუთებლად შეუძლია მოსამართლეს შეუცვალოს ვიწრო სპეციალიზაცია.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების სისტემაში ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის მიზეზად, საქმეთა გადატვირთულობას ასახელებს. თუმცა ამ პრობლემის გადასაჭრელად, წლებია საბჭოს შესაბამისი ზომები არ მიუღია. მაგალითად, არ მომხდარა სისტემის შევსება ახალი  მოსამართლეებით.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების შემოღება აჩენს აღქმას, რომ მოსამართლეების გავლენიანმა ჯგუფმა უარი არ თქვა საქმეთა განაწილების სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობაზე.
  • ამასთან, დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ იმ სასამართლოებში სადაც მოსამართლეთა მცირე რაოდენობაა ვიწრო სპეციალიზაციები არ მოქმედებს.

რეკომენდაციები

  • ვიწრო სპეციალიზაციების არსებული ფორმა უნდა გაუქმდეს. კონკრეტულ დარგში ვიწრო სპეციალიზაციის შექმნა კვლევის შედეგად დადგენილ ობიექტური საჭიროებას უნდა ეფუძნებოდეს;
  • ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეებს სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ნიშნავდეს;
  • საჭიროა, დადგინდეს  ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების განაწილების კრიტერიუმები. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს შესაბამის დარგში მოსამართლეთა კვალიფიკაცია და კონკრეტული სპეციალიზაციისთვის საჭირო სპეციფიური უნარ-ჩვევები;
  • ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადოდ დასაბუთდეს მოსამართლეთა  სპეციალიზაციაში  განსაზღვრის/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება;
  • საჭიროა დაიხვეწოს კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის იურისდიქცია იმგვარად, რომ არ იყოს დაკავშირებული მხოლოდ თანხის მოცულობასთან;
  • გადატვირთულობის პრობლემა არა ვიწრო სპეციალიზაციების შემოღების, არამედ მოსამართლეთა რაოდენობის  ზრდით და საერთო სასამართლოების სწორი ადმინისტრირებით უნდა გადაიჭრას.

print