2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი

17 სექტემბერი, 2020

 

I. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 761 მლნ ლარით გაიზარდა და 7,661 მლნ ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა დამატებითი ვალების აღებამ განაპირობა. 6 თვეში მთავრობამ 2,541 მლნ ლარის ვალი აიღო. 30 ივნისის მდგომარეობით მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის დაახლოებით 49%-ია;
  • ეკონომიკის შემცირებამ და პანდემიის გამო დაწესებულმა საგადასახადო შეღავათებმა, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა 468 მლნ ლარით შეამცირა. ახალი გეგმა კი - 4,570 მლნ ლარი 100.4%-ით შესრულდა;
  • 6 თვის გადასახდელების გეგმა 6,978 მლნ ლარიდან 7,422 მლნ ლარამდე გაზარდა, თუმცა განახლებული გეგმა 92.9%-ით შესრულდა;
  • ხარჯებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 58.9%-ით ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადასაცემი გრანტების 6 თვის გეგმა შესრულდა, რაც თავის მხრივ, კაპიტალური ტრანსფერების გეგმის 45.9%-ით შესრულებამ განაპირობა;
  • 2020 წლის აპრილ-ივნისში 2019 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 10.7 მლნ ლარით გაიზარდა და 68.8 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურება 20.4 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიის გაკეთება მთავრობის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო;
  • მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეული ხარჯები 10.6 მლნ ლარით (49%-ით) შემცირდა და 10.9 მლნ ლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, საინტერესოა, აპრილი-ივნისის განმავლობაში, როდესაც ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდული იყო, რატომ და როგორ დაიხარჯა მივლინებებზე 11 მლნ ლარამდე;
  • ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში (96.9%) და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში (96.8%) დაფიქსირდა. ამავე დროს, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი 6 თვის გეგმა 1.5 მლნ ლარით გაიზადა, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის 456 მლნ ლარით;
  • ჯანდაცვის ხარჯების 6 თვის გეგმა 595 მლნ ლარიდან 737 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ვირუსის გავრცელებამ განაპირობა. გასული წლების მსგავსად, ისევ არასაკმარისი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა. 6 თვის თავდაპირველი გეგმა 89 მლნ ლარით გაიზარდა და 523 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი ერთ მილიარდ ლარს მიაღწევს, როცა წლიური გეგმით 802 მლნ ლარია გათვალისწინებული;
  • პანდემიისგან მიყენებულმა ზიანმა სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ხარჯვითი პროგრამების შექმნა განაპირობა. პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2020 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 460 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 370 მლნ ლარი დაიხარჯა;
  • პანდემიის გამო ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს (452 მლნ ლარით) და ეკონომიკის სამინისტროს (19.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა გაიზარდა, ყველაზე მეტად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (47.4 მლნ ლარით) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (37.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა შემცირდა;
  • მაღალბიუჯეტიანი პროგრამებიდან აღსანიშნავია COVID-19-ის შედეგად უმუშევრად დარჩენილთათვის ფულადი დახმარების პროგრამის 6 თვის გეგმის 57.3%-ით შესრულება, რომელზეც მეორე კვარტალში 130 მლნ ლარი იყო გამოყოფილი;
  • 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2020 წლის 6 თვეში ბიუჯეტის ხარჯები 869 მლნ ლარით გაიზარდა, საიდანაც 631 მლნ ლარი სოციალური ხარჯების ზრდაზე მოდის. 35 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯი.

რეკომენდაციები:

  • მიუხედავად განახლებული გეგმებისა, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობამ არააუცილებელი ხარჯები ეკონომიურად გაწიოს და დაზოგილი თანხა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ბიზნესის საგადასახადო შეღავათებს მოახმაროს;
  • პრობლემად რჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რომლის გადაწყვეტა აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის ზრდის მიზნით აუცილებელია;
  • მთავრობის ვალის მოცულობა კრიტიკულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს უახლოვდება. შესაბამისად, მთავრობამ წელს მოზიდული საგარეო დახმარების ნაწილი 2021 წელს უნდა დახარჯოს და მომავალ წლებში მთავრობის ვალის შემცირების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

II. შესავალი

COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს, გაიზარდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ხარჯები. 24 ივნისს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში მასშტაბური ცვლილება შევიდა, რომლის შედეგადაც 2020 წლისთვის ფაქტობრივად ახალი, ე.წ. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მივიღეთ. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის ანალიზი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უკვე გამოაქვეყნა.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების პარალელურად ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 6 თვის (იანვარ-ივნისი) შემოსავლების და ხარჯების პროგრამული გეგმებიც შეცვალა. შესაბამისად, ივნისის ბოლოს შეცვლილი გეგმიური მაჩვენებლები წლის პირველი ნახევრის ფაქტობრივ მაჩვენებლებს მაქსიმალურად დაუახლოვდა. აქედან გამომდინარე, შეცვლილი გეგმების შესრულებაზე გაცილებით საინტერესოა, ვნახოთ, პანდემიამ რა გავლენა მოახდინა 2020 წლის თავდაპირველი ბიუჯეტის (2019 წლის დეკემბერში დამტკიცებულის) შემოსავლების და ხარჯების 6 თვის გეგმაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები შეისწავლა და აღმოჩენილ ნაკლოვანებებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება საბიუჯეტო პოლიტიკას უფრო მდგრადს და ეფექტიანს გახდის.

III. ბიუჯეტის შემოსულობები[1]

საქართველოს მთავრობა 2020 წლისთვის ეკონომიკის 4%-ით კლებას პროგნოზირებს. „კორონავირუსის” გავრცელებამდე მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5% იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის”) წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა. თუ კვარტლების მიხედვით ვნახავთ, იანვარ-მარტში ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო აპრილ-ივნისში 12.6%-ით შემცირდა.

ეკონომიკის შემცირებამ და პანდემიის გამო დაწესებულმა გარკვეულმა დროებითმა საგადასახადო შეღავათებმა, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა 468 მლნ ლარით შეამცირა. ახალი გეგმა - 4,570 მლნ ლარი 100.4%-ით შესრულდა. ყველაზე მეტად - 357 მლნ ლარით დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) მეორე კვარტლის გეგმა შემცირდა.

6 თვის გრანტების გეგმა 8 მლნ ლარით შემცირდა და 46 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა გაზრდილი საგარეო დახმარებების ფონზე 6 თვეში ბიუჯეტმა 77 მლნ ლარის გრანტი მიიღო და გეგმა 169%-ით შესრულდა.

ბიუჯეტის სხვა შემოსავლების 6 თვის გეგმა 136 მლნ ლარით გაიზარდა და 393 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის ბიუჯეტში ასახვამ განაპირობა. სხვა შემოსავლების განახლებული გეგმა 106.9%-ით შესრულდა.

არაფინანსური აქტივების კლების, იგივე პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 1.5 მლნ ლარით შემცირდა და 56.5 მლნ ლარი შეადგინა. განახლებული გეგმა 101.2%-ით შესრულდა.

ფინანსური აქტივები კლების, ანუ წინა წლებში გასესხებული თანხების დაფარვის 6 თვის გეგმა 8.4 მლნ ლარით შემცირდა და 54.3 მლნ ლარი შეადგინა. განახლებული გეგმა 146%-ით შესრულდა, 79 მლნ ლარის სესხი დაიფარა.

შემოსულობები მოიცავს მთავრობის მიერ ვალის აღებასაც. შემოსავლების შემცირების და ხარჯების ზრდის გამო, მთავრობამ 2020 წელს ასაღები ვალის მოცულობა 2.6-ჯერ გაზარდა. მთავრობა 2020 წელს სულ 8 მილიარდი ლარის ვალს აიღებს. გაიზარდა ვალის აღების 6 თვის გეგმაც. თავდაპირველი ბიუჯეტით 6 თვეში 1,430 მლნ ლარის ვალის აღება იყო გათვალისწინებული, განახლებული გეგმით კი მილიარდ ლარზე მეტით, 2,541 მლნ ლარამდე გაიზარდა. ახალი გეგმა 112%-ით შესრულდა.

საბოლოო ჯამში, შემოსულობების 6 თვის გეგმა 761 მლნ ლარით გაიზარდა და 7,661 მლნ ლარი შეადგინა. განახლებული გეგმა 104.6%-ით შესრულდა, ბიუჯეტმა დაგეგმილზე 349 მლნ ლარით მეტი მიიღო.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის შემოსულობები 2.2 მილიარდი ლარით გაიზარდა, ზრდა მეტი ვალის აღებამ განაპირობა.

IV. ბიუჯეტის გადასახდელები[2]

პანდემიის გამო გაზრდილმა ხარჯებმა ბიუჯეტის 6 თვის გადასახდელების გეგმა 6,978 მლნ ლარიდან 7,422 მლნ ლარამდე გაზარდა, თუმცა განახლებული გეგმა 92.9%-ით შესრულდა და ფაქტიურად 6,897 მლნ ლარი დაიხარჯა.

გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლის - ხარჯების 6 თვის გეგმა 589 მლნ ლარით გაიზარდა და 5,944 მლნ ლარი შეადგინა. ფაქტიურად კი 5,466 მლნ ლარი დაიხარჯა და გეგმა 92%-ით შესრულდა.

ხარჯებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 58.9%-ით ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადასაცემი გრანტების 6 თვის გეგმა შესრულდა, რაც თავის მხრივ, კაპიტალური ტრანსფერების გეგმის 45.9%-ით შესრულებამ განაპირობა.

დაბალი შესრულების მაჩვენებლით გამოირჩევა ასევე საქონლის და მომსახურების შეძენის 6 თვის გეგმა. თავდაპირველი გეგმა 43 მლნ ლარით გაიზარდა და 748 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა ფაქტიურად 625 მლნ ლარი დაიხარჯა და გეგმა 83.5%-ით შესრულდა.

საინტერესოა საქონლის და მომსახურების შესაძენად გაწეული ხარჯების ჩაშლილად ნახვა, რადგან ეს სწორედ ის ხარჯებია, რაზეც პანდემიას მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა, განსაკუთრებით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში.

2020 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი), 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 10.7 მლნ ლარით გაიზარდა და 68.8 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა იყო პირველ კვარტალშიც  - 9.6 მლნ ლარით. ჯამში, მიმდინარე წლის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურება 20.4 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიის გაკეთება მთავრობის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეული ხარჯები 10.6 მლნ ლარით (49%-ით) შემცირდა და 10.9 მლნ ლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, საინტერესოა, აპრილი-ივნისის განმავლობაში, როდესაც ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი იყო, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდული იყო, რატომ და როგორ დაიხარჯა მივლინებებზე 11 მლნ ლარამდე. იანვარ-მარტში მივლინების ხარჯები 2.5 მლნ ლარით შემცირდა და 15.5 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინების ხარჯებმა 26.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე 13.1 მლნ ლარით (33%-ით) ნაკლებია.

მნიშვნელოვნად შემცირდა ტრანსპორტის, ტექნიკისა და სამხედრო იარაღის  მოვლა-შენახვის ხარჯები. 2019 წლის 6 თვეში ამ მიმართულებით 66.4 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო წელს 20.3 მლნ ლარით ნაკლები - 46.1 მლნ ლარი. 6 თვეში 48%-ით შემცირდა და 4.8 მლნ ლარი შეადგინა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა, რაც ძირითადად უცხოელ სტუმრებზე გამასპინძლებას მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილი დისტანციურად მუშაობდა, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ოფისის ხარჯები მხოლოდ 3.6 მლნ ლარით (7.2%-ით) შემცირდა.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში (96.9%) და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში (96.8%) დაფიქსირდა. ამავე დროს, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი 6 თვის გეგმა 1.5 მლნ ლარით გაიზადა, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის 456 მლნ ლარით.

სოციალური უზრუნველყოფის 6 თვის გეგმის 456 მლნ ლარით ზრდა „კორონავირუსით” გამოწვეული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე გამოყოფილმა 170 მლნ ლარმა, მოწყვლადი ჯგუფებისათვის ფულადი დახმარების სახით გამოყოფილმა 38 მლნ ლარმა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების სახით გამოყოფილმა 25 მლნ ლარმა და უმუშევრად დარჩენილთათვის გამოყოფილმა 130 მლნ ლარმა განაპირობა.

ცალკე აღებული ჯანდაცვის ხარჯების 6 თვის გეგმა 595 მლნ ლარიდან 737 მლნ ლარამდე გაიზარდა. ჯანდაცვის პროგრამებს დაემატა „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ პროგრამა, რომელზეც იანვარ-ივნისში 55 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტიურად კი 40 მლნ დაიხარჯა.

გასული წლების მსგავსად, ისევ არასაკმარისი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა. 6 თვის თავდაპირველი გეგმა 434 მლნ ლარი იყო, რომელიც 89 მლნ ლარით გაიზარდა 523 მლნ ლარი შეადგინა. ფაქტიურად კი 522 ლარი დაიხარჯა. 2020 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წლიური დაფინანსება 757 მლნ ლარიდან 802 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა ეს ზრდაც არ იქნება საკმარისი, რადგან 31 აგვისტოს მდომარეობით 690 მლნ ლარია დახარჯული. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი სავარაუდოდ მილიარდ ლარს მიაღწევს.

გადასახდელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, არაფინანსური აქტივების ზრდის, იგივე კაპიტალური ხარჯების 6 თვის გეგმა 118 მლნ ლარით შემცირდა და 826 მლნ შეადგინა. განახლებული გეგმა 99%-ით შესრულდა.

ფინანსური აქტივების 6 თვის გეგმა 318 მლნ ლარით გაიზარდა. ზრდა ბიუჯეტის ნაშთზე თანხის დაგროვებამ განაპირობა. თუმცა, დიდი მოცულობით საგარეო დახმარებების მიღების გამო ნაშთი დაგეგმილზე თითქმის 5-ჯერ მეტად გაიზარდა და ფინანსური აქტივების 6 თვის გეგმა 303%-ით შესრულდა.

გადასახდელების ბოლო მუხლი მთავრობის ვალის ძირის დაფარვაა. თავდაპირველად, 6 თვეში 506 მლნ ლარის ვალის დაფარვა იყო დაგეგმილი. გეგმა 480 მლნ ლარამდე შემცირდა და 99.6%-ით შესრულდა.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის ხარჯები 869 მლნ ლარით გაიზარდა. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი, რომელიც პენსიას, სოციალურ დახმარებას და ჯანდაცვის ხარჯებს მოიცავს 631 მლნ ლარით გაიზარდა. ადმინისტრაციული ხარჯები 60 მლნ ლარით გაიზარდა, მათ შორის, 35 მლნ ლარით გაიზარდა გაცემული შრომის ანაზღაურება და 25 მლნ ლარით გაიზარდა საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯი. კაპიტალურ პროექტებზე (არაფინანსური აქტივების ზრდა) 36 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა.

V. ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი[3] 924 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი. განახლებული გეგმით 2,061 მლნ ლარამდე გაიზარდა, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 2,308 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის ზრდა ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულმა შემოსავლების კლებამ და ხარჯების ზრდამ განაპირობა.

2020 წლისთვის 12 თვის ბიუჯეტის დეფიციტი 7 მილიარდი ლარის დონეზეა დაგეგმილი. შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში, ბიუჯეტის ხარჯების სრულად ათვისების შემთხვევაში, დეფიციტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე წლის პირველ ნახევარში, რაც სხვა თანაბარ პირობებში, გარკვეულ მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას შეუწყობს ხელს განსაკუთრებით გამოწვევაა ფასების სტაბილურობის და ლარის კურსის მხრივ.

2019 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ვალი 20.6 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 41.3%-ს შეადგენდა. 2020 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 49%-ია. სახელმწიფო ვალის ზრდა ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად დამატებითი ვალდებულებების აღებამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. 2019 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 5.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (2.87) 15.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 5.9 მილიარდი დოლარი იყო, ლარში გამოსახული კი 18  მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2020 წლის 6 თვეში მთავრობის საშინაო ვალი 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა.

2020 წლის ბოლომდე მთავრობა 8 მილიარდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთ მილიარდი ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზრდება და 27.6 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% იქნება (კანონით დაშვებულია 60%). 2020 წელს აღებული ვალიდან 2.5 მილიარდ ლარს მთავრობა მიმდინარე წელს არ დახარჯავს.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

VI. „კორონავირუსით” გამოწვეული ახალი საბიუჯეტო პროგრამები

პანდემიისგან მიყენებულმა ზიანმა სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ხარჯვითი პროგრამების შექმნა განაპირობა. პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2020 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 460 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტიურად კი 370 მლნ ლარი დაიხარჯა.

წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეული ყველაზე მსხვილი პროგრამა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო, რომელზეც 173 მლნ ლარი გამოიყო და გეგმა 99.8%-ით შესრულდა. აპრილ-მაისში 130 მლნ ლარი გამოიყო პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთათვის კომპენსაციის გასაცემად, თუმცა ფაქტიურად 74.5 მლნ ლარი დაიხარჯა, გეგმა 57.3%-ით შესრულდა.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

VII. უწყებები და პროგრამები, რომელთა ხარჯები პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა

2020 წლის პირველ ნახევარში პანდემიამ სახელმწიფო უწყებების ხარჯებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში გასაწევი ხარჯების გეგმებიც შეიცვალა. გეგმები ძირითადად შემცირების მიმართულებით შეიცვალა, თუმცა ოთხი უწყების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ესენია: ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო.

პირველ რიგში, აღსანიშნავია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის 6 თვის გეგმა 451 მლნ ლარით გაიზარდა. 19.6 მლნ ლარით გაიზარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 6 თვის გეგმა. ერთ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროში შემავალ სსიპ-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მოაკლდა მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 15 მლნ ლარი, მაგრამ ამავე დროს ეკონომიკის სამინისტროს საკარანტინე სივრცეების დაქირავების 39 მლნ ლარიანი პროგრამა დაემატა.

ყველაზე მეტად - 47.4 მლნ ლარით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 6 თვის გეგმა შემცირდა, რაც კაპიტალური ხარჯების  კლებამ განაპირობა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 6 თვის გეგმა 37.6 მლნ ლარით შემცირდა, რაც კულტურული და სპორტული ღონისძიებების პროგრამებში ეკონომიამ განაპირობა.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

პროგრამული კუთხით, ყველაზე მეტად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის 6 თვის გეგმა გაიზარდა - 45 მლნ ლარით. 5.2 მლნ ლარით გაიზარდა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის 6 თვის გეგმა.

22.8 მლნ დოლარით შემცირდა რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამის - წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამის 6 თვის გეგმა. ამავე სამინისტროს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებების პროგრამის 6 თვის გეგმა 19.4 მლნ დოლარით შემცირდა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა კულტურული და სპორტული პროგარმების 6 თვის გეგმები.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

VIII. შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

საქართველოში COVID-19 გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა გარკვეული ეკონომიის გაკეთება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების კვარტალური გეგმები ივნისიდან შეიცვალა, მარტიდან უკვე შეჩერდა ისეთ საქონლის და მომსახურების შეძენა, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო. უწყებებს 6 თვის გეგმის შესრულების დაბალი მაჩვენებელი საქონლის და მომსახურების შესყიდვის და არაფინანსური აქტივების ზრდის (კაპიტალური ხარჯები) მუხლებში აქვთ.

მხარჯავი დაწესებულებებიდან 6 თვის გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დახარჯა - გეგმის 54.8%. შემდეგ მოდის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი გეგმის 59%-იანი შესრულებით.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 თვეში დასახარჯი თანხის 63.6% დახარჯა. კერძოდ, არჩევნების ჩატარების ღონისძიებების პროგრამაზე გამოყოფილი 5.3 მლნ ლარიდან 502 ათასი ლარი დაიხარჯა. მათ შორის, საქონლის და მომსახურების შეძენაზე გათვალისწინებული 3.9 მლნ ლარიდან 153 ათასი ლარი დაიხარჯა.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ცხრილი 6-ში მოცემულია ის პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლების 6 თვის გეგმა 60%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა. 0%-ით შესრულდა ანუ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა 3 პროგრამაზე, ესენია: სახელმწიფო კლინიკების მართვა, ბათუმის ავტობუსების პროექტი და თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი.

მაღალბიუჯეტიანი პროგრამებიდან აღსანიშნავია COVID-19-ის შედეგად უმუშევრად დარჩენილთათვის ფულადი დახმარების პროგრამის 6 თვის გეგმის 57.3%-ით შესრულება, რომელზეც 130 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

 


[1] შემოსულობები არის შემოსავლების, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების და ახალი ვალის აღების ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.

[2] გადასახდელები არის ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები ზრდის და ადრე აღებული ვალის დაფარვის ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები  მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად ადმინისტრაციულს, სოციალურს, განათლების და ა.შ.

[3] საქართველოს კანონმდებლობით ბიუჯეტის დეფიციტი არის ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო. რადგან მთლიანი სალდო სრულად არ მოიცავს შემოსავლებს და ხარჯებს, წარმოდგენილ ანგარიშში, ბიუჯეტის დეფიციტში იგულისხმება ვალდებულებების ცვლილება, ანუ სულ რამდენი თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რომელიც ახალი ვალის აღებით დაფინანსდა.