ხელვაჩაურის მერის უნებართვო მშენებლობა და ხარვეზები მის ქონებრივ დეკლარაციებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხელვაჩაურის მერის უნებართვო მშენებლობა და ხარვეზები მის ქონებრივ დეკლარაციებში

31 აგვისტო, 2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ბათუმში სახლს უნებართვოდ აშენებს, მშენებლობის ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოკვლევით, სახლის მშენებლობა ზაზა დიასამიძემ მეუღლის, თამილა ჭურკვეიძის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა. ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი ჩანს ზაზა დიასამიძის მიერ 2019 წელს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის შევსებას მას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსს ევალებოდა.

თამილა ჭურკვეიძეს 500 კვადრატული მიწის ნაკვეთი მამამ 2018 წლის აგვისტოში აჩუქა. ნაკვეთი ახალსოფელში, გონიო-აფსაროსის გზატკეცილიდან 240 მეტრში მდებარეობს.

ჩუქებიდან ერთ თვეში, თამილა ჭურკვეიძემ ბათუმის მერიას საკარმიდამო ნაკვეთის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გამოსაყენებლად მიმართა, მერიამ განცხადება იმავე წლის ოქტომბერში დააკმაყოფილა, 2018 წლის დეკემბერში კი დიასამიძის მეუღლემ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახლის არქიტექტურული პროექტი შეათანხმა, თუმცა როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილშია მითითებული, აღნიშნულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, შესაბამისად, ზაზა დიასამიძეს და მის მეუღლეს არც რეგულაციებით გათვალისწინებული სამშენებლო მოსაკრებელი გადაუხდიათ.

ნებართვის ქონა მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო „მშენებლობის ნებართვის წესის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილებით. შსს-ს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, 2019 წელს უნებართვო მშენებლობა  დაიწყო. სახლი ახლა დასრულების ეტაპზეა. 

Google Earth-ის მონაცემებით, აქტიური სამშენებლობლო სამუშაოები ზაზა დიასამიძის მეუღლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, სატელიტური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 252 კვ.მ ფართობის ორსართულიანი სახლი უკვე გადახურულია:

 

მიწის ნაკვეთის ხედი ჩუქების ხელშეკრულების დროს  (2018 წლის აგვისტო)

 

მიწის ნაკვეთი მშენებლობის დაწყების პროცესში (2019 წლის ოქტომბერი)

 

 

ნაკვეთის ამჟამინდელი ხედი (2022 წლის აგვისტო)

 

ხარვეზები მერის ქონებრივ დეკლარაციებში

მიუხედავად სატელიტური სურათებიდან დადასტურებული მშენებლობისა, ზაზა დიასამიძემ 2019-2022 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა, თუ რა თანხა მოახმარა აღნიშნულ მშენებლობას როგორც საკუთარი, ისე მეუღლის შემოსავლებიდან. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის თანახმად, თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს საანგარიშო პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი გასავალი, რომლის ღირებულება 5000 ლარს აღემატება. ცხადია, 2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ჩათვლით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე დახარჯული თანხები, საბაზრო ფასებისა და სამუშაოთა მოცულობის (სამშენებლო მოედნის მომზადება, საძირკვლის ჩასხმა, სართულების მშენებლობა, კუთვნილი ეზოს შემოღობვა და ა.შ) მნიშვნელოვნად აღემატება კანონში მითითებული თანხის ოდენობას. როგორც აღვნიშნეთ, დოკუმენტებში ზაზა დიასამიძე ამ გასავალზე არ მიუთითებს.

ხელვაჩაურის მერმა 2022 წლის დეკლარაციაში არც კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული შემოსავალი მიუთითა - დიასამიძე 2010 წლიდან ბათუმში, ზურაბ ნაჭყებიას ქუჩაზე 1002 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2021 წლის დასაწყისში მან ეს ქონება იპოთეკით დატვირთვა, 18 თბერვალს კი 39,000 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ბათუმი ხარაჩოს”. 2022 წლის დეკლარაციაში დიასამიძეს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა მიეთითებინა ქონების გასხვისებისა და  ამ გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ ბათუმში უნებართვო მშენებლობის საკითხი და დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები.

ასევე, მივმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლონ ზაზა დიასამიძის ქონებრივ დეკლარაციებში ჩვენ მიერ გამოვლენილი ხარვეზები და კანონის შესაბამისად მოახდინონ გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება.