კორუფციის რისკები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კორუფციის რისკები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში

09 ნოემბერი, 2022

2013-2021 წლებში, სამცხე-ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა,  ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54 ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა,  7 725 685 ლარად იყიდეს. მათ შორის,  გასხვისებული მიწის  75 % (97 417 კვ.მ)  უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით 2 938 300 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, 8 სუბიექტმა, 378 223 კვ.მ. ფართობი 1 458 387 ლარად[1], პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო.

 

 

თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები

23-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ან საჯარო უწყებაში მუშაობის პერიოდში, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ელექტრონული აუქციონით, ჯამში, 61 511  კვ.მ ფართობი იყიდეს, აქედან 57 658 კვ.მ (93.7%) 15-მა პირმა უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით მიიღო.

გოჩა პარუნაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის პოზიციაზე 2013 წლის 3 აპრილს დაინიშნა. თანამდებობის დაკავებიდან ერთ თვეში, 2013 წლის 15 მაისს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ,  1,100 ლარად, ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩასთან  მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი იყიდა.

თამაზ გოგოლაძემ, 2014 წლის 13 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სოფელ ტაძრისში,  ელექტრონულ აუქიონზე გამოტანილი  248 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 43 კვ.მ ყოფილი საქვაბის შენობა,    2,185 ლარად იყიდა. ამ დროს, თამაზ გოგოლაძეს ბორჯომის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

არსენ ოვეიანმა, 2014 წლის აგვისტოში, ელექტრონული აუქციონით,  უკონკურენტოდ, 30,000 ლარად, ახალციხეში, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე 1,173 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. არსენ ოვეიანის მამა, სამველ ოვეიანი, ამ დროს ახალციხის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე იყო

ასია დანელიანმა, 2014 წლის 30 სექტემბერს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 27,000 ლარად,  ახალქალაქში, მალხასიანის  N2-ში  მდებარე 1,421 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული  ობიექტი N1  (სამრეცხაოს შენობა, განაშენიანების ფართი - 219.3 კვ.მ.) იყიდა. ამ დროს მისი შვილი, ჰარუთუნ ჰოვჰანესიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

ორ კვირაში, 2014 წლის 16 ოქტომბერს, თავად  ჰარუთუნ ჰოვჰანესიანმაც, 28,500 ლარად, ახალქალაქში, მალხასიანის  ქუჩა N2-ში მდებარე 1,351 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი იყიდა. 

მინდია ჯელიამ, 2014 წლის 6 ოქტომბერს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 4,500 ლარად, ადიგენში, ბალახაშვილის  N12-ის მიმდებარედ არსებული 360 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული ობიექტი N1  (ყოფილი საქვაბე,  განაშენიანების ფართი - 130 კვ.მ.) იყიდა. ამ დროს იგი ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილის პოზიციაზე ოთხი თვის დანიშნული იყო.

გევორგ ქსპოიანმა, 2015 წლის 13 მარტს, ელექტრონული აუქციონით, 10,500 ლარად, ნინოწმინდაში,  სოფელ განძაში  მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 88 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა ობიექტი N1 (ნინოწმინდის შ.ს. განყოფილების ყოფილი შენობა) იყიდა. ამ დროს, გევორქ ქსპოიანის მამას, ანდრანიკ ქსპოიანს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

შპს „მესხურმა  ნობათმა“, 2015 წლის 21 მაისს,  ელექტრონული აუქციონით, 19,000 ლარად, ახალციხეში, ივერიელის ქუჩა N5-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 249 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდა. შპს „მესხურ ნობათს“ ადრე  შპს „ბაზარი“ ერქვა და ამავე ადგილზე აგრარული ბაზარი ჰქონდა. 2014 წლის 29 აგვისტოს, შპს „ბაზარის“ რვა მესაკუთრემ 155,100 დოლარად შეფასებული წილი, 44,900 დოლარად გაასხვისა/დაუთმო, ახალციხის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ ერთი თვის  შესული დეპუტატის და კომისიის თავმჯდომარის გელა პეტაშვილის მეუღლეს, რუსუდან გოგოლაძეს. ამ შპს-ს დირექტორად ჯერ  გელა პეტაშვილის ბიძა, ოლეგ პეტაშვილი, შემდეგ კი მისი ძმა გია პეტაშვილი დაინიშნა. Სწორედ ამის შემდეგ კომპანიას ეწოდა “მესხური ნობათი”, რომელმაც მოიგო აუქციონი და ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე დღეს საცხოვრებელი კორპუსი „მესხეთი თაუერი“ ააშენა.

