სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი 2013 – საქართველოს შედეგები
თბილისი, 1 თებერვალი, 2013 წელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – ბრიტანეთის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის (TI-DSP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ეროვნული ბიუროების თანამშრომლობის ფარგლებში 2013 წლის 29 იანვარს პირველად გამოქვეყნდა 82 ქვეყნის სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის შედეგები.
2013 წლის თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიხედვით, საქართველო ჯგუფ „D“-შია (კორუფციის მაღალი რისკი) მოქცეული, ანუ ექვსი კატეგორიიდან მეოთხე კატეგორიაში.
აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს მოხვედრა განაპირობა 2012 წლის განმავლობაში მისი თავდაცვის პოლიტიკის, ფინანსური რესურსებისა და პერსონალის მართვის, ოპერაციული და შესყიდვების პოლიტიკის ანალიზის შედეგებმა. კერძოდ:
თავდაცვის პოლიტიკა
საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ, რომელიც 2004 წელს დაიწყო, გარკვეული შედეგი მოიტანა ბიუროკრატიის დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის თვალსაზრისით, რაც გარკვეულწილად თავდაცვის სფეროსაც შეეხო. თუმცა თავდაცვის სიტემაში კვლავაც პრობლემად რჩება:
- მაღალი დონის, ელიტური კორუფცია და თავდაცვის სექტორის არასათანადო გამჭვირვალობა;
- არ არსებებს ეფექტური მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხს. თავდაცვის სამინისტრო მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თვით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც, მისი გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილია გასავრცელებლად.
- მიუხედაად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს თავდაცვის სფეროს ზედამხედველობის საკითხს, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები პრაქტიკულ საქმიანობად არ ქცეულა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმად არ ჩამოყალიბებულა.
- მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ბუჯეტი მუხლობრივად გაწერილია, იგი არ არის საკმარისად დეტალიზებული. მაგალითისთვის, მას აკლია ინფორმაცია იმ შემოსავლების შესახებ, რომელსაც სამინისტრო მთავრობის ასიგნებების გარდა ღებულობს.
- თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული აუდიტის დასკვნა არ არის საჯარო.
- საქართველო არის გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის და სხვა საერთაშორისო ანტიკორუფციული კონვენციების წევრი. და მაინც, მიუხედავად აშშ თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად გატარებული ერთობლივი ბირთვული იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო ინიციატივისა, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ საქართველოში ადგილი აქვს იარაღით უკანონო ვაჭრობას.
ფინანსური რესურსების მართვა
საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ნათლად განსაზღვრავს, რა შემთხვევებში უნდა ჩაითვალოს ინფორმაცია საიდუმლოდ, ყოველივე ეს საიდუმლო ხარჯებსაც ეხება, თუმცა ამ მიმართულებით შემდეგი პრობლემები იკვეთება:
- თავდაცვის ბიუჯეტში ხარჯის ასახვა მხოლოდ აგრეგირებული ფორმით ხდება და არ არსებობს საჯარო მონაცემი იმის შესახებ, თუ ეროვნული ბიუჯეტის რამდენ პროცენტს წარმოადგენს საიდუმლო ხარჯი, კანონით კი საიდუმლო მუხლებზე აუდიტის ჩატარება არ არის გათვალისწინებული.
პერსონალის მართვა
თავდაცვის სამინისტროში ანაზღაურების სისტემა დარეგულირებულია თანამდებობისა და სამხედრო ჩინების გათვალისწინებით. თუმცა აღნიშულ მიმართულებაში შემდეგი პრობლემები შეიმჩნევა. კერძოდ:
- სისხლის სამართლის კოდექსი და დისციპლინარული ნორმები შერჩევით გამოიყენება პერსონალის მიმართ;
- სისტემაში დაწინაურების პროცესის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ხშირად პოზიციაზე ნიშნავენ იმ ადამიანებს, რომლებიც მინისტრთან არიან დაახლოებულნი;
- იყო შემთხვევები, როცა ექიმები მოისყიდეს, რათა მათ დაეწერათ დასკვნა, რომლითაც ადამიანები თავს არიდებდნენ სამხედრო სამსახურს;
- არ არსებობს ე.წ. „მამხილებელთა“ დაცვის კანონით განსაზღვრული მექანიზმები.
ოპერაციული მიმართულება:
- საქართველოს სამხედრო დოქტრინაში კორუფციაა ნახსენებიც არაა;
- არ არსებობს იმის დასაბუთება, რომ პერსონალს ანტიკორუფციული ტრეინინგი ჩაუტარდათ.
შესყიდვების მართვა:
- შესყიდვების სააგენტოს მიერ ახალი ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვა ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა თავდაცვის სამინისტროს რიგი შესყიდვებისა ამ პლატფორმის გვერდის ავლით ხდება. გარდა ამისა:
- თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების ჩვეულებრივ პროცედურებს ხშირად გვერდს უვლის და ამას სხვა გამართლებას არ აძლევს გარდა „სახელმწიფო ინტერესისა“.
- ხშირად შესყიდვები ქაოტურად ხორციელდება რადგანაც არ არსებობს შესყიდვების სტრატეგია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთის.
- მთავრობსა ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ საკმაოდ ცოტა მოთხოვნა აქვს კორუფციის თავიდან ასაცილებლად.
- საქართველოს შედარებით მცირე ბიუჯეტის გამო, საქართველო სამხედრო განსაკუთრებით კი იარაღის შესყიდვებში პოლიტიკურ მოკავშირე ქვეყნებზე არის დამოკიდებული.
ინდექსის შესახებ
ინდექსი აანალიზებს და აფასებს თავდაცვის სფეროში კორუფციის რისკების შემცირების მიზნით მთავრობების მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ახალი ინდექსის თანახმად გამოკვლეული ქვეყნების 70% ვერ ებრძვის ეფექტურად კორუფციას თავდაცვის სექტორში. ინდექსმა ასევე აჩვენა, რომ კვლევაში შესული ქვეყნების ნახევარი არ აქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტს ან მხოლოდ არასრულ ინფორმაციას ასაჯაროებს.
კვლევაში შესული 82 ქვეყანა შედეგების მიხედვით 6 სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდა. პირველ ორ ჯგუფში შემდეგი ქვეყნები მოხვდა: ავსტრია, გერმანია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, შვედეთი, ტაივანი, ბრიტანეთი და აშშ. ამ ჯგუფებში მოხვედრა ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვის სექტორი მაღალი გამჭვირვალობითა და სექტორის ძლიერი ინსტიტუციონალურო მოწყობით გამოირჩევა. ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ბოლო „F“ ჯგუფი შემდეგმა ქვეყნებმა შეავსეს: კამერუნი, ანგოლა, ეგვიპტე, სირია, იემენი, ალჟირი.
მეტი ინფორმაცია ინდექსის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე: http://government.defenceindex.org/.
გადმოწერეთ: