ადიგენის სოფელ ხევაშენში მერის წარმომადგენლის ძმების კომპანიებმა 2 მილიონამდე ლარის შესყიდვები მიიღეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ადიგენის სოფელ ხევაშენში მერის წარმომადგენლის ძმების კომპანიებმა 2 მილიონამდე ლარის შესყიდვები მიიღეს

07 დეკემბერი, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გიორგი ენდელაძე 2015 წელს დაინიშნა. მას შემდეგ დღემდე მისი ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1,905,649 ლარი მიიღეს. აქედან 896,271 ლარი  (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.

გიორგი ენდელაძის ძმებმა, გოჩა და გელა ენდელაძეებმა კომპანიები შპს „ფასადი“ და შპს “M&E company“, მეგობართან, მერაბ მერაბიშვილთან ერთად 2012 წელს დააფუძნეს, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვებში, ორივე კომპანია 2015 წლიდან გააქტიურდა.  შპს „ფასადი“ ტენდერებს სამშენებლო სამუშაოებზე იგებს, შპს „M&E company-ი“ კი პირდაპირ შესყიდვებს საწვავით მომარაგებაზე იღებს.    

შპს „ფასადი“

გოჩა ენდელაძე, მერაბ მერაბიშვილთან ერთად, შპს„ფასადში“, 50% წილს ფლობდა. 2019 წლის ოქტომბერში მან საკუთარი წილი მეგობარს აჩუქა. მას შემდეგ, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორიც მერაბ მერაბიშვილია.

შპს „ფასადს“, ვიდრე გოჩა ენდელაძის ძმა, გიორგი ენდელაძე ხევაშენში მერის წარმომადგენლად დაინიშნებოდა, მიღებული მხოლოდ 2 პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა, ჯამში,  22,705  ლარზე. 2016-2023 წლებში კი 36  სახელმწიფო შესყიდვით ხელშეკრულებები 1,799,793 ლარზე გაუფორმდა, აქედან 15 შესყიდვა 835,252 ლარით  (46.4%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებისგან მიიღო.

შპს „ფასადის“ სახელმწიფო შესყიდვები 2016-2023 წლებში:

შპს „M&E company“

გიორგი ენდელაძის მეორე ძმა, გელა ენდელაძეც, შპს „M&E company-ში“, მერაბ მერაბიშვილთან ერთად 50% წილს ფლობდა. თუმცა, მერაბიშვილმა თავისი წილი გელა ენდელაძეს 2013 წელს უსასყიდლოდ გადასცა და ამ დროიდან დღემდე კომპანიის მესაკუთრე და დირექტორიც თვითონაა.

გიორგი ენდელაძის მერის წარმომადგენლის პოზიციაზე დანიშვნამდე, „M&E company-ისაც“ მიღებული მხოლოდ 2 სახელმწიფო შესყიდვა ჰქონდა, ჯამში, 2,112 ლარზე. 2015-2023 წლებში კი 208 სახელმწიფო შესყიდვით, ჯამში, ხელშეკრულებები 105,856 ლარზე გაუფორმდა. აქედან, 117 შესყიდვით, 60,979 ლარი (57.6%), ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხა. მათ შორის, მხოლოდ 4 იყო ტენდერი ადიგენის მერიის თანამდებობის პირების სასამსახურო ავტომანქანების რეცხვის მომსახურეობაზე,  ჯამში, 10,505 ლარზე, თუმცა ეს ოთხივე ტენდერიც უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით მოიგო.     

შპს „M&E company-“ის სახელმწიფო შესყიდვები 2015-2023 წლებში:

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „ფასადისა“ და შპს  შპს M&E company-“ის სახელმწიფო შესყიდვები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან და დაადგინოს რამდენად ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.