“ქართული ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, როგორც პლურალისტური დემოკრატიის განადგურების მექანიზმი

2025 წლის თებერვალში შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის აღმოსაფხვრელად შექმნილი უკანონო მექანიზმი იყო.
კომისია შეიქმნა კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით, რადგან მის დასაკომპლექტებლად “ქართული ოცნების” სიით არჩეული “პარლამენტის წევრები” გაიყვანეს “ქართული ოცნების” ფრაქციიდან და ფიქციური, ვითომ “ოპოზიციური ფრაქციების” შექმნით და კომისიაში შეყვანით შეეცადნენ საზოგადოებისთვის მოეჩვენებინათ, რომ კომისიაში ოპოზიციაც იყო წარმოდგენილი.
გარდა ამისა, პარლამენტის მიერ კომისიისთვის გადაცემული მანდატი შორს გასცდა იმ ჩარჩოებს, რომლებსაც ასეთ კომისიას პარლამენტის რეგლამენტი განუსაზღვრავს.
დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს პარტიული პლურალიზმი, ანუ მრავალპარტიული სისტემა წარმოადგენს. არ არსებობს დემოკრატია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არა აქვთ რეალური შესაძლებლობა გაერთიანდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც, მათი აზრით, უკეთ შეესაბამება ქვეყნის განვითარების თაობაზე მათ საკუთარ ხედვებს, შეხედულებებსა და მოსაზრებებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დეკლარირებული მიზანი, რომლის რეალიზაციისკენ ის თანმიმდევრულად მოძრაობს უკანასკნელი წლის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის დასრულებაა. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ქმედით მექანიზმად 2025 წლის თებერვალში შექმნილი ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იქცა (ქვემოთ „საგამოძიებო კომისია“ ან “კომისია”).
- „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება თავისი რეალური თუ ვირტუალური მხარდამჭერების მიმართ ის იყო, რომ არჩევნების შემდეგ დასჯიდა ე.წ. „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ (რომელშიც ის გულისხმობდა არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ყველას, ვინც კი „ქართული ოცნების“ ან მისი რომელიმე სატელიტის მხარდამჭერი არ არის) და ამ დაპირების შესასრულებლად მას არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება დასჭირდებოდა.
კონკრეტულად რატომ სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“ მაინცდამაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს პარტიის მესვეურებს არასდროს დაუკონკრეტებიათ, მაგრამ, როგორც ქვემოთ არის ახსნილი, სავარაუდოა, რომ მათი ამოცანა იყო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით გაემარტივებინათ პარტიის აკრძალვის მატერიალური და პროცედურული წესები, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. მართალია, არჩევნების მასობრივი გაყალბების მიუხედავად, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ვერ მოიპოვა, ოპონენტების განადგურების გეგმაზე უარი მას არ უთქვამს.
პირიქით, ბოლო ხანებში „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო ხელისუფლების ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური და ანტიევროპული ძალისხმევების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის მოსპობასთან ერთად, სწორედ საქართველოში ოპოზიციის განადგურება წარმოადგენს. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა როგორც პარტიების კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ისე ე.წ. საგამოძიებო კომისიის შექმნა.
- ცვლილებები პარტიების კანონმდებლობაში
მოქმედი კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია და ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც პარტია მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს (იხ. კონსტიტუციის 23-ე მუხლი და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე - 36-ე მუხლები). სავარაუდოდ, სწორედ ამ წესის შეცვლა უნდოდა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, შესაძლოა, მაგალითად, პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების პარლამენტისთვის გადაბარების სახით. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არ გამოვიდა, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში მაინც იქნა შეტანილი.
ერთის არსი ის არის, რომ ამიერიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს ისეთი პარტიაც, რომლის „გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას)“ (იხ.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი). ამ ცვლილებით მტკიცების სტანდარტი იმდენად იქნა დაქვეითებული, რომ საკმარისია ამა თუ იმ პარტიის შემადგენლობაში რაღაც რაოდენობით ისეთი პირების არსებობა იქნეს ნაჩვენები, რომლებიც სხვა, უკვე აკრძალული პარტიის წევრები იყვნენ, რომ მარტო ამ გარემოების საფუძველზე შეიძლება იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება ამ მეორე პარტიის აკრძალვის შესახებ.
მეორე ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 14 დღეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის 42 პუნქტი). საქართველოში ყველამ იცის, რომ ნებისმიერ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვას და მასზე გადაწყვეტილების გამოტანას საკონსტიტუციო სასამართლო წლებს ანდომებს. პარტიის აკრძალვის სარჩელზე კი „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მკაცრი ვადები დაუწესა. აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალზე ეჩქარება და სურს, რომ რაც შეიძლება მალე გააუქმოს რეალური პოლიტიკური ოპოზიცია, თანაც ისე, რომ მის ცალკეულ წევრებს ახალი პარტიის დაფუძნების შესაძლებლობაც კი მოუსპოს.
სულ ახლახანს შეტანილი მესამე ცვლილების თანახმად კი, ნებისმიერ პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“, შეიძლება აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელება.
ყველა ამ ცვლილების არაკონსტიტუციურობის შესახებ ჩვენ ფართოდ ვიმსჯელეთ ჩვენს ამასწინანდელ ბლოგში.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ სარჩელს შეიტანდა, „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა რაღაც მტკიცებულება, რომელზეც დააფუძნებდა კონსტიტუციურ სასამართლოში თავის მოთხოვნას ამ პარტიის აკრძალვის შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი „მტკიცებულების“ შეთხზვის მიზნით შეიქმნა ე.წ. საგამოძიებო კომისიაც. შემდეგ თავებში ვიმსჯელებთ იმის შესახებ, რამდენად კანონიერად შეიქმნა და იმუშავა ამ კომისიამ.
- საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის კანონიერების საკითხი
სანამ საგამოძიებო კომისიის კანონიერების ანალიზს შევუდგებით, დასაწყისშივე აღვნიშვათ, რომ ამ მიმოხილვაში ჩვენ საგანგებოდ არ ვეხებით პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს. ამ პრობლემის ირგვლივ რომ საზოგადოებაში დიდი კითხვები არსებობს, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობისგან ამჯერად თავს შევიკავებთ მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ ლეგიტიმაციის საკითხმა არ დაჩრდილოს სხვა მხრივ არსებული კანონდარღვევები, რომლებიც უკავშირდება საკუთრივ საგამოძიებო კომისიის მიზნებსა და საქმიანობას.
მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა ყოფილიყო კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები (იხ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი და კომისიის შექმნის დროისთვის მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
როგორც ცნობილია, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატები ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო, რომელთაგან სამმა უარი თქვა მანდატებზე და პარლამენტიდან გავიდა, ხოლო, ერთი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ფორმალურად კი ინარჩუნებს პარლამენტის მანდატებს, მაგრამ უარს ამბობს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე.
ამ პრობლემის ვითომდაც მოგვარების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად შექმნა ე.წ. „ოპოზიცია“, კერძოდ უმრავლესობიდან გაიყვანა რამდენიმე, თავისი საკუთარი სიით პარლამენტში გასული დეპუტატი, რომლებსაც შეაქმნევინა ერთი ფსევდოოპოზიციური ფრაქცია „ხალხის ძალა“ და ერთიც ასევე ფსევდოოპოზიციური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.
ზემოაღნიშნული მოვლენების შედეგად, როდესაც დადგა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა 10 კაციანი საგამოძიებო კომისია, რომელშიც 5 ადგილი მიეკუთვნა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, ხოლო 5 ადგილი, როგორც ირწმუნებიან, - ოპოზიციას, საიდანაც 2 ადგილი მიეკუთვნა „ხალხის ძალას“, 1 - „ევროპელ სოციალისტებს“ და 2 - პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. თუმცა, „ქართული ოცნების“ განმარტებით, რადგან ამ პარტიის არჩეული დეპუტატები ბოლო დრომდე უარს აცხადებდნენ პარლამენტში მუშაობაზე, მათთვის განკუთვნილი ადგილები „ვაკანტურად“ დარჩა.
ასეთი მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებას და იმ დროს მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიულ წესს, რომლის თანახმად „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“.
სხვა თუ არაფერი, სამართლებრივ სახელმწიფოში ამ წესის დარღვევით დაკომპლექტებულ ე.წ. დროებით საგამოძიებო კომისიას მარტო იმიტომ არ უნდა ჰქონოდა მუშაობისა და რაიმე დასკვნების შედგენის კანონიერი საფუძველი, რომ „ოპოზიციური“ ადგილები კომისიაში ხელოვნურად, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გვერდის ავლით იქნა შევსებული.
- პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი და მისი მანდატი
იმ დროს მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების თანახმად:
„1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის საქმიანობის დროებითი სუბიექტია.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია:
ა) ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე.“
პარლამენტის რეგლამენტის ზემოთ ციტირებული ნორმები მიუთითებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არის და ვერ იქნება ნებისმიერი მოქალაქის მიერ ჩადენილი ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოძიება, ამისათვის არსებობენ საგამოძიებო ორგანოები. ბუნებრივია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ყურადღება არ შეიძლება დაეთმოს ისეთ საკითხებს, რაზეც რეაგირება სამართალდამცავმა სისტემამ უნდა მოახდინოს. ამიტომაც არის, რომ პარლამენტის რეგლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის იურისდიქციას შესაძლო სამართალდარღვევის სუბიექტის, საგნობრიობისა და კონკრეტულობის პარამეტრებით შემოფარგლავდა:
- დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება;
- დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოძიების საგანია მხოლოდ ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ან კორუფციული სამართალდარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერ ხარჯვასთან;
- დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და არა რაღაც ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის შესაფასებლად.
დე-ფაქტო პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის მინიჭებული ფართო მანდატი წინააღმდეგობაში იყო სამივე ზემოთ მითითებულ პრინციპთან.
ა) გამოსაძიებელი სამართალდარღვევების სუბიექტის მიხედვით კომისიის უფლებამოსილება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს
საგამოძიებო კომისია შეიქმნა საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებით. აღნიშნულ დადგენილებაში, რომლის სათაურია „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“, პირველ - მე-2 პუნქტებში განცხადებულია:
„1. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივის... საფუძველზე შეიქმნას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
2. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვროს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა“.
2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი დადგენილება, რომლითაც ცვლილება შეიტანა 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებაში. კერძოდ:
- დადგენილების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“;
- შესაბამისი ცვლილება შევიდა დადგენილების პირველ და მე-2 პუნქტებში და დროებითი საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგნად დამატებით მითითებულ იქნა „პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ საქმიანობაც.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა. ამ თვალსაზრისით, არ არის ნათელი, შეიძლება თუ არა ამგვარში ვიგულისხმოთ ტერმინები „რეჟიმი“ და „რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირები“.
მაგრამ თუნდაც დავუშვათ, რომ 2003-2012 წლებში მოქმედი „რეჟიმისა“ და „რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების“ საქმიანობის გამოკვლევა შეიძლება თავსდებოდეს სამართალდარვევის სუბიექტის მიხედვით დროებითი საგამოძიებო კომისიის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ უფლებამოსილებაში, რაც თავისთავად ცალკე მტკიცების საგანია, ნამდვილად ვერ თავსდება ამგვარ უფლებამოსილებაში „პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების“ საქმიანობის შესწავლა, რადგან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი ვერაფრით ჩაითვლება ვერც სახელმწიფო ორგანოდ და ვერც სახელმწიფოს თანამდებობის პირად.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება. იმავე ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი „პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი“, რომელზეც „ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.“
ზემოთქმულიდან გამომდინარე, „პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების“ საქმიანობის შესწავლა ცალსახად სცილდებოდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების სფეროს, რის გამოც პარლამენტმა აშკარად დაარღვია თავისივე რეგლამენტის მოთხოვნა, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნად „პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების“ საქმიანობის შესწავლა დაადგინა.
აქვე აღსანიშნავია პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილებების მიერ შემოფარგლული დროითი ჩარჩოების შეუსაბამობაც. კერძოდ, რადგან რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა, საგამოძიებო კომისიის ქვემდებარე ვერ იქნებოდა ისეთი სამართალდარღვევა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო თანამდებობაზე მყოფმა პირმა, შესაძლოა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჩაიდინა. ამდენად, ძირშივე არასწორი იყო კომისიის მანდატის გავრცელება დანაშაულზე, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის“ თანამდებობის პირებმა 2012 წლის შემდეგ, ანუ ამ „რეჟიმის“ შეცვლის შემდეგ „ჩაიდინეს“. ასევე გაუგებრობას იწვევს ათვლის წერტილად 2003 წლის მითითება, რადგან მართალია, „ვარდების რევოლუცია“ 2003 წლის ნოემბერში მოხდა, იურიდიულად ხელისუფლების ცვლილება 2004 წლის იანვარში განხორციელდა, როდესაც მოხდა ახლად არჩეული პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაცია და დაიწყო ახალი სახელისუფლო სისტემის ჩამოყალიბება.
ასეთი აშკარა ლაფსუსები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად არასერიოზულად, დაუფიქრებლად, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის გარეშე მოქმედებს დღევანდელი რეჟიმი, როდესაც ქვეყნისთვის საზიანო სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ღებულობს.
ბ) კომისიის უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებს საგნობრივი ქვემდებარეობის პრინციპის მიხედვითაც გასცდა
როგორც ზემოთ ასევე აღინიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოძიების საგანი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ან კორუფციული სამართალდარღვევა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს ან დაკავშირებული იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერ ხარჯვასთან.
2025 წლის 5 თებერვალს მიღებული დადგენილების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
„საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე.
2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობას უკავშირდება - პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება.“
2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებაში 1 აპრილს შეტანილი ცვლილების განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია:
„... საგამოძიებო კომისიის სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები დღემდე ღიად უპირისპირდებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნიან საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.
პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთაც ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი აქვთ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები, ღიად უპირისპირდებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნიან საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.“
ორივე დადგენილების განმარტებითი ბარათი სავსეა პოლიტიკური შეფასებებით, მაგრამ არსად მინიშნებაც კი არ არის ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა ან კორუფციული სამართალდარღვევაზე, რომელიც დღეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერ ხარჯვასთან.
კომისიის მანდატის უკანონო გაფართოვებაზე მეტყველებს საკუთრივ საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაც, რომელშიც ფართო ადგილი აქვს დათმობილი წამების, არაადამიანური მოპყრობის, მკვლელობის, სხვა სახის ძალადობის, ბიზნესის რეკეტის შესახებ ცალკეული საქმეების აღწერას. სადავო არ არის, რომ ასეთი დანაშაულების შესახებ ცნობები თავისთავად სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების საქმეა. ნაკლებად სადავოა ისიც, რომ ასეთი საქმეების გამოძიება, თუ ასეთი რამ არ მომხდარა, შეიძლება შედიოდეს სახელმწიფოს „პოლიტიკურ ინტერესებში“ და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარებოდეს დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მანდატს. მაგრამ საქმე ის არის, რომ კომისიის დასკვნაში აღწერილი საქმეები, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულებს ეხება, უკვე გამოძიებულია და მათ გამო არა ერთმა პირმა აგო კიდევაც პასუხი ჩადენილი ქმედებებისათვის. შესაბამისად, გაუგებარია, რაღა უნდა გამოეძიებია ამ კუთხით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას.
წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემის აღმოფხვრა თუ უნდოდათ პარლამენტს და მის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას, მაშინ ის დანაშაულები უნდა გამოეძიებიათ, რომლებიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა ჩვენგანის თვალწინ იქნა ჩადენილი, როდესაც პირდაპირ ქუჩაში უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, როდესაც მათი წამება და არასათანადო მოპყრობა პოლიციის კორდონების უკან, ავტობუსებში, პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში გრძელდებოდა. ამ დანაშაულების გამოძიება და მათი ამსრულებლების, ორგანიზატორების, წამქეზებლებისა და დამხმარეების გამოვლენა მართლაც იქნებოდა სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებში. თუმცა, ამ დღევანდელი პრობლემების წინაშე არც “პარლამენტს” და არც მის კომისიას იოტისოდენა ინტერესი არ გამოუვლენიათ და მხოლოდ 15-20 წლის წინ ჩადენილი, ისედაც უკვე გამოძიებული საქმეების კვლავ „გამოძიებით“ დაკავდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომისიას „ქართული ოცნების“ ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა და არა სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები.
ცალკე აღნიშნვნის ღირსია 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებული მოვლენების გამოკვლევის საკითხი. ყველასათვის ცნობილია ის ინსინუაციები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სრულიად უპასუხისმგებლოდ და საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის სამხედრო ოკუპაციასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით ავრცელებდნენ და ავრცელებენ. მაგრამ როგორი უსამართლო, რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო და ქვეყნისთვის საზიანოც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მესვეურთა შესაბამისი პოლიტიკური შეფასებები, არცერთი ასეთი შეფასება დღემდე არ შეიცავდა და არც კომისიის დასკვნა შეიცავს მითითებას კანონის კონკრეტულ ნორმაზე ან ნორმებზე, რომლებიც შეიძლებოდა დაერღვია პრეზიდენტ სააკაშვილს და მისი ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ისტორიული მტერი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა. ცხადია, რომ კომისიამ ვერ მოახერხა და ვერც მოახერხებდა იმის დამარწმუნებლად დასაბუთებას, თუ რომელი დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება იკვეთებოდეს წინა ხელისუფლების რომელიმე ისეთ ქმედებაში, რომელიც ემსახურებოდა ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი აგრესორის მოგერიების მიზანს.
გ) საგამოძიებო კომისიისთვის მინიჭებული ფართო მანდატი არღვევდა კონკრეტულობის პრინციპსაც
დაბოლოს, როგორც ზემოთ ასევე აღინიშნა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად იქმნება. მოცემული საგამოძიებო კომისიისთვის მინიჭებული მანდატი კი მოიცავსდა 20 წელს მეტი ხნის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ყოფილი „რეჟიმის“ მესვეურებს, მარტო კომისიაში შესული განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თურმე, სულ მცირე, 455 დანაშაული მაინც ჩაუდენიათ, რომელთაგან 114 ეხებოდა ქონებრივი უფლებების დარღვევას, 105 - წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, 11 – 2008 წლის აგვისტოს ომს, ხოლო 225 სხვა სახის დანაშაული ყოფილა. თუ ეს ყოველივე აკმაყოფილებს „კონკრეტულობის“ მოთხოვნას, მაშინ აუხსნელი დაგვრჩება, რაღა შეიძლება იყოს „ზოგადი“ და „აბსტრაქტული“.
- საგამოძიებო კომისია, როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსების ციხეში გამომწყვდევის ინსტრუმენტი
გარდა იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის სავარაუდო ამოცანა, სხვა შესაძლო ამოცანებთან ერთად, ისეთი „მტკიცებულების“ შექმნა იყო, რომელზეც დაამყარებდა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ თავის გადაწყვეტილებას ან გადაწყვეტილებებს, მმართველი რეჟიმის ხელში კომისია ეფექტიანი იარაღი აღმოჩნდა ოპოზიციური პოლიტიკოსების ციხეში გაშვების მიზნისთვისაც.
კერძოდ, საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი მასალების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის“, დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, რომელთა შორის იყვნენ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე. ყველა მათგანი მსჯავრდებულ იქნა და სასჯელის სახით 7 ან 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეწყალებულ იქნენ.
ქვემოთ განხილულია, როგორც ერთი მაგალითი, კომისიის მოთხოვნებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდების კანონიერების საკითხი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის მიმართ.
ა) საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების უკანონობა და თვითნებურობა
ჩვენ შევისწავლეთ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ბრალდების საქმის მასალები და აღმოვაჩინეთ, რომ საქმეში საერთოდ არ არის მტკიცებულებები, რომლებიც მის სისხლისსამართლებრივ დევნას საფუძვლიანს გახდიდა.
კერძოდ, როგორც სსკ 349-ე მუხლის ზემოთ ციტირებული ტექსტიდანაც კარგად ჩანს, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი კომისიის მოთხოვნის „კანონიერებაა“. კომისიის უკანონო მოთხოვნის შესრულების ვალდებულება პირს არა აქვს. შესაბამისად, სანამ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენდა, პროკურატურა ვალდებული იყო რაღაც, თუნდაც ერთი მტკიცებულება მაინც ჰქონოდა ხელთ, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა ობიექტურ პირს ევარაუდა, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა კომისიის სხდომაზე ზურაბ ჯაფარიძის გამოცხადების შესახებ კანონიერი იყო. „კანონიერება“ თავის არსშივე გამორიცხავს გადაწყვეტილების „თვითნებურობას“. ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის შემთხვევაში კი კომისიის მოთხოვნა, რომ ზურაბ ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე გამოცხადებულიყო და ახსნა-განმარტება მიეცა, იყო დაუსაბუთებელი და თვითნებური და, შესაბამისად, უკანონო. რამდენიმე გარემოებაა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ასეთი დასკვნის გაკეთება.
უპირველეს ყოვლისა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2003-2012 წლებში ზურაბ ჯაფარიძე არ იყო მაშინდელი „რეჟიმის“ პირობებში რომელიმე სახელმწიფო ორგანოს თანამდებობის პირი, იგი საერთოდ არ მუშაობდა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, რის გამოც ის არათუ თვითონ ვერ ჩაიდენდა კომისიის ქვემდებარე რომელიმე დანაშაულს ან სხვა სამართალდარღვევას, მას არც რაიმე ცოდნა შეიძლებოდა ჰქონოდა რომელიმე სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის პოლიტიკურ საქმიანობას ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ და შემდეგ სხვა პოლიტიკური პარტიების ფარგლებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო საგამოძიებო კომისიის ქვემდებარე პარლამენტის რეგლამენტით ამგვარი კომისიისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.
მეორე, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ირკვევა, რომ კომისია ზურაბ ჯაფარიძეს მისი პოლიტიკური საქმიანობის გამოც კი არ იბარებდა. საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 აპრილის N1502/1-3/25 წერილის თანახმად, კომისია მისგან მოითხოვდა ახსნა-განმარტების მიცემას „2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების როლისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ“. გარდა იმისა, რომ ამ საკითხებს არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან ან კორუფციულ სამართალდარღვევასთან, მათ ასევე არაფერი აქვთ საერთო თუნდაც „პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების“ საქმიანობის შესწავლასთანაც, რაც პარლამენტმა საკუთარი რეგლამენტის დარღვევით დააკისრა საგამოძიებო კომისიას.
მესამე, მისი ბრალდების შესახებ პროკურორის დადგენილებაში ერთი სიტყვითაც არ არის ახსნილი, თუ რაში მდგომარეობდა ზურაბ ჯაფარიძის კომისიის სხდომაზე დაბარების შესახებ კომისიის მოთხოვნის კანონიერება. არ არის მითითება არცერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ამ მოთხოვნის კანონიერებას დაასაბუთებდა.
მეოთხე, უკვე მას შემდეგ, რაც პროკურორმა 2025 წლის 16 აპრილს გამოიტანა დადგენილება ზურაბ ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ხელთ არ ჰქონდა რაიმე მტკიცებულება კომისიის მოთხოვნის კანონიერების შესახებ, პროკურორს მაინც ჰქონდა მცდელობა, გამოერკვია, თუ რაში მდგომარეობდა კომისიის მოთხოვნის კანონიერება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მტკიცებულება კომისიისგან ვერ მოიპოვა, პროკურორმა არ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა, რასაც ასეთ შემთხვევაში გააკეთებდა კეთილსინდისიერი პროკურორი.
კერძოდ, თავის 2025 წლის 23 აპრილის N13/01-26036 წერილში საგამოძიებო კომისიის მიმართ, პროკურორი მარი მეშველიანი წერს კომისიას:
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორ ხდება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კონკრეტული პირის მიწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება, დგება თუ არა აღნიშნულზე რაიმე სახის დოკუმენტი.
დადებით შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ცალკეულ პირთა მიწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები.“
პროკურორის ზემოთ აღნიშნულ წერილზე თავის 2025 წლის 24 აპრილის N1950/1-3/25 პასუხში საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე წულუკიანი პროკურორს წერს:
„კომისიის წევრები სხვადასხვა პირის კომისიის წინაშე გამოცხადების თაობაზე მოთხოვნას შეიმუშავებენ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, განსახილველი საკითხის/საკითხების საფუძვლიანი შესწავლის საჭიროებიდან გამომდინარე. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის ვიდეო/აუდიო ჩაწერა არ ხდება, ხოლო შემუშავებული მოთხოვნა ფორმდება კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი წერილით, რომელიც ეგზავნება მოსაწვევ პირს.“
ვისაც გვინდა, როცა გვინდა დავიბარებთ და ამაზე არავითარ დოკუმენტს, გარდა მოწვევის წერილისა, არ ვადგენთო, ფაქტიურად ამას ამბობს კომისიის თავმჯდომარე ზემოთ ციტირებული სიტყვებით, რაც შეუძლებელს ხდის დოკუმენტურად შემოწმებას იმისას, თუ რამდენად საფუძვლიანი და დასაბუთებულია კომისიის გადაწყვეტილება, რომ კომისიაზე დაიბაროს ესა თუ ის პირი, შეიძლება თუ არა დასაბარებელ პირს ჰქონდეს რაიმე კავშირი კომისიის მიერ გამოსაძიებელ საკითხთან, შეუძლია თუ არა ასეთ პირს საერთოდ რაიმე ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას ასეთ საკითხზე, კომისიის რომელი წევრის იდეა იყო კონკრეტული პირის კომისიაზე მოწვევა, ვინ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი ასეთ იდეას, საერთოდ იყო თუ არა კვორუმი პირის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს და, შესაბამისად, უფლებამოსილი იყო თუ არა კომისია, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება.
პროკურორს შეეძლო და ვალდებულიც კი იყო ეს საკითხები კომისიის წევრების გამოკითხვისა და შემდგომში სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის გზით მაინც გამოერკვია, მაგრამ მოქმედი რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი, სხვა ნიშნებთან ერთად, ისიც არის, რომ რეჟიმის მესვეურები კანონზე მაღლა იმყოფებიან და ჩვეულებრივი მოკვდავებივით მათზე რაიმე სამართლებრივი პროცედურების გავრცელება არ ხდება.
თუმცა, ამ ქვეთავის საერთო დასკვნა ის არის, რომ ასეთ საკითხებზე დოკუმენტური მტკიცებულებების უქონლობის და საერთოდ რაიმე გონივრული პასუხის უქონლობის პირობებში კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება შეუძლებელია. მეტიც, ასეთ კითხვებზე პასუხის უქონლობა ბრალდების ნაკლია და არა დაცვისა, რადგან მტკიცების ტვირთი სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებას აკისრია.
ბ) კომისიაზე დაბარებული პირის საპროცესო უფლებების უქონლობა
მეორე საკითხია, რომ კომისიაზე დაბარებულ პირს პრაქტიკულად არ გააჩნია ის მინიმალური საპროცესო გარანტიებიც კი, რომლებიც, მაგალითად, გააჩნია მოწმეს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პროცესში.
კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა და დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მას წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მაგრამ რეგლამენტის არცერთ მუხლში არ არის დადგენილი, რომ ახსნა-განმარტების მიმცემი პირი არ არის ვალდებული მისცეს ისეთი ახსნა-განმარტება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს (შდრ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) ან გასცეს რაიმე სხვა ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ (შდრ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 343 მუხლის მე-2 პუნქტი).
- პარლამენტის დადგენილება კომისის დასკვნის დამტკიცების შესახებ
2025 წლის 3 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საგამოძიებო კომისის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომლითაც დაამტკიცა საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტმა ფაქტიურად სისტყვა-სიტყვით გადმოიტანა თავის დადგენილებაში კომისიის დასკვნის ძირითადი „მიგნებები“.
- „ქართული ოცნების“ დეპუტაციის კონსტიტუციური სარჩელი
ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ერთადერთი მტკიცებულების სახით ერთვის თან „ქართული ოცნების“ დეპუტაციის კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც მიზნად ისახავს სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის თაობაზე.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოში მოისპობა, ხოლო, სულ მცირე, 700 000 ამომრჩეველი, რომელმაც თავისთავად ნაკლებად სანდო ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ამ პარტიებს მისცა, არჩევანის გარეშე დარჩება.
დასკვნა
2025 წლის თებერვალში შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის აღმოსაფხვრელად შექმნილი უკანონო მექანიზმი იყო.
- კომისიის შექმნის მიზანი: კომისიის რეალური მიზანი იყო არა კანონდარღვევების გამოძიება, არამედ „მტკიცებულებების“ შეთხზვა, რომელთა საფუძველზეც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას შეძლებდა. ამ მიზანს ემსახურებოდა პარტიების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიც, რომლებმაც გაამარტივა პარტიის აკრძალვის პროცედურები.
- შემადგენლობის უკანონობა: კომისიის შემადგენლობა პირდაპირ არღვევდა კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას წევრთა რაოდენობის არანაკლებ ნახევარი უნდა ეკუთვნოდეს. რეალური ოპოზიციის არმონაწილეობის პირობებში, კომისიაში უმრავლესობასთან ერთად შეყვანილ იქნენ ფრაქციის შექმნის წესის უხეში დარღვევით, ხელოვნურად შექმნილი, მმართველ გუნდთან აფილირებული „ფსევდოოპოზიციური“ ჯგუფები, რაც წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნებთან.
- უფლებამოსილების გადამეტება: კომისიის მანდატი და საქმიანობა არღვევდა პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ სამ ძირითად პრინციპს:
- სუბიექტი: კომისია “იძიებდა” არა მხოლოდ სახელმწიფო თანამდებობის პირთა, არამედ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საქმიანობას, რაც მის კომპეტენციას სცდებოდა.
- საგანი: კომისიის „გამოძიების“ საგანი გახდა 15-20 წლის წინ ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ისედაც გამოძიებული იყო და რომლებისთვისაც კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგეს კიდეც. პარლამენტი და კომისია არ დაინტერესებულან უკანსკნელ ხანებში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მასობრივად ჩადენილი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომისია „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა და არა სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესებს.
- კონკრეტულობა: კომისია იკვლევდა 20 წელზე მეტი ხნის პერიოდს და ასობით სხვადასხვა ეპიზოდს, რაც ეწინააღმდეგება „კონკრეტული საკითხის“ შესწავლის მოთხოვნას.
- რეპრესიული ინსტრუმენტი: კომისია გამოყენებულ იქნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირდაპირი დევნისთვისაც. კომისიაზე გამოუცხადებლობის მოტივით, მსჯავრდებულ იქნა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის მაგალითი აჩვენებს, რომ დაბარების მოთხოვნა და შემდგომი ბრალდება თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო, რადგან კომისიას არ გააჩნდა არგუმენტირებული საფუძველი და დოკუმენტაცია, თუ რატომ იბარებდა ამა თუ იმ პირს.
- საპროცესო უფლებების დარღვევა: კომისიაზე დაბარებულ პირებს წართმეული ჰქონდათ ფუნდამენტური საპროცესო უფლებები, მათ შორის, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, რაც სისხლის სამართლის პროცესის საბაზისო გარანტიაა.
- პარლამენტის დადგენილება: 2025 წლის 3 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საგამოძიებო კომისის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომლითაც დაამტკიცა საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტმა ფაქტიურად სისტყვა-სიტყვით გადმოიტანა თავის დადგენილებაში კომისიის დასკვნის ძირითადი „მიგნებები“.
- კონსტიტუციური სარჩელი: ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ერთადერთი მტკიცებულების სახით ერთვის თან „ქართული ოცნების“ დეპუტაციის კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც მიზნად ისახავს სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის თაობაზე.
- პოლიტიკური პლურალიზმის სავარაუდო დასასრული: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოში მოისპობა, ხოლო, სულ მცირე, 700 000 ამომრჩეველი, რომელმაც თავისთავად ნაკლებად სანდო ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ამ პარტიებს მისცა, არჩევანის გარეშე დარჩება.
მთლიანობაში, საგამოძიებო კომისია იქცა არა ლეგიტიმურ საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანოდ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის მიზანმიმართულ, უკანონო იარაღად მმართველი რეჟიმის ხელში.