ვიქტორ ჯაფარიძესთან დაახლოებული პირის კომპანიამ მესტიაში 17 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვიქტორ ჯაფარიძესთან დაახლოებული პირის კომპანიამ მესტიაში 17 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგო

24 აპრილი, 2025

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახთან დაახლოებული პირის, დავით ჩართოლანის კომპანიამ - შპს “ქორულდმა” მესტიის მერიისგან 2021-2024 წლებში 16,856,815 ლარის ტენდერები მიიღო. ამ თანხის 70% (11,770,538 ლარი) მხოლოდ გასულ წელს მიიღო. “ქორულდს” აქვს ასევე 67,069 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვა. დავით ჩართოლანი წარსულში ბოლნისის გამგებლის მოადგილე იყო და 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა

დავით ჩართოლანი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს „ქორულდი” 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მან მესტიის მერიის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 10-ში გაიმარჯვა.  მოგებული 10 ტენდერიდან 7-ში შპს „ქორულდს” კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდა, ხოლო დანარჩენი 3 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

10-დან 9 შემთხვევაში, შპს „ქორულდის” მიერ შეთავაზებული ფასი მერიის მიერ დადგენილი სამუშაოების სავარაუდო ღირებულებას ემთხვეოდა. იმ ერთ შემთხვევაში კი, როდესაც კომპანიამ ფასი ოდნავ დააკლო, “ქორულდი” მხოლოდ კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გამოვლინდა გამარჯვებულად.

აღსანიშნავია, რომ დავით ჩართოლანი პარტია “ქართული ოცნების” შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის  წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან - ოთარ ჩართოლანთან ერთად ფლობს იმავე სახელწოდების კომპანიას - შპს „ქორულდს”, ასევე  არის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორი კომპანიებში “ქუალითი ქონსთრაქშენ 2023” და “ქონქრით პლიუსი”.

ზემოაღნიშნული გარემოებები  აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მესტიის მერია და კომპანია წინასწარ ურიგდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვების პროცესში კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვის მაღალი რისკები არსებობს. ეს სისტემური პრობლემები კი მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს.

print