დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები ქუთაისში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები ქუთაისში

17 სექტემბერი, 2021

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოუყარა თავი იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებებით ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო. წლების განმავლობაში მათ აანონსებდნენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავდნენ, მაგრამ დღემდე მათი უმრავლესობა არც დაწყებულა.

რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია

ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2018 წლის აპრილში, ქალაქის მაშინდელმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დააანონსა. როგორც მაშინ ითქვა, პროექტი ითვალისწინებდა 70-მდე სახლის რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე, ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ. პროექტი 2-3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და იგი 6 მილიონ ლარამდე დაჯდებოდა.

ქუთაისის მერიამ ეს პროექტი 2018 წლის ყველაზე დიდ და პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა. მერია ამავე წელს მოელაპარაკა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს და პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგინა.

2018 წლის 22 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ სახლების დათვალიერების დროს განაცხადა,  რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს პროექტირებაზე იმუშავებდა, 2020 წელს კი სახლების რეაბილიტაცია დაიწყებოდა და  მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასრულდებოდა.

2019 წლის მაისში ქუთაისში გამართულ ბიზნესფორუმზე გიორგი შენგელიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი 2020 წლის პირველი კვარტალში დაიწყებოდა, თუმცა ამჯერად პროექტის სავარაუდო ღირებულებად 25 მილიონი ლარი დაასახელა. 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის მაისში მართლაც გამოაცხადა ტენდერი სახლების რეაბილიტაციის პროექტირებაზე (SPA190002436). გაიმარჯვა კომპანია "კარკასმა" და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. 2020 წლის 1 ივნისიდან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსა და ვადების დარღვევის გამო. ამ დროისთვის ფონდს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის  ნაწილი (24 %) - 191`839.77 ლარი ჰქონდა გადახდილი. კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია

2018 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყება დააანონსა.

2019 წელს გამოაცხადა ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, თუმცა ტენდერი არ გაიმართა. 2020 წლის 29 სექტემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაახლა რეაბილიტაციისა და ადაპტაციისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მოწვევა  ინტერესის გამოხატვაზე.

ამ დრომდე პროექტის განხორციელება არ დაწყებულა.

100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია

ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის პროექტი ქუთაისის მერიამ 2018 წელს წარადგინა. იგეგმებოდა კიბის საფეხურებისა და მოაჯირების რეკონსტრუქცია, მის მიმდებარედ კი 80-ადგილიანი ამფითეატრის, თეთრი კოლონადების და შადრევნის მოწყობა.

მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდა. მოგვიანებით, 2020 წლის  ბიუჯეტის დაგეგმვისას 1 000 000 ლარი გაითვალისწინა. Მერია ტენდერის გამოცხადებიდან წელიწადნახევარში რეაბილიტაციის დასრულებას ვარაუდობდა, თუმცა დღემდე არაფერი განხორციელებულა.

2019 წელს მერიამ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა, თუმცა  მოგვიანებით გაირკვა, რომ მერიის მიერ შედგენილი პროექტი  ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო. 2019 წლის ოქტომბერში კვლავ გამოცხადდა ტენდერი პროექტირებისათვის. ამ ტენდერში გაიმარჯვა შპს “გეოანალიტიკამ”, რომელმაც სამუშაო შეასრულა და ამისთვის 22 990 ლარი მიიღო.

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 3 აპრილს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 736 306 ლარი იყო. ელექტრონულ შესყიდვაში ორი პრეტენდენტი - ინდივიდუალური მეწარმე ბესიკ ივანაშვილი და შპს "ლამოდერნა" მონაწილეობდა. ბესიკ ივანაშვილი საჩხერეში მცხოვრები მეწარმეა და მან ტენდერში "ლამოდერნაზე" დაბალი ფასი დააფიქსირა, შესაბამისად, იგი გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო, თუმცა, მედიაში მისი "ქართულ ოცნებასთან" შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მერიამ გამარჯვებულად  უფრო მაღალი ფასის მქონე კომპანია დაასახელა, მოგვიანებით კი ტენდერი ჩაშალა და განაცხადა, რომ პროექტის საჯარო განხილვები უნდა დაეწყოთ. 

მას შემდეგ არც საჯარო განხილვა ჩატარებულა და არც სამუშაოები დაწყებულა. 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში პროექტის განხორციელება გათვალისწინებული არ არის.[1]

ელექტრომობილების ქარხანა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება 2019 აპრილში მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 2019 წლის ივნისში გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქარხანა 2020 წლიდან მიაწოდებდა ბაზარს ელექტრომობილებს.

2019 წელს კომპანია “ბიგ სერვისს“ სახელმწიფომ ქუთაისში აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 99 000 ლარად გადასცა.  საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელს  ადგილზე ორი წლის ვადაში  უნდა აეშენებინა  საწარმო, რომელიც გათვლილი იქნებოდა სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაასაქმებდა  300 ადამიანს.

მცირე სამუშაოები კომპანიამ ქარხნის ასაშენებელ ტერიტორიაზე მართლაც დაიწყო, თუმცა ქარხანა დღემდე არ დასრულებულა. მშენებლობის პროცესი, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2022 წლამდე გადავადდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროექტის გადავადება კოვიდ-პანდემიამ გამოიწვია.

„ოცნების ქალაქი” ქუთაისში

2016 წლის მარტში ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაანონსდა. პროექტი სასტუმროების, აკვაპარკის, სამორინეს, კინოთეატრის, გასართობი კომპლექსებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს შპს „აია ინტერტაიმენტი” გეგმავდა, ჯამური საინვესტიციო თანხა კი 273 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო.

2016 წლის თებერვალში კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პროექტის Kutaisi resorts მშენებლობის წინადადებით მიმართეს და 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება სთხოვეს. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 204 606 კვ.მ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. ეს ტერიტორია ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო რწმუნებულის მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის N244 განკარგულებით, სახელმწიფოს გადაეცა. თუმცა, ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა არ დაწყებულა და  მიწის ნაკვეთი 2020 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ თვითმმართველობას დაუბრუნა, რაც ნიშნავს, რომ პროექტი აღარ განხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა

2016 წელს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისიდან ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაანონსა. პროექტის პრეზენტაცია 2017 წლის 3 აპრილს გაიმართა, რომლის მიხედვითაც ახალი სადგური  უშუალოდ ქუთაისის აეროპორტთან უნდა აშენებულიყო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროექტი 364 დღეში დასრულდებოდა, თუმცა არც დაწყებულა.

ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეიცვალა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2019 წელს ახალი სადგურის მშენებლობის ნაცვლად, ძველი სადგურის რეაბილიტირება გადაწყვიტეს. იგი აეროპორტისგან მოშორებით მდებარეობს.

საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაციის გეგმა საბოლოოდ 2020 წელს დამტკიცდა, წლის ბოლოს კი ტენდერიც გამოცხადდა. ტენდერში შპს "ინჟმშენი 96-მა“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2021 წლის მარტში გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 1,247,736 ლარია, ხოლო შესრულების ვადად 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა.


[1] ბოლო ინფორმაციით პროექტის დაფინანსება ევროკავშირისა და სახელმწიფოს ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. სატენდერო წინადადებების მიღება 2021 წლის 26 სექტემბერს უნდა დაიწყოს.