ვის ეკუთვნოდა საქართველო (2003-2012) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვის ეკუთვნოდა საქართველო (2003-2012)

18 დეკემბერი, 2012

 

„ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ჟურნალისტ პოლ რიმპლის ერთობლივი ნაშრომია. წიგნი, რომელიც ნოველის ფორმატშია დაწერილი, მოგვითხრობს იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ ან ამ დრომდე ფლობენ ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, სარეკლამო ბაზარი, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია, ფარმაცევტული ბაზარი და სასარგებლო წიაღისეული. წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან. 

წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ 2003-2012 წლებს მოიცავს. საზოგადოებაში ხშირად იყო საუბარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბიზნესის ე.წ. გადანაწილების სქემებზე. წიგნის ავტორი, პოლ რიმპლი ეხმაურება ამ ინფორმაციას და საზოგადოებას მოუთხრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა კონკრეტულ სექტორში გარკვეული კომპანიების მონოპოლისტებად ჩამოყალიბება. ასევე ავტორი შეეცადა გაერკვია, ვინ დგას კონკრეტული კომპანიების უკან, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. დიდი საბაზრო წილების მფლობელი კომპანიების უმეტესობა, ისევე როგორც ინვესტორები, ძირითადად ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული.  წიგნში მოთხრობილია მხოლოდ რამდენიმე ბიზნესს სექტორზე, თუმცა ეს საკმარისიცაა, რომ ვისაუბროთ ზოგად ტენდენციებზე „პოსტ რევოლუციურ“ საქართველოში, კერძოდ:

  • ტელემაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების სექტორში ნაციონალური მაუწყებლები ხელისუფლების ყოფილი წევრების, მათთან დაახლოვებული პირთა ან ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიათა საკუთრებაში იყო, ხოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან აღინიშნებოდა მათ მიმართ პრეფერენტული დამოკიდებულება. სხვა ტელევიზიებს  კი მარეგულირებელი ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა.  ტელეკომუნიკაციების სექტორი კომპანიების მესაკუთრეთა რთული ქსელისგან შედგება. ოფშორში დარეგისტირირებული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ხელისუფლებასთან დაახლოებული და ასოცირებული პირები არიან.
  • სარეკლამო ბაზარზე გასული წლების განმავლობაში სულ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე იყო. უმეტეს შემთხვევაში ეს კომპანიები (outdoor.ge, General Media და სხვა) ყოფილი თავდაცვის მინისტრ  დავით კეზერაშვილის ბიზნეს ინტერესებთან იყო დაკავშირებული. ასევე იკვეთებოდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი.
  • ნავთობის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორში ყველაზე დიდი მოთამაშეებად  გალფი, ვისოლი, სოკარი და ლუკოილი გვევლინებოდნენ. ავტორი კომპანია გალფის მფლობელებისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მჭიდრო კავშირებზე საუბრობს.  ბაზარზე მეორე მსხვილი მოთამაშეა „ვისოლი“, რომელსაც თავის პროდუქცია საბერძნეთიდან შემოაქვს  და ყიდის მას როგორც აპის სუპერის მარკის ნავთობს.
  • ფარმაცევტულ სექტორში არსებული ოლიგოპოლია მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიებს შორის კონკურენციას და დამოკიდებულს ხდის მათ იმპორტირების უფლების მქონე სამ კომპანიაზე, რომლებიც იმავე დროს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მსხვილ შემოწირულობებს იღებდნენ.  ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან პე-ეს-პე, ავერსი ფარმა და ჯი-პი-სი. არსებული ვითარება კომპანიებს მედიკამენტებზე მაღალი ფასის დაწესების შესაძლებლობას აძლევს.
  • ინფრასტრუქტურული პროექტებშიც საკმაოდ საინტერესო ტენდენცია იკვეთება. სახელმწიფოსთან დაახლოებული პირების მიერ დაარსებული კომპანიები ხშირად სახელმწიფოსგან დაბალ ფასში ნაყიდ მიწების გადამყიდველებად გვევლინებოდნენ, რითაც დიდ მოგებას ნახულობდნენ. ამ მოგების ინვესტირების შედეგად კი სხვა კომპანიებს ყიდულობდნენ. იგივე კომპანიები შემდეგ გამოიყენებოდა ერთი კონკრეტული ბანკის, „ბანკი ქართუს“ საწინააღმდეგოდ. ყოველივე ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარლამენტი.  კანონმდელობაში შეტანილი ცვლილებებით ბანკს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. თბილისის განვითარების ფონდმა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდმა თბილისის მერიიდან მნიშვნელოვანი ქონება მიიღო სარგებლობაში, ხოლო სახელმწიფო ქონების განკარგვისას მიიღო უკანონო გადაწყვეტილება რომ თავი აერიდებინა ინფორმაციის გაცემას თუ როგორ ხდებოდა ამ ქონების განკარგვა. ანაკლიის-პორტის და საირმეს მშენებლობის საქმე კი გაუმჭირვალედ მიმდინარეობდა.
  • საბადოების პრივატიზაციისას ხშირია ოფშორული კომპანიების მონაწილეობა, მაგალითად კავკასუს მაუნთაინ გრუპი, რომელიც ფიქტიურ კომპანია ფემფთილონ ჰოლდინგ ლიმიტედს ეკუთვნის, დარეგისტრირებულია კომპანია საიპრომანის მიერ, რომელიც  მსგავსი კომპანიების რეგისტრაციას აკეთებს. მძიმეა მდგომარეობა მაღაროებში დასაქმებულთა უსაფრთხოების მხრივ, რასაც არაჯეროვანი ყურადღება ეთმობოდა, ხოლო ინციდენტების მიზეზები კი უმეტესად მუშაკებს ბრალდებოდათ.

წიგნის მზადების პროცესში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.  2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, რამაც ცვლილებები სხვადასხვა ბიზნესის მფლობელობის სტრუქტურაშიც გამოიწვია. ძირითადად ეს მედიის სექტორს შეეხო. 

 

წიგნის პირველი გამოცემის 48-ე გვერდზე ჩვენ შეცდომით მივუთითეთ რომ ს.ს. "Samruk-Kazyna" ყაზახეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდი არის "სილკ როუდ გრუპის" ერთ-ერთი ბენეფიციარი რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. 

სილკ როუდ ჯგუფს და ს.ს. "Samruk-Kazyna" ქართული ბანკის "ბი-თი-ეი-ს" ბენეფიციარები არიან, მაგრამ ყაზახურ ბანკს არ ეკუთვნის "სილკ როუდ გრუპის" აქციები. ეს შეცდომა შესწორდა წიგნის მეორე გამოცემაში. 

"სილკ როუდ გრუპის" წარმომადგენლების ცნობით "სილკნეტის" და "სილკ როუდ გრუპის" ბენეფიციარები არიან გიორგი რამიშვილი, ალექს თოფურია და დევიდ ბორგერი.