სატელევიზიო არხები ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ასოცირებული კომპანიების მართვის ქვეშ ექცევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სატელევიზიო არხები ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ასოცირებული კომპანიების მართვის ქვეშ ექცევა

07 თებერვალი, 2012

უკანასკნელ დღეებში ქართული სატელევიზიო სფერო პოლიტიკურად კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს სულ მცირე ორი სატელევიზიო არხის მფლობელთა პოლიტიკურ კავშირები გვაძლევს.

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხის –  „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ –  მმართველი შპს „ალანია“ გახდა, რომელიც თავის მხრივ სახელისუფლებო ტელევიზია „რეგიონ TV”-ს მართავს. ეს არხი ფორმალურად “ალანიას” სახელითაა ცნობილი. ამჟამად „რეგიონ TV” „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ (კანალ პიკის) არხის სიგნალის რეტრანსლირებას ახორციელებს.

ამავდროულად, მილიარდერისა და ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ შეიძინა მაუწყებელი „იგრიკა“, რომელმაც სატელიტით მაუწყებლობის ნებართვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან 2011 წლის დეკემბერში მიიღო. იგრიკას ეთერში გაშვება გაზაფხულისათვის იგეგმება.

ტელევიზია საქართველოში პოლიტიკური დებატების ორგანიზებისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2011 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 88%-სათვის ტელევიზია ინფორმაციის მთავარი წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა ტელევიზიით მიიღოს მიუკერძოებელი ამბები, რეპორტაჟები და ანალიზი, განსაკუთრებით შემოდგომისთვის დაგეგმილი არჩევნების წინ.

„პირველი საინფორმაციო კავკასიური“ არხი (კანალ პიკი)

მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში რუსულენოვანმა მაუწყებელმა „რეგიონ TV”-მ „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ არხის ერთი წლით მართვის უფლება მიიღო. „კანალ პიკმა“ საინფორმაციო პროგრამების მაუწყებლობა 2011 წელს დაიწყო და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა. თავდაპირველად „კანალ პიკს“ რუსული ოპოზიციური რადიო „ეხო მოსკვის“ თბილისის კორესპოდენტის ეკატერინე კოტრიკაძისა და ბრიტანელი ჟურნალისტის, რობერტ პარსონის მიერ დაფუძნებული შპს "ქეი ერთი" მართავდა.  რობერტ პარსონმა მოგიანებით  „კანალ პიკი“ დატოვა  და მუშაობა „ფრანს 24“–ში განაგრძო. პარსონის გადაწყვეტილებამ „პიკის“ დატოვებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიტანა საკითხში, თუ რამდენად შეძლებდა მაუწყებელი საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვას.  „რეგიონ TV”-ს ოპერატორი შპს „ალანია“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც „კანალ პიკის“ მართვის უფლების მოსაპოვებლად ჩატარებულ ტენდერში  მონაწილეობა მიიღო და აღნიშნული საქმიანობისათვის 2012 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს მიიღებს.

„რეგიონ TV” და მისი წინამორბედი „ალანია“ წარსულში პოლიტიკური ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. ალანიამ მაუწყებლობა თბილისიდან 2005 წელს დაიწყო. და მისი რუსულენოვანი საინფორმაციო გადაცემების სამიზნე ჯგუფს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა წარმოადგენდა. გია ჭანტურია, რომელიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორია, რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია ალანიაში მუშაობდა. დამკვირვებლები ალანიას ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ„პრო-თბილისის“პროექტად მიიჩნევდნენ.  2008 წლამდე ტელევიზია ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა. მისი მფლობელობისა და დაფინანსების საკითხი კი საიდუმლოებით იყო მოცული, როგორც ეს IREX 2009 წლის ანგარიშშია აღნიშნული. 2010 წელს, როდესაც „პიკის“ წარუმატებელმა წინამორბედმა „პირველმა კავკასიურმა არხმა“ მაუწყებლობა დაიწყო, ტელეკომპანია „ალანია“  „რეგიონ TV”-ად გადაკეთდა.

„კანალ პიკის“ ამჟამინდელი მართველია შპს „ალანია“, რომლის დირექტორი ალექსანდრე ფარულავა სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიებში მუშაობდა, „მზისა“ და „კანალ პიკის“ ჩათვლით. ფარულავას მეუღლე ნინო შუბლაძე ტელეკომპანია რუსთავი2 საინფორმაციო სამსახურის უფროსია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად შპს „ალანიას“ მფლობელებს წარმოადგენენ მამუკა თათოშვილი (55%), გიორგი აღდგომელაძე (15 %), თამაზ გუდაძე (15%) და ნიკოლოზ ტაბიძე (15%). თათოშვილს, რომელიც  ალანია/რეგიონ TV-ს ყოფილი დირექტორია, ასევე საკაბელო მაუწყებელი „ჯი-ემ-სი“ ეკუთვნის, რომელმაც კომისიისაგან 2011 წლის 23 დეკემბერს მაუწყებლობის თაობაზე ლიცენზია მიიღო.

იგრიკა

იანვრის მეორე ნახევარში  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი "იგრიკა" ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილებაში მყოფი (80%) შპს “აქცეპტის” კონტროლის ქვეშ გადავიდა. ეკატერინე ხვედელიძემ განაცხადა, რომ მან შესაძლოა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. შპს “აქცეპტის” დარჩენილი 20% მფლობელია კახა კობიაშილი, რომელიც ივანიშვილის კუთვნილ რამოდენიმე კომპანიას განაგებს. ესენია:  „ქართულ ჰოლდინგი“ და „ჰოლდინგი ოცდამეერთე“. 2011 წელს აღნიშნულმა კომპანიებმა რამდენიმე მილიონი ლარი გადაურიცხა ოპოზიციურ პარტიებს.

„იგრიკას“ დამფუძნებული ტელეკომპანია “მაესტროს” ამჟამინდელი დირექტორი ბაჩო კიკაბიძე გახლავთ. „იგრიკამ“ ლიცენზიის თხოვნით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმე წლის წინ მიმართა. 2011 წლის სექტემბერში “იგრიკამ” მარეგულირებისაგან ჯერ საკაბელო, ხოლო დეკემბერში სატელიტით მაუწყებლობის ნებართვა მიიღო. მიუხედავად ამისა, გასული წლის დეკემბერში კიკაბიძის გადაწყვეტილებით „იგრიკა“ შპს „აქცეპტს“ 2013 წლის ბოლომდე მართვის უფლებით გადაეცა, ხოლო მოგვიანებით media.ge-ს თანახმად კომპანია „აქცეპტის“ საკუთრებაში 20 000 (ოცი ათასი) ლარად გადავიდა.  ივანიშვილის პრესმდივნის განცხადებით, ახალ ტელევიზიაში ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობით ისარგებლებენ.

თუმცა, არსებობს დიდი რისკი  იმისა, რომ მოსალოდნელი  საარჩევნო კამპანიის დროს მედია საშუალებებს, რომლებიც პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობენ, გაუჭირდებათ ნეიტრალური დამკვირებლის სტატუსის შენარჩუნება. მოსალოდნელია, რომ მედია საშუალებების ჟურნალისტები  თავიანთი საქმიანობისას თვითცენზურას განახორციელებენ ან რედაქტორების მიერ სარედაქციო ზეწოლის სუბიექტები გახდებიან.

მედია საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული მთავრობისა თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური მოთამაშის მიერ პროპაგანდის ინსტრუმენტად. თუმცა, საკუთრებასა და მართვასთან დაკავშირებული უკანასკნელი ცვლილებები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქართული სატელევიზიო სივრცე კიდევ უფრო დაუბალანსებელი გახდება.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

 

Author: მამუკა ანდღულაძე, მათიას ჰუთერი
Media