ზუგდიდის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის შეფასება

16 ივლისი, 2024

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2023 წელს გაწეულ  საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. 

  • საანგარიშო პერიოდში ნაწილობრივ გაუმჯობესდა ზუგდიდის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციები  ზუგდიდის მერიისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე, რაც დიდწილად განაპირობა იმან, რომ საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს, პარტია “ქართული ოცნება” კი უმცირესობაშია;
  • პრობლემურია, რომ საკრებულოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არ გამოუვლენია ინტერესთა კონფლიქტი ან რაიმე სახის გადაცდომა, თუმცა საკრებულოს ცალკეული წევრები ამ საკითხებზე ღიად მსჯელობდნენ;
  • საკრებულოების როლი მნიშვნელოვნად დააკნინა თვითმმართველობის კოდექსში მმართველი პარტიის ინიციირებით შესულმა ცვლილებებმა. მათ შორის ყველაზე პრობლემურია 2022 წლის დეკემბრის ცვლილებები: კოდექსის ძველი რედაქციით, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდა მერსაც და საკრებულოსაც. ცვლილებების შემდეგ კი პასუხისმგებლობა მხოლოდ საკრებულოს დაეკისრა;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს 2023 წელს ზუგდიდის საკრებულოსთვის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ არ წარუდგენია, ანგარიშები წარადგინეს მერიის სამსახურებმა, რომელთაგან 8 სამსახურის საქმიანობა საკრებულოს კომისიებმა დადებითად შეაფასეს, ზუგდიდის მერიის “ზედამხედველობის სამსახურის” ანგარიში კი საკრებულოს ეკონომიკის ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ უარყოფითად შეაფასა;
  • ზუგდიდის მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენის შემდგომ, საკრებულომ მოამზადა და საკრებულოს ბიურომ ბრძანებით დაამტკიცა დასკვნები და რეკომენდაციები მერიის სამსახურებისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე;
  • ზუგდიდის საკრებულომ 21 სხდომა გამართა. საკრებულოს 57 დადგენილებიდან 46 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ზუგდიდის მერია იყო, 11 დადგენილებისა კი -  საკრებულო; 
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 45 თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით მხოლოდ ერთმა - ირაკლი გოგოხიამ შეავსო; 
  • 2023 წელს საკრებულოს ფრაქციებმა ჯამში 27 წერილობითი ინიციატივა წარადგნეს, ცალკეულ შემთხვევაში ერთი ინიციატივით რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას ითხოვდნენ;
  • ფრაქციათა საქმიანობაზე გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 432,025 ლარი შეადგინა. აქედან  403,228 ლარი ხელფასებზე გაიცა;
  • საკრებულოს წევრი 14 ქალიდან თანამდებობას 7 იკავებს, მათ შორის სამი კომისიის თავმჯდომარეა, ერთი - ფრაქციის, სამი კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა;
  • 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტის პროექტებზე. არ შემუშავებულა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა;
  • საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სხდომების გაცდენის 210 ფაქტი დაფიქსირდა,  მათ შორის 163-ჯერ - არასაპატიო მიზეზით; საკრებულოს წევრები აცდენენ კომისიების სხდომებსაც. ჯამში გაცდენის 558 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 466 - არასაპატიო მიზეზით;
  • 2023 წელს ზუგდიდის საკრებულოს 45 წევრიდან როგორც სიტყვით, ასევე მოხსენებით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 11 წევრს. 
  • ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობაზე 2023 წელს 1,917,257 ლარი დაიხარჯა, რაც 615,027 ლარით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აქედან სახელფასო ანაზღაურებას 1,632,883  ლარი მოხმარდა;
  • საკრებულოს თავმჯდომარისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტი შემცირდა 700-დან 400 ლიტრამდე, მოადგილეებისა -  400-დან 350 ლიტრამდე; 2022 წლის ივნისიდან კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრებს სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები არ უნაზღაურდებათ.

 

print
ზუგდიდის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.