სტუდენტური კონკურსი: აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული მთავრობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სტუდენტური კონკურსი: აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული მთავრობა

11 აპრილი, 2013

      

       

ქვეყანაში აქტიური მოქალაქეობის წახალისების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს კონკურსს მოტივირებული სტუდენტებისთვის, ვისაც მოსწონთ აქტუალურ პრობლემებზე წერა და სურთ განივითარონ ხელისუფლების კონტროლის უნარ-ჩვევები.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ დაწერონ მცირე კვლევის ანგარიში, რომელშიც ისინი წარმოაჩენენ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ პრობლემას. კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ საკვლევი საკითხი და ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტი. შერჩეული საჯარო დაწესებულებიდან სტუდენტებმა უნდა მოიპოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც უნდა ამყარებდეს კვლევის მიგნებებს. შესაძლო საკითხებს შორისაა: შესაბამის სახელისუფლებო უწყებაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ნაკლებობა, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სადავო საბიუჯეტო პრიორიტეტები, თანხების არამიზნობრივად განკარგვა და სხვა.

ტრენინგი:

კონკურსში მონაწილე სტუდენტთათვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ექსპერტები გამართავენ ტრენინგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, კვლევის მიზნებისათვის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების გამოყენება და ბლოგის წერა. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ განაცხადი 25 აპრილამდე. ტრენინგამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ შეტყობინებას დეტალებით ადგილისა და დროის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დასრულებულია. დაინტერესებულ სტუდენტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ტრენინგში გამოყენებული მასალების ელექტრონულად გაგზავნა და/ან დამატებითი კონსულტაცია. 

მოთხოვნები:

საუკეთესო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ავტორის დამოკიდებულება საკითხისადმი და ხედვა პრობლემის გადასაწყვეტად უნდა იყოს მკაფიოდ გადმოცემული;
  • ნაშრომი უნდა ემყარებოდეს შერჩეული საჯარო დაწესებულების შესახებ სტუდენტის მიერ მოპოვებულ პირველად ინფორმაციას: ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ან წერილობით გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას – ინფორმაციის მოთხოვნისა და უწყების საპასუხო წერილების დასკანერებული ასლები ნაშრომს თან უნდა დაურთოთ;
  • არგუმენტების გასამყარებლად წყაროების მოყვანა შესაძლებელია, მაგრამ მათი წილი არ უნდა აღემატებოდეს ტექსტის 20%-ს;
  • ნაშრომი გამართული ენით უნდა იყოს დაწერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ანგარიში უნდა იყოს დაბეჭდილი 11-იანი შრიფტით და 1,15-იანი დაშორებით;
  • ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს;
  • დასაშვებია ცხრილებისა და გრაფიკების გამოყენება;
  • პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ნაშრომის ავტორი დისკვალიფიცირებული იქნება.

მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კვლევის ანგარიში უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: anticorruption@transparency.ge, წერილის subject-ის ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ტექსტი: აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული მთავრობა. ანგარიშების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი 10 ივნისი, 18:00 საათი.

გამოგზავნილი დოკუმენტის პირველი გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ავტორის სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი, ელფოსტა;
  • უნივერსიტეტის დასახელება და ფაკულტეტი;
  • ბაკალავრიატის/მაგისტრატურის პროგრამის შესაბამისი კურსი (სწავლების წელი).

დაჯილდოება:

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

  • 1-ელი ადგილი: აიპედი;
  • მე-2 და მე-3 ადგილი: ამაზონ ქინდლი.

საუკეთესო კვლევები, ავტორების ნებართვით, გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

შესაძლო დამატებითი რესურსები:

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: anticorruption@transparency.ge ან დაგვირეკეთ: (32) 292 14 03.