აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია „არალი” მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია „არალი” მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

22 მაისი, 2021

 

„ქართული ოცნების“ შემწირველმა სამშენებლო კომპანია „არალმა“ 2011-2021 წლებში 181, 923, 427 ლარის ოდენობის ტენდერები   მოიგო,  აქედან 25,816,009 ლარი  (ტენდერებიდან მიღებული საერთო თანხის 14,1%) უკონკურენტოდ, ხოლო 17,447,628  ლარი (9,5 %)  - მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

ბოლო სახელმწიფო შესყიდვიდან შპს “არალმა” 47,070,891 ლარი მიიღო. ეს ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში, მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა. “არალი” სამუშაოებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შპს “ზიმოსთან” ერთად განახორციელებს.

შპს „არალისთვის“  ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მესაკუთრემ ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51,585,275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით  ხელშეკრულებები  125, 454, 712  ლარზე (ჯამში ტენდერებით მიღებული შემოსავლების 68,9 %) გაუფორმდა.[1] ამ გარიგებიდან ზუსტად 10 დღეში, აბასთუმანში, აუქციონზე   უკონკურენტოდ ნაყიდი, ნახევრად ტყით დაფარული, ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 3 883 კვ.მ. ფართობი, ოთარ თათეშვილის შვილმა, დემეტრე თათეშვილმა გაიფორმა. მოგვიანებით, 2020 წლის აგვისტოში, დემეტრე თათეშვილმა ორივე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა. სანაცვლოდ, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 4 660 კვ.მ. მიწა, რომელიც  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და  ბიძინა ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფ მერიოტთან“ ახლოს მდებარეობს. 

2018 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ რაც აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილმა თათეშვილებისგან მიწა იყიდა, შპს “არალი” აბასთუმანში, ფონდ “ქართუს” მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო. მან ააშენა აბასთუმნის “ფილტვის ცენტრი” და კორპუსი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ასევე შპს “არალი” აქტიურად იყო ჩართული სანატორიუმების “ზეკარისა” და “ცისარტყელას” ადგილებზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმროების მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში. 

თათეშვილების კომპანიები

დემეტრე თათეშვილს და მისი ოჯახის წევრებს წილები 12 კომპანიაში აქვთ. მათგან 7 „ქართული ოცნების“  ხელისუფლების მმართველობის დროს დააფუძნეს.

შპს „არალი“

თათეშვილების კომპანიებიდან სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ შპს „არალი“ მონაწილეობს. 2011 წლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით კომპანიას ბიუჯეტიდან სულ 185, 679,869  ლარი დაერიცხა.

ამ ხნის განმავლობაში იგი 289 ტენდერში მონაწილეობდა და აქედან 116-ში გაიმარჯვა, რისთვისაც ხელშეკრულებები 181, 923, 427 ლარზე გაუფორმდა. 3,756,442  ლარი კი გამარტივებული შესყიდვებით მიიღო.

116  ტენდერიდან 46 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, რისთვისაც ჯამში 25,816,009 ლარის  კონტრაქტი მიიღო. 26-ში კი მის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ, რის ხარჯზეც  შპს „არალთან“ ხელშეკრულებები 17,447,628  ლარზე გაფორმდა.

კომპანიის ყოფილი დირექტორი და მფლობელი, ოთარ თათეშვილი, 2017 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერიდან 130,000 ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. საქმე ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ 1,927,600 ლარის ღირებულების ტენდერს ეხებოდა. თათეშვილს  გამამტყუენებლი განაჩენი დაკავებიდან ერთ თვეში  გამოუტანეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, თუმცა, კორუფციაში მხილებული ბიზნესმენის კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონიან ტენდერებს ისევ იღებდა. დაკავებიდან სამ კვირაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და ხელშეკრულება 3,099,328 ლარზე  გაუფორმდა, განაჩენის გამოტანიდან ერთ თვეში კი კვლავ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მოგებული ტენდერით 199,900 ლარი დაერიცხა.

შპს „არალის“ ძირითადი შემსყიდველი საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად სამცხე-ჯავახეთში ახორციელებდა, თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი სამუშაოების არეალი გაფართოვდა. მაგალითად, 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით მილიონ ლარამდე ღირებულების ორი ტენდერი მოიგო.  ორივე შემთხვევაში მის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ერთ-ერთ ტენდერში  დისკვალიფიკაცია შპს „არალის“ ორ კონკურენტს მიენიჭა, თუმცა მცხეთის მუნიციპალიტეტმა ამ ტენდერის  ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და  შპს „არალს“ სამუშაოების ღირებულება 47 000 ლარით გაუზარდა, რის  გამოც, საბოლოო  ჯამში თათეშვილის კომპანიას იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე შემსყიდველს დისკვალიფიცირებული კომპანიები სთავაზობდნენ.


აღსანიშნავია, რომ შპს „არალის“ მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშოების შესახებ რეგიონული მედია ხშირად წერს.  კომპანიის მიერ დაგებული გზები მალევე დაზიანდა სოფელ ივლიტაში, ჭვინთაში, ბავრაში. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემსყიდველები თათეშვილის კომპანიას სამუშაოების ჩაბარების ვადას ხშირად უხანგრძლივებენ - 116 ხელშეკრულებიდან ასეთი 22-ია. 

შპს „არალი“ „ქართულ ოცნების“  შემწირველია  კომპანიამ 2017 წლის აგვისტოში მმართველ პარტიას 40,000 ლარი შესწირა.  ასევე, ოთარ თათეშვილმა 2012 წლის ივლისში „ნაციონალურ მოძრაობას“ 60,000 ლარი გადაურიცხა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „არალის“ სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.


[1] ოთარ თათეშვილი გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მაშინ შპს “არალის” შესახებ კვლევა უკვე მომზადებული გვქონდა, თუმცა მომხდარის გამო არ გამოვაქვეყნეთ. Საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, იგი ამ დრომდე კომპანიის 100%-ს მესაკუთრედ რჩება, დირექტორი წილის მმართველი კი მისი შვილი დემეტრე თათეშვილია.