გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებაში სპეცსამსახურებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან ეარვეისიც“ მონაწილეობდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებაში სპეცსამსახურებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან ეარვეისიც“ მონაწილეობდა

10 ივნისი, 2025

2025 წლის 27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ დააკავა გიორგი ბაჩიაშვილი, რომლის მიმართ ხელოვნურად შეთხზული ბრალდების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც წერდა. სუს-ის განცხადების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც 2025 წლის მარტის დასაწყისში მის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე ფარულად დატოვა ქვეყანა, საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის შორიახლოს, ე.წ. „მწვანე ზონაში“ გადაადგილდებოდა.

ბაჩიაშვილის დაკავების მისეული ვერსია საქართველოს მთავრობისას არსებითად ეწინააღმდეგება 

ბაჩიაშვილის დაკავების ეს დაუჯერებელი ვერსია მთლიანად უარყო თავად გიორგი ბაჩიაშვილმა. სუს-ის ვერსიის არადამაჯერებლობა იმითაც არის განპირობებული, რომ ჯერ კიდევ მიმალვაში ყოფნის დროს ბაჩიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ივანიშვილი მას ციხეში “გაჭყლეტვით” დაემუქრა და რომ მის მოსაკლავად ჩრდილოეთ კავკასიელი ჯგუფები, სავარაუდოდ ჩეჩნები ჰყავდა დაქირავებული

2025 წლის 29 მაისს სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ სინამდვილეში, ის 24 მაისს უცხო სახელმწიფოში გაიტაცეს ვიღაც პირებმა (სავარაუდოდ, ამ სახელმწიფოს სპეცსამსახურების თანამშრომლებმა), რომლებსაც ორი დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, არ აძლევდნენ ოჯახთან და ადვოკატებთან დაკავშირების შესაძლებლობას, ბოლოს თვალებახვეულ მდგომარეობაში იძულებით ჩასვეს „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავში და საქართველოში გამოაფრინეს.

ბაჩიაშვილის ადვოკატის შეფასებით, ბაჩიაშვილის მიმართ არავითარი სამართლებრივი პროცედურები არ ყოფილა განხორციელებული, ის არ იქნა გადაცემული კანონიერად ერთი სახელმწიფოსგან მეორე სახელმწიფოსთვის. მისი თქმით, „მთელი ეს მოვლენები ასახავს მხოლოდ დანაშაულს, დანაშაულს და დანაშაულს“. 

თუ რომელ სახელმწიფოში მოხდა ბაჩიაშვილის უკანონოდ შეპყრობა და იქიდან საქართველოში ჩამოყვანა, ამას ამ ეტაპზე ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები არ აკონკრეტებენ. თუმცა, ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ეს სახელმწიფო არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო. კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საამიროების უსაფრთხოების თანამშრომლებმა შეიპყრეს და საქართველოში გამოფრენამდე დუბაის პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული.

რამდენად სწორია ან არ არის სწორი ეს ინფორმაცია, ამას პასუხი საამიროების ოფიციალურმა ორგანოებმა უნდა გასცენ. თუ ამ ოპერაციაში მართლაც მონაწილეობდნენ ამ ქვეყნის უშიშროების ან სხვა შესაბამისი სამსახურები, მაშინ მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ბაჩიაშვილის დაკავება და მისი შემდგომში საქართველოს შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემა სათანადო სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად განხორციელდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამ ქვეყნის კანონმდებლობით პირის ექსტრადიცია ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომლის დასრულებას თვეები თუ არა, კვირები მაინც სჭირდება და რომელშიც ჩართულნი უნდა იყვნენ ამ ქვეყნის სასამართლოები, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო. თუ საემიროების ოფიციალური სტრუქტურები ამ ოპერაციაში არ მონაწილეობდნენ, მაშინ მათ ის მაინც უნდა განმარტონ, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების საფუძველზე, თუ როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ვიღაც პირებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ბაჩიაშვილს და უკანონოდ გაიყვანეს იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიიდან, ამ ქვეყნის საზღვრის სავარადოდ უკანონოდ გადაკვეთის გზით.

შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის აზრით, ბაჩიაშვილის გატაცებაში ივანიშვილის ხელისუფლებას სავარაუდოდ რუსეთის და ბელარუსის სპეცსამსახურებიც ეხმარებოდნენ

შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა, ტელეკომანია “პირველისთვის” მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სჯერა იმ ვერსიის, თითქოს გიორგი ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში აიყვანეს. მისი თქმით, "ბაჩიაშვილისნაირი ადამიანების გადაცემა ხელიდან-ხელში ხდება". 

მეტიც, მისი თქმით, ბაჩიაშვილის მოძებნასა და გატაცებაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის სპეცსამსახურები დაეხმარნენ. “მე დადასტურებული ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ… რომ ეს ადამიანები, როგორც ბელორუსიის, ასევე რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ნანახი ჰყავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ისინი უკვე ღიად არიან. აქამდე თუ დაფარვას და შენიღბვას აკეთებდნენ, დღეს აღარ სჭირდებათ.” “როდესაც ბაჩიაშვილი გამოვა და იტყვის თავის სათქმელს, მერე კიდევ შეიძლება ამ თემის გაშლა, რეალურად რა როლი შეასრულა სუს-მა, როგორ დაეხმარა რუსეთის-ბელარუსის სპეცსამსახურები და როგორ მოხდა, რომ დაიძინა დუბაიში, გაიღვიძა თბილისში" - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

ადამიანების გატაცების პრაქტიკა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში

ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ხელში ადამიანის გატაცების გამოცდილება საქართველოს შესაბამის სამსახურებს ნამდვილად აქვთ. 2017 წელს მათ გაიტაცეს და აზერბაიჯანს უკანონოდ გადასცეს ცნობილი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი აფგან მუხთარლი, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს და აზერბაიჯანის მიერ მუხთარლის უფლებების დარღვევა დაადგინა. შესაბამისად, რაიმე შინაგანი მორალური წინააღმდეგობა ბაჩიაშვილის გატაცების და საქართველოში უკანონოდ ჩამოყვანის საქმეში მონაწილეობის მხრივ მათ არ ექნებოდათ. 

როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებული სპეცსამსახურები ახლა კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ადამიანის გატაცების, მისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და საზღვრის უკანონო კვეთის სპეცოპერაციებს ისინი ახლა უკვე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც ახორციელებენ. ეს სუს-ის დღევანდელი უფროსის - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის - ოხანაშვილის უდავო “მიღწევაა”. მეტიც, როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა 2025 წლის 9 ივნისს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი პირადად იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომლითაც გატაცებული ბაჩიაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს

ბაჩიაშვილის გატაცებაში სუს-ის სავარაუდო მონაწიწლეობის თაობაზე დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა: “თუ ეს მარ­თლაც ასე მოხ­და, არ ვიცი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა­მარ­ტო კომ­პლი­მენ­ტე­ბი, არა­მედ ღირ­სე­ბის მე­და­ლიც, შე­სა­ბა­მი­სი ორ­დე­ნიც ეკუთ­ვნით შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცი­ის ავ­ტო­რებს… „მო­სადსაც“ კი შე­შურ­დე­ბო­და ასე­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა."

ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისიდა მისი ჩართულობა ბაჩიაშვილის გატაცებაში 

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ბაჩიაშვილის თქმით, მისი გატაცებისა და საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისიც” მონაწილეობდა. ბაჩიაშვილმა დაასახელა აღნიშნული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ტიპიც - „ბომბარდიერი“, რომლითაც, ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში ჩამოიყვანეს. ავიაკომპანია ამას, ცხადია, არ ადასტურებს. თუმცა, bm.ge-ს ცნობით, რომელიც სარადარო ინფორმაციას ეყრდობა, „26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე [16:39] დაეშვა "ჯორჯიან ეარვეისის" VIP ბორტი. 4L-TGB ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო. შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად, უცნობია, თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.“ ეს არასრული, თუმცა მაინც საკმაოდ ინფორმატიული ცნობა წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ბაჩიაშვილის ინფორმაცია მისი გატაცების უკანონო სპეცოპერაციაში „ჯორჯიან ეარვეისის“ მონაწილეობის შესახებ სწორი იყოს.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” შესაძლო მონაწილეობა ამ უკანონო ოპერაციაში გაკვირვებას არ იწვევს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან და რუსეთთან მისი კავშირებიდან გამომდინარე.

2023 წლის ივლისში, უკრაინის ხელისუფლებამ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. ასევე დაასანქცირა თამაზ გაიაშვილის ძმა დავით გაიაშვილი, რომელიც „ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-ს ფლობს. სანქცირების მიზეზი „ჯორჯიან ეარვეისის“ რუსეთში ფრენებია, რომელიც 2023 წლის მაისში, კრემლის მხრიდან საქართველოზე ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ დაიწყო. თამაზ გაიაშვილი საჯაროდ მიესალმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენის შესახებ. უკრაინის მიერ კომპანიის სანქცირების გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს "აზიმუტსა" და "რედ ვინგსს".

2023 წლის 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ჯორჯიან ეარვეისს” ბოიკოტი გამოუცხადა და თან აღნიშნა: „ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რათა გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა „კოვიდის“ დროს და ახლა უნდა, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის”. თავის მხრივ, თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მისი ბორტით სარგებლობა შეუზღუდა.

2025 წლის 12 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს თამაზ გაიაშვილზე სანქციების დაწესება მოუწოდა.

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ „ჯორჯიან ეარვეისს” ათობით მილიონი ლარის ვალი აპატია. გარდა ამისა, „ჯორჯიან ეარვეისი” ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ფინანსური ანგარიშგებების პორტალზე წლიურ ფინანსურ ანგარიშებს არ აქვეყნებს. SARAS-ის ინფორამციით, ამის გამო „ჯორჯიან ეარვეისი” გაფრთხილებული და დაჯარიმებულია. 

დასკვნა 

ადამიანების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცების პრაქტიკა ავტორიტარული და დიქტატორული ქვეყნების ისტორიაში ხშირად ხდება. საქართველოში ეს პირველად აფგან მუხთარლისთან მიმართებით მოხდა, რასაც საერთაშორისო რეზონანსი და, საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყვა. 

ბაჩიაშვილის შემთხვევა, როგორც  ჩანს, ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. სუს-ის ვერსია არადამაჯერებელია. ადამიანი, რომელსაც ციხეში მოკვლით ემუქრებოდნენ, რის გამოც იგი ივანიშვილის ე.წ. მართლმსაჯულებას საზღვარგარეთ გაექცა, საქართველოს საზღვართან ახლოს სასეირნოდ არ ჩამოვიდოდა. 

საგანგაშოა, რომ ივანიშვილის უკანონო მოქმედებების არეალი გასცდა საქართველოს საზღვრებსა და იურისდიქციას. მისი პირადი ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჯაჭვში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ერთვებიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და, ასევე, კერძო კომპანიებიც.