ქონებრივი დეკლარაციების წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე უნდა გაფართოვდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქონებრივი დეკლარაციების წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე უნდა გაფართოვდეს

08 ოქტომბერი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ სექტემბერში პარლამენტს განსახილველად წარუდგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვილებებს კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.“ ეს კანონი ადგენს იმ თანამდებობის პირთა წრეს, რომლებსაც ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა ევალებათ.

საქართველოში ამჟამად ქონების დეკლარირების გამართული და გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. საჯარო სამსახურის ბიურო უზრუნველყოფს თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციების წარდგენას და ამ დეკლარაციებს სპეციალური ვებგვერდზე განათასავსებს, სადაც მათი ნახვა ყველას შეუძლია. საჯარო სამსახურის ბიურო ქებას იმსახურებს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ბოლო წლებში სისტემის გაუმჯობესებისთვის გასწია.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით ფართოვდება იმ თანამდებობის პირთა წრე, ვისზეც კანონი გავრცელდება და ვისაც, შესაბამისად, ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოუწევს. გაფართოებული სია მოიცავს სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის შექმნილი სსიპ-ებისა) ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოების ხელმძღვანელებს, სადაც წილის 100 პროცენტს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ფლობს. ეს ცვლილებები მისასალმებელია და მათ შედეგად საქართველო მორიგ ნაბიჯს გადადგამს საჯარო სამსახურის გამჭვირვალობისკენ. ამავე დროს, ვფიქრობთ, რომ კანონი შემდგომ ცვილებებს საჭიროებს, რათა სრულად დაფაროს კორუფციის კუთხით არსებული საფრთხეები.

ვის ევალება ქონების დეკლარირება?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი შემოთავაზებულ ცვლილებებს დაამტკიცებს, ქონების დეკლარირების იურიდიული ვალდებულება კვლავ არ გავრცელდება ზოგიერთ მნიშვნელოვან მოხელეზე, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებაში. მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრების უმრავლესობას ამჟამად ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა არ ევალება. ქალაქის საკრებულოს წევრები გადაწყვეტილებებს იღებენ ქალაქის ბიუჯეტიდან საჯარო თანხების ხარჯვის თაობაზე. ამავე დროს, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ კერძო ბიზნესში მონაწილეობა. მათ კერძო კომერციულ ინტერესებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ნაკლებობა სერიოზულ საფრთხეებს წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების კუთხით. ქონების დეკლარირების ვალდებულება ასევე არ ვრცელდება საქალაქო სამსახურების უფროსებზე (რომლებიც დიდი რაოდენობით საჯარო თანხებს განკარგავენ). ანალოგიური ვითარებაა საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, რაც სერიზულ ხვრელებს აჩენს ქვეყნის ანტიკორუფციულ სისტემაში.

ქონებრივი დეკლარაციების შინაარსი

საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები ამჟამად სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მათი შემოსავლის, წილებისა და ქონების შესახებ. თუმცა, გარკვეული დამატებების შემთხვევაში სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება, ხოლო მონიტორინგით დაკავებულ სამთავრობო და არასამთავრობო სუბიექტებს სამუშაო გაუდვილდებათ. მაგალითად, თანამდებობის პირებს შეიძლება დაევალოთ ქონებრივ დეკლარაციებში მათი კომპანიების საიდენტიფიკაციო კოდებისა და მათი მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების მითითება. მათ ასევე შეიძლება დაევალოთ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი ნომრების მითითება (ეს მნიშვნელოვნად გააიოლებს ქონებრივი დეკლარაციების მონაცემების შედარებას სამეწარმეო რეესტრის მონაცემებთან, თუმცა გამოითქმის შეშფოთება, რომ ამგვარი მოთხოვნა ამ ინდივიდების პირადი ცხოვრების ხელყოფა იქნებოდა). ქონებრივ დეკლარაციაში, შესაძლოა, ასევე მითითებული იყოს საჯარო მოხელის ზუსტი თანამდებობა (და არა უბრალოდ ის უწყება, სადაც ის მუშაობს) და ამ თანამდებობის დაკავების ზუსტი თარიღი (რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავრმწუნდეთ, რომ დეკლარაცია კანონით დადგენილ ვადებში იქნა წარდგენილი).

ინფორმაციის გადამოწმება

სამომავლოდ, აუცილებელია ქმედითი სისტემის შექმნა იმ ინფორმაციის გადამოწმებისთვის, რომელიც თანამდებობის პირთა დეკლარაციებშია მოცემული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორინგით დაკავებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებმა ბოლო წლებში არაერთი უზუსტობა აღმოაჩინეს ამ დეკლარაციებში . მთავრობამ ბოლო პერიოდში აღიარა ასეთი სისტემის საჭიროება, თუმცა მის შესაქმნელად წარმოებული სამუშაო ჯერაც ძალზე ადრეულ ეტაპზეა.

„საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო“ მიესალმება შემოთავაზებულ ცვლილებებს კანონში “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.“ ამავე დროს, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და განიხილონ ინ თანამდებობის პირთა სიის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა ევალება. განსხვავებით ზოგიერთი კომპლექსური ცვლილებისგან (როგორიც არის, მაგალითად, დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების სისტემის შექმნა), რომელთა მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, ეს საკმაოდ მარტივი დამატება იქნება კანონში. მისი განხორციელება სწრაფად შეიძლება და ის მნშვნელოვნად შეამცირებს კორუფციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს საჯარო სამსახურში.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

Author: ერეკლე ურუშაძე