ENG

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზი

16 ივნისი, 2020

 

COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა. გთავაზობთ ამ პროექტის ანალიზს და რეკომენდაციებს.

ძირითადი მიგნებები

  • მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. „მსოფლიო ბანკი” საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იან კლებას პროგნოზირებს. ჩვენს რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი შეფასებით, ეკონომიკის 4%-იანი კლება ოპტიმისტური მოლოდინია;
  • 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3.9 მლრდ ლარით იზრდება და 18.4 მლრდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის ნაწილი ხდება StopCoV ფონდში მობილიზებული 133.5 მლნ ლარი, რაც, სწორი გადაწყვეტილებაა. ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლები 1.5 მლრდ ლარით მცირდება, რაც ეკონომიკის შემცირებით და საგადასახადო შეღავათების დაწესებით არის განპირობებული;
  • მოქმედ ბიუჯეტში 547 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდა. მთავრობას მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო. მსხვილი თანხები დაიზოგა მხოლოდ იმ პროგრამებიდან, რომელთა განხორციელება რეალურად პანდემიამ შეაფერხა და გამოყოფილი თანხების ათვისება ვეღარ მოხდებოდა. ყველაზე მეტად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (251 მლნ ლარით), განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (128 მლნ ლარით) და თავდაცვის სამინისტროს (75 მლნ ლარით) ხარჯები მცირდება;
  • 1.5 მლრდ ლარით იზრდება და 15.9 მლრდ ლარს მიაღწევს ბიუჯეტის გადასახდელები. 1 მლრდ ლარით იზრდება სოციალურ ხარჯები და ჯამში ამ მიმართულებით 5.3 მლრდ ლარი დაიხარჯება;
  • სამი სამინისტროს ხარჯები ჯამში 1.7 მლრდ ლარით იზრდება. ესენია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (1,152 მლნ ლარით), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (458 მლნ ლარით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (128 მლნ ლარით).
  • ადმინისტრაციული ხარჯები 115 მლნ ლარით იზრდება და 3 მლრდ ლარზე მეტი იქნება. შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 22 მლნ ლარით მცირდება, მაგრამ 137 მლნ ლარით იზრდება საქონლის და მომსახურების შეძენის ხარჯი. ზრდა პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა.
  • 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ 8.4%-ია. მოქმედ ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 3.2%-ია.
  • 2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წლის ბოლოს მთავრობის ვალი 27.6 მლრდ ლარს, პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% მიაღწევს. 2020 წელს აღებული ვალიდან 2.5 მლრდ ლარს მთავრობა წელს არ დახარჯავს. აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ნაშთზე დაირიცხება;
  • მთავრობა გეგმავს დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსოს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაა. მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა.

რეკომენდაციები

  • მთავრობამ ეკონომიკური ზრდის და ბიუჯეტის ალტერნატიული სცენარები უნდა წარმოადგინოს. რაც გულოსხმობს იმას, რომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შეიცვლება ბიუჯეტი, თუ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ზე მეტად შემცირდება;
  • მთავრობამ მოქმედი ბუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა უნდა დაზოგოს. პირველ რიგში, ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს. მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი გეგმა, თუ რა თანხაა გათვალისწინებული 2020 წელს მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, შტატგარეშედ დასაქმებულებზე, ავეჯის, საწვავის და სხვა საქონლის და მომსახურების შეძენაზე;
  • მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების ნაწილის აუცილებლობა კითხვებს აჩენს. პირველ რიგში ეს ეხება იპოთეკური სესხების დაფინანსების პროგრამას. როდესაც უმუშევრად დარჩენილების ნაწილმა საერთოდ თანხა ვერ მიიღო, ან სოციალურად დაუცველებს სათანადოდ ვერ ვეხმარებით, რატომ ვუფინანსებთ საშუალო და მაღალშემოსავლიან მოსახლეობას სახლების ყიდვას;
  • ბანკების სუბსიდირებაზე უარის თქმით, მთავრობას 600 მლნ ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება შეუძლია. მაშინ, როდესაც მთავრობის ვალი დაშვებულ ზღვარს უახლოვდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღდეგ, მთავრობამ არ უნდა დაასუბსიდიროს ბანკები და არ უნდა შეითავსოს ეროვნული ბანკის ფუნქცია, რაც ბანკებისთვის გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდებაში გამოიხატება;
  • აუცილებელია ბიუჯეტის რეალური დეფიციტისა და მთავრობის ვალის ტვირთის შემცირება, რათა ქვეყანა უფრო მდგრადი გახდეს მოსალოდნელი, თუ მოულოდნელი ეკონომიკური გართულებების წინაშე.

1.    მაკროეკონომიკური გარემო

საქართველოს „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ცვლილების პროექტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლისთვის ეკონომიკის 4%-ით კლებას პროგნოზირებს. კორონავირუსის გავრცელებამდე მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5% იყო. 2020 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) არ შემცირდება და 50 მლრდ ლარის დონეზე შენარჩუნდება, რადგან რეალური ეკონომიკის 4%-ით შემცირების პარალელურად ფასების დონე (დეფლატორი) 4.8%-ით გაიზრდება. „მსოფლიო ბანკი” 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იანი კლებას პროგნოზირებს. იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა, რაც ძირითადად აპრილში დაფიქსირებულმა 16.6%-იანმა კლებამ განაპირობა.

2020 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ლარის დოლარის მიმართ გაცვლით საორიენტაციო კურსად 2.98 არის აღებული. მთავრობის პროგნოზით, ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2020 წელს 4 534 აშშ დოლარამდე შემცირდება (2019 წელს 4 764 აშშ დოლარ იყო). წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3.5%-ია, ექსპორტი 6%-ით შემცირდება, ხოლო იმპორტი 2%-ით გაიზრდება.

2021 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 4%-ით, ხოლო ექსპორტის 9.5%-ით ზრდას პროგნოზირებს.

2.    სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები1

ძირითადი მიგნებები:

2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3.9 მლრდ ლარით იზრდება და  18.4 მლრდ ლარს მიაღწევს;

ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლები 1.5 მლრდ ლარით მცირდება, რაც ეკონომიკის შემცირებით და საგადასახადო შეღავათების დაწესებით არის განპირობებული;

ბიუჯეტში მოზიდული გრანტები 316 მლნ ლარით იზრდება, რომლის წყაროც ევროკავშირია;

ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 155 მლნ ლარით იზრდება, რასაც ძირითადად StopCoV ფონდში მობილიზებული 133.5 მლნ ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვა განაპირობებს;

პრივატიზაციის გეგმა 40 მლნ ლარით მცირდება და 90 მლნ ლარს შეადგენს.

2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 18.4 მლრდ ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის მოქმედი ბიუჯეტის შემოსულობებზე 3.9 მლრდ ლარით მეტია, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობებს 5.2 მლრდ ლარით (28%-ით) აღემატება.

ცალკე აღებული შემოსავლები, რომელიც გადასახადებს, გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს, ბიუჯეტის ცვლილების შედეგად მილიარდი ლარით ნაკლები იქნება, ვიდრე მოქმედი ბიუჯეტის მიხედვით უნდა ყოფილიყო.  2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით კი, იგი 462 მლნ ლარით ნაკლებია.

საგადასახო შემოსავლების შემდეგ, ბიუჯეტის შემოსულობების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო სახელმწიფო ვალის აღება იქნება. წელს მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს. ერთი წელში აღებული ვალის მიხედვით, ეს საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელია. მაგალითად, 2019 წელს ქვეყანამ 3 მლრდ ლარის ვალი აიღო.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ეკონომიკური კრიზისის და ახალი  საგადასახადო შეღავათების გამო, 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით, ყველაზე მეტად - 1.5 მლრდ ლარით საგადასახადო შემოსავლები მცირდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადიდან (დღგ) მისაღები შემოსავალი მცირდება 644 მლნ ლარით;
  • საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლები მცირდება 425 მლნ ლარით, საიდანაც 230 მლნ ლარის შემცირება საგადასახადო შეღავათის დაწესებით არის გამოწვეული;
  • მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები მცირდება 130 მლნ ლარით;
  • აქციზის, იმპორტის და სხვა გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები ჯამში 285 მლნ ლარით მცირდება.

2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით, მოზიდული გრანტები 316 მლნ ლარით იზრდება. ზრდა სრულად მოდის ევროკავშირისგან დამატებით მოზიდულ 330 მლნ ლარზე. საინვესტიციო გრანტები იზრდება 1 მლნ ლარით, ხოლო სსიპ-ების მიერ ბიუჯეტში შესატანი თანხები (რომელიც გრანტად კლასიფიცირდება) 15 მლნ ლარით მცირდება.

ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 155 მლნ ლარით იზრდება და 675 მლნ ლარს გაუტოლდება. ზრდას ძირითადად StopCoV ფონდში მობილიზებული 133.5 მლნ ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვა განაპირობებს. StopCoV ფონდის ბიუჯეტში შეტანა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ფონდიდან თანხის ხარჯვაზე გამჭვირვალობის და ანგარიშვადებულების ის სტანდარტები გავრცელდება, რაც ზოგადად საბიუჯეტო ხარჯებზე ვრცელდება. სხვა შემოსავლების ზრდას ასევე განაპირობებს მოზიდული დაფინანსების დეპოზიტებზე განთავსების შედეგად მიღებული 54 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალი.

პრივატიზაციის გეგმა 40 მლნ ლარით მცირდება და 90 მლნ ლარს შეადგენს. მთავრობის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებზე ადრე გაცემული სესხების უკან დაბრუნების გეგმა 50 მლნ ლარით მცირდება და 80 მლნ ლარია.

3.    ბიუჯეტის გადასახდელები2

ძირითადი მიგნებები:

1.5 მლრდ ლარით იზრდება და 15.9 მლრდ ლარს მიაღწევს ბიუჯეტის გადასახდელები, საიდანაც ყველაზე მეტი წილი - 1 მლრდ ლარი სოციალურ ხარჯებზე მოდის. სოციალური მიმართულებით ჯამში 5.3 მლრდ ლარი დაიხარჯება;

სოციალური დაცვის ხარჯის ზრდა ყველაზე მეტად - 525 მლნ ლარით, უმუშევრად დარჩენილებისთვის გამოყოფილმა დახმარებამ განაპირობა;

ჯანმრთელობის დაცვის ხარჯი 393 მლნ ლარით იზრდება. მათ შორის, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები 285 მლნ ლარით იზრდება;

ეკონომიკის სამინისტროს ხარჯები 485 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 330 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად მიემართება;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები 485 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 69 მლნ ლარი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდება;

ადმინისტრაციული ხარჯები 115 მლნ ლარით იზრდება და 3 მლრდ ლარზე მეტი იქნება. შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 22 მლნ ლარით მცირდება, მაგრამ 137 მლნ ლარით იზრდება საქონლის და მომსახურების შეძენის ხარჯი. 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 308 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯი 100 მლნ ლარით იზრდება;

მოქმედ ბიუჯეტში 547 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდა, საიდანაც 454 მლნ ლარი 3 სამინისტროზე მოდის: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო;

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად რჩება და კვლავ 112,214 ადამიანი იქნება დასაქმებული;

2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 15.9 მლრდ ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის მოქმედი ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.5 მლრდ ლარით მეტია, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელებს 2 მლრდ ლარით (15%-ით) აღემატება.

ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, მიმდინარე ხარჯები 1.7 მლრდ ლარით იზრდება, საიდანაც ყველაზე მეტი წილი - 1 მლრდ ლარი სოციალურ ხარჯებზე მოდის. ამ მიმართულებით ჯამში 5.3 მლრდ ლარი დაიხარჯება.

პანდემიიდან გამომდინარე ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯი ჯამში 2 მლრდ ლარს შეადგენს. თუმცა, მოქმედი ბიუჯეტის ხარჯები 547 მლნ ლარით (5%-ით) მცირდება და საბოლოოდ, ბიუჯეტის დამატებთი ტვირთი 1.5 მლრდ ლარამდეა. 547 მლნ ლარით ხარჯების შემცირებიდან 200 მლნ ლარამდე მიმდინარე ხარჯების შემცირებაზე მოდის, ხოლო 347 მლნ - კაპიტალურ ხარჯებზე.

მოქმედი ბიუჯეტიდან ეკონომია შემდეგმა უწყებებმა გააკეთეს:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 251 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 128 მლნ ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 75 მლნ ლარი
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 26.6 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 15 მლნ ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 12 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 10 მლნ ლარი
  • საერთო სასამართლოები - 8 მლნ ლარი
  • პარლამენტი - 4 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3 მლნ ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 1 მლნ ლარი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 750 ათასი ლარი
  • სხვა უწყებები ერთად - 12.6 მლნ ლარი

ეკონომიის 83% სამ უწყებაზე მოდის: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე და თავდაცვის სამინისტროზე.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 117 მლნ ლარით ამცირებს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ხარჯებს, საიდანაც 86 მლბ ლარი ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაზე მოდის. 50 მლნ ლარით მცირდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ხარჯები. 44 მლნ ლარით მცირდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 53 მლნ ლარს სპორტის დაფინანსების პროგრამებიდან ზოგავს, 21 მლნ-ს კულტურის დაფინანსებიდან, 20 მლნ-ს ზოგადი განათლების რეფორმის და  მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფიდან, 18 მლნ-ს ინფრასტრუქტურის განვითარებიდან, 9 მლნ-ს კი უმაღლესი და პროფესიული განათლებიდან.

თავდაცვის სამინისტრო 15 მლნ ლარს მიმდინარე ხარჯებიდან ზოგავს, ხოლო 60 მლნ-ს კაპიტალური ხარჯებიდან, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო პროდუქციის შეძენა. მათ შორის, საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის დროებით შეჩერება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც შრომის ანაზღაურების და საქონლის და მომსახურების შესყიდვების ხარჯებს მოიცავს, 115 მლნ ლარით (4%-ით) იზრდება და 3,065 მლნ ლარი იქნება. ცალკე აღებული შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 22 მლნ ლარით (1.4%-ით) მცირდება, მაგრამ 137 მლნ ლარით (10%-ით) იზრდება საქონლის და მომსახურების შეძენა. ეს ზრდა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვებთანაა დაკავშირებული. 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 308 მლნ ლარით (11%-ით) იზრდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პანდემიური სიტუაცია საქონლის და მომსახურების ხარჯებს 195 მლნ ლარით ზრდის. აქედან, 44 მლნ საკარანტინე სივრცეების მომსახურების ანაზღაურებაა, ხოლო 151 ჯანდაცვის დამატებითი ხარჯებია (ტესტები, პირადი დაცვის საშუალებები და ა.შ.).

ბიუჯეტით ცვლილებით საქონლის და მომსახურების ხარჯების 137 მლნ ლარით ზრდა კითხვებს აჩენს, რადგან ეს სწორედ იმ სახის ხარჯებია, სადაც მთავრობას მნიშვნელოვანი ეკონომია უნდა გაკეთებინა. მითუმეტეს, დისტანციურად მუშაობის რამდენიმე თვიან პერიოდში ტრანსპორტირების და საოფისე ხარჯები, ასევე სამივლინებო ხარჯები ავტომატურად იზოგებოდა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2019 წელს საქონლის და მომსახურების მუხლიდან 81 მლნ ლარი მივლინებებზე დაიხარჯა, 22.6 მლნ წარმომადგენლობითი ხარჯი, ხოლო 199 მლნ ლარი საოფისე ხარჯი იყო. ამავე მუხლიდან, 242 მლნ ლარი შტატგარეშედ დასაქმებულებზე დაიხარჯა. შტატგარეშედ დასაქმებულების ასეთი მაღალი ხარჯი ცალკე პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ნეპოტიზმის რისკების კუთხით.

2019 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯი 100 მლნ ლარით იზრდება, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი რჩება და  112,214 ადამიანი იქნება დასაქმებული. 2020 წლიდან შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020 წლის მოქმედი ბიუჯეტის შესწავლის უკვე წერდა.3

პანდემიის შედეგად გამოწვეული დამატებითი ხარჯები

ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ყველაზე მეტად - 793 მლნ ლარით სოციალური დაცვის ხარჯი იზრდება. სოციალური დაცვის ხარჯის ზრდა ყველაზე მეტად - 525 მლნ ლარით, უმუშევრად დარჩენილებისთვის გამოყოფილმა დახმარებამ განაპირობა. კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 170 მლნ ლარი გამოიყო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კი დამატებით 61 მლნ ლარი. შშმ პირთა დახმარება 24 მლნ ლარით იზრდება.

ჯანმრთელობის დაცვის ხარჯი 393 მლნ ლარით იზრდება. მათ შორის, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები 285 მლნ ლარით იზრდება, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კი - 60 მლნ ლარით. 45 მლნ-ით იზრდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხარჯი და ამ პროგრამის წლიური ბიუჯეტი 802 მლნ ლარი ხდება. თუმცა, 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივმა ხარჯმა 829 მლნ ლარი შეადგინა და სავარაუდოდ, 802 მლნ საკმარისი არ იქნება. მიმდინარე წელს, 10 ივნისის ჩათვლით პროგრამის ხარჯმა უკვე მიაღწია 460 მლნ ლარს.

ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, დამატებით 20 მლნ ლარი გამოიყოფა დევნილთა სახლების შეძენაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები ჯამში 1,154 მლნ ლარით იზრდება.

ეკონომიკის სამინისტროს ხარჯები 485 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 330 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად მიემართება, სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის 70 მლნ ლარი დაიხარჯება, 20-20 მლნ მცირე გრანტების გაცემაზე და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერაზე დაიხარჯება, ხოლო 45 მლნ საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებასა და ფრენების სუბსიდირებისთვისაა გამოყოფილი.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები 485 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 69 მლნ ლარი რთველის ხელშეწყობის ღონისძებებს, მათ შორის, ყურძნის ფასის სუბსიდირებას მოხმარდება. 40 მლნ ლარი დაიხარჯება ფერმერთა 200 ლარიანი დახმარების პროგრამაზე. სასურსათო მარაგების შექმნაზე და სასურსათო პროდუქტების ფასების სუბსიდირებაზე 20 მლნ ლარია გამოყოფილი.

იმის გამო, რომ მიმდინარე წელს ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების შემოსავლები შემცირდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების ჯამური მაჩვენებელი 85 მლნ ლარით იზრდება.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

4.    ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი

ძირითადი მიგნებები:

2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ 8.4%-ია;

2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთ მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 7 მლრდ ლარით გაიზრდება, საიდანაც 1.8 მლრდ ლარი საშინაო ვალი, ხოლო 5.2 მლრდ საგარეო ვალი იქნება;

2020 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 27.6 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% იქნება (კანონით დაშვებულია 60%). 2020 წელს აღებული ვალიდან 2.5 მლრდ ლარს მთავრობა წელს არ დახარჯავს;

მთავრობა გეგმავს დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსოს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, კომერციული ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაა. მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა;

პანდემიის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად საქართველოს 4.5 მლრდ ლარის ფინანსური რესურსი საერთაშორისო პარტნიორებმა გამოუყვეს.

საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის ბიუჯეტი თავიდანვე (2019 წლის ბოლოს) გაზრდილ დეფიციტზე და მთავრობის ვალის აღებაზე დაგეგმა. ფაქტობრივად, ეს იყო საპარლამენტო არჩევნებზე გათვლილი ბიუჯეტი, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გასული წლის ოქტომბერშიც წერდა.4 2020 წელს ისედაც იყო დაგეგმილი რეკორდულად მაღალი, 3 მლრდ ლარზე მეტი მთავრობის ვალის აღება, რამაც პანდემიის შედეგად გამოწვეული მოულოდნელი ეკონომიკური კრიზისის მიმართ საქართველოს ფისკალური სისტემა უფრო მეტად მოწყვლადი გახადა.

ამჟამად წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო5 -2,3 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი, როცა 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტში ეს რიცხვი 380 მლნ ლარია. საოპერაციო სალდოს მნიშვნელოვანი გაუარესება საგადასახადო შემოსავლების კლებამ და ხარჯების ზრდამ განაპირობა. უარყოფითი საოპერაციო სალდო მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის არასასურველია და მოკლევადიან, ეპიდემიისგან მიყენებული ზარალის შემსუბუქებისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ გამოყენებული.

საოპერაციო სალდოს გაუარესებამ ბიუჯეტის მთლიანი სალდოს6 გაუარესება განაპირობა. 2020 წელს ბიუჯეტის უარყოფითი სალდო 4.3 მლრდ ლარი იქნება, როცა მოქმედი ბიუჯეტით იგი 1.2 მლრდ ლარია. 2020 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ მთლიანი სალდო 8.4% იქნება. მოქმედ ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 3.2% იყო, 2019 წლის ბიუჯეტში კი - მშპ-ის 2.9%.

აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზედა ზღვრად ერთიანი ბიუჯეტის7 მთლიანი უარყოფითი სალდო („საბიუჯეტო კოდექსის” მიხედვით დეფიციტი) არის ნაგულისხმევი და არა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. 2020 წელს ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი სალდო 4.2 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 8.3%-ს შეადგენს.

რადგან ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი სალდო მშპ-ის 3%-ზე მაღალია, მთავრობა ვალდებულია პარლამენტს წარუდგენს კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმა. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული გეგმა წარმოდგენილია ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტში, რომლის მიხედვით 2021 წელს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 4.8% იქნება, 2022 წელს - 4%, ხოლო 2023 წელს დაუბრუნდება - 3%-ს.

ტრადიციული გაგებით დეფიციტი8 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 4.5 მლრდ ლარი (მშპ-ის 9%) იქნება. 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტში ტრადიციული დეფიციტი 1.9 მლრდ ლარი, ანუ მშპ-ის 3.6%-ია. 2019 წლის ბიუჯეტში კი იგი 1.4 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.8%) იყო.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
*2020 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები

2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთ მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 7 მლრდ ლარით გაიზრდება, საიდანაც 1.8 მლრდ ლარი საშინაო ვალი, ხოლო 5.2 მლრდ ლარი საგარეო ვალი იქნება. მოქმედი ბიუჯეტით 2 მლრდ ლარის ახალი ვალის აღება იყო გათვალისწინებული.

2020 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 27.6 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% იქნება. მიმდინარე წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 23.7 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის დაახლოებით 47.5%-ია.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
*2020 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები

საქართველოს მთავრობის ვალის 77%-მდე საგარეო ვალზე მოდის. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნის შემთხვევაში, ლარში გამოხატული საგარეო ვალი და მისი თანაფარდობა მშპ-თან (რაც ვალის ეკონომიკის მიმართ ტვირთის მაჩვენებელია) გაიზრდება. სწორედ ლარის გაუფასურების გამო, 2020 წლის იანვარ-აპრილში მთავრობის საგარეო ვალი 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა.

2020 წელს აღებული 7 მლრდ ლარის ვალიდან, 2.5 მლრდ ლარს მთავრობა წელს არ დახარჯავს. აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ნაშთზე დაირიცხება.

მთავრობა გეგმავს დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსოს, რისი მიზანიც კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნაა. ამასთან, საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მთავრობა დეპოზიტებიდან მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, კომერციული ბანკების გარკვეული სუბსიდირებაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამასთან, მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა.

მაშინ, როდესაც მთავრობის ვალი მშპ-ის 54.8%-მდე იზრდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღდეგ, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ბანკების სუბსიდირებისთვის დამატებითი 600 მლნ ლარის საშინაო ვალის აღებისგან. მითუმეტეს, ლარის კურსის არასტაბილურობის გამო, შესაძლოა მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 60%-იან ზღვარს (რომელიც არის ვალის მაქსიმალური ზღვარი „ეკონომიკური თავისუფების შესახებ კანონით“) წლის ბოლომდე გადასცდეს. მშპ-ის მიმართ ვალის 54.8%-მდე ზრდა დაანგარიშებულია ლარის 2.98-იან გაცვლით კურსზე. მშპ-ის მიმართ ვალის 60%-ზე გადაჭარბების რისკი არსებობს მშპ-ის 4%-ზე მეტად შემცირების შემთხვევაშიც.

ჭარბად აღებულ საგარეო ვალიდან მთავრობა ნაწილს 2021 წელს დახარჯავს, ხოლო ნაწილი შესაძლოა წელს იქნას გამოყენებული, თუ მიმდინარე წლის ბოლომდე ვირუსის „მეორე ტალღა“ გამოვლინდა და ეკონომიკა გარკვეულწილად ისევ „ჩაიკეტა“. ამასთან, საგარეო ვალის აღებას ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების გარდა სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. ტურიზმის, ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირებს გამო საგარეო წყაროებიდან საქართველო 3 მლრდ დოლარამდე შემოსავალს დაკარგავს, რაც გარდა ეკონომიკის შემცირებისა, ლარის კურსზე დიდ უარყოფით ზეწოლას მოახდენდა. საგარეო გრანტების და ვალის ზრდა, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტით შემოდის, ლარის კურსის სტაბილურობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

პანდემიის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად საქართველოს ყველაზე მეტი დამატებითი დაფინანსება „აზიის განვითარების ბანკმა” გამოუყო 1,455 მლნ ლარის მოცულობით. „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა” საქართველოს 885 მლნ ლარის დაფინანსება გამოუყო. მნიშვნელოვანი დახმარებები გაგვიწიეს სხვა საერთაშორისო პარტნიორებმაც (იხილეთ გრაფიკი 5).

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

______________________________________________

1 შემოსულობები არის შემოსავლების, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების და ახალი ვალის აღების ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.

2 გადასახდელები არის ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები ზრდის და ადრე აღებული ვალის დაფარვის ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები  მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად ადმინისტრაციულს, სოციალურს, განათლების და ა.შ.

3 საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები https://bit.ly/37oY3Wg

4 საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები https://bit.ly/37oY3Wg

5 საოპერაციო სალდო არის ბიუჯეტის შემოსავლებს გამოკლებული ბიუჯეტის ხარჯები.

6 მთლიანი სალდო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობაა. მთლიანი სალდო თუ უარყოფითია, საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ბიუჯეტი დეფიციტურია, თუ დადებითია, ბიუჯეტი პროფიციტურია.

7ერთიანი ბიუჯეტი არის ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი.

8 რადგან მთლიანი სალდო სრულად არ მოიცავს ბიუჯეტის ყველა სახის შემოსავლებს და ხარჯებს, ტრადიციული გაგებით ბიუჯეტის დეფიციტში იგულისხმება სულ რამდენი თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რომელიც ახალი ვალის აღებით და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დაფარა.