GNCC-ის კომისიის წევრების არასრული დეკლარაციები
საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების უმეტესობას დეკლარაციაში მათი და მათი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიები სრულად არ აქვთ მითითებული.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური 2017 წლის მაისში აირჩიეს. მისი, როგორც კომისიის წევრის არადეკლარირებული ქონების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წინა წელსაც წერდა, რის შემდეგაც ბექაურმა დეკლარაცია შეასწორა.
რაც შეეხება 2017 წლის დოკუმენტს, ბექაურს შევსებულ დეკლარაციაში გერის, ბექა ჯიბლაძის კომპანია არ აქვს შეტანილი. ბექა ჯიბლაძე ბექაურს დეკლარაციაში ოჯახის წევრად ჰყავს მითითებული. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ჯიბლაძე 2012 წლიდან შპს „სანტე მედიკალ გრუპში“ 51 %-იან წილს ფლობს.
კახა ბექაური არ არის მარეგულირებელი კომისიის ერთადერთი წევრი, ვისაც ქონება სრულად არ აქვს დეკლარირებული. კომისიის კიდევ ერთ წევრს,ვახტანგ აბაშიძეს დეკლარაციაში 2004 წელს დაფუძნებული კომპანია “ჩვენ და შვილები” არ აქვს შეტანილი, რომლის 34 %-იან წილს ფლობს. მას არც შვილების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ აქვს ინფორმაცია შევსებული. კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ანდრია აბაშიძე ფლობს:
33% - იან წილს შპს “Adventus”-ში;
100% - იან წილს შპს “ედ პლიუსში”;
33 % -იან წილს შპს “უნივერსალ ბიზნეს ჯგუფში”;
ვახტან აბაშიძეს კიდევ ერთი შვილის ლევან აბაშიძის 33%-იანი წილი არ აქვს მითითებული შპს “უნივერსალ ბიზნეს ჯგუფში”.
კომისიის წევრ ელისო ასანიძეს დეკლარაციაში თავისი ქმრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ აქვს ინფორმაცია მითითებული. კერძოდ, მეუღლე დავით ქუთათელაძე ფლობს:
100 %-ს შპს “კერა თრეველში”;
22 %-ს “კერა ჯგუფში”;
50%-ს “კა ენდ ემში”;
საქართველოს “კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” თანამდებობის პირებს ავალდებულებს ქონებრივი დეკლარაციის შევსებას, რაც ასევე მოიცავს ოჯახის წევრების საკუთრებისა და საწარმოებში თანამონაწილეობის შესახებ ინფორმაციას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიები ამ ეტაპზე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით კი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.” თუმცა, ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკით, მსგავს ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ.
2017 წლიდან საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა დეკლარაციების მონიტორინგი, თუმცა შედეგებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ამასთან, ჯერ არ შექმნილა დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დეკლარაციებს კორუფცის მაღალი რისკისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიხედვით შეარჩევს და შეამოწმებს. ამ კომისიის შექმნა 2018 წლისთვის იგეგმება. შესაბამისად, დეკლარაციების მონიტორინგის ეფექტურობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს თანამდებობის პირებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქონებრივი დეკლარაციების შევსების საკითხს, ხოლო ხელისუფლებას, შექმნას ქმედითი და ეფექტური ინსტრუმენტი დეკლარაციების გადასამოწმებლად.