პეტაშვილების ოჯახის ამავე კომპანიამ, აბასთუმანში, ასევე, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 2020 წლის 31 აგვისტოს,  16,500 ლარად 101 კვ.მ. და 55 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიც იყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 31 აგვისტოს, პეტაშვილების მამამ, თამაზ პეტაშვილმა, რომელიც წილებს სამ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში ფლობს, „ქართულ ოცნებას“ 1,000 ლარი შეწირა. იმ  სამშენებლო კომპანიებს, რომლებშიც თამაზ პეტაშვილი წილებს ფლობს, 2011-2022 წლებში, სახელმწიფო შესყდივებით 13 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

დავით გოქსაძემ, 2016 წლის 1 თებერვალს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 3,400 ლარად,  ახალციხეში, სოფელ ურაველში, 763 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა - ობიექტი N1 (დანგრეული) შეიძინა. ამ დროს მისი ძმა, ბესიკ გოგსაძე, ახალციხის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე იყო. 

შპს „მეეკმა“,  ელექტრონული აუქციონით, 2016 წლის 25 თებერვალს, ახალქალაქში, კარწახში, 92,000 ლარად  1,500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. შპს „მეეკი“ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიაა, იგი ამ დროს საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ართურ ირიციანმა,  2016 წლის 30 მარტს, ელექტრონული აუქციონით, 21,100 ლარად  იყიდა ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მდებარე 676 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამ დროს მისი ძმა, ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ვარდ მოსოიანმა, 2017 წლის 24 მარტს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ 8,000 ლარად, ახალქალაქში, თოთხამში 1,308 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამ დროს მას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიცია ეკავა. 2018 წლის თებერვალში, იგი მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს. საქმის მასალების მიხედვით, მისი მეუღლის სახელზე რეგისტირებულმა კომპანია „ვემ-ამ“, 2014 წელს, ახალქალაქის მერიის მიერ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო. სამუშაოები კი წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკითა და თანამშრომლების ჩართულობით განახორციელა.

ედუარდ საჰარიანმა, 2018 წლის 23 ივნისს,  9,500 ლარად, უკონკურენტოდ, ახალქალაქში,  ვაჩიანში (ხართა) მდებარე 4,400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა იყიდა. ამ დროს მის ძმას, აშოტ საარიანს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. აღსანიშნავია, რომ აშოტ საარიანი ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2014-2021 წლებში იყო, მისმა ძმამ ედუარდ საჰარიანმა კი 2015-2017 წლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებით 722,927 ლარი მიიღო.

მარიკა ჩიტაშვილმა, 2019 წლის 14 თბერვალს 21,500 ლარად, უკონკურენტოდ მოიგო პრივატიზაციის აუქციონი ახალციხეში 1,384 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ამ დროს იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

ბესიკ ჩილინგარაშვილმა, 2019 წლის 7 მარტს,  3,600 ლარად, ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე, სხვილისის ტერიტორიაზე  171 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა უკონკურენტო აუქციონზე იყიდა. ამ დროს მას თბილისში, ვაკის რაიონის გამგეობაში სამხედრო განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.

მაკა გელაშვილმა, 2019 წლის 11 მარტს, უკონკურენტოდ,  15,800 ლარად, ბორჯომში,  რუსთაველის  N14-ის მიმდებარედ 109 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამ დროს მისი მეუღლე, ჯემალ კაბულაშვილი, ააიპ „ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე იყო. სამ თვეში, 10 ივნისს, მაკა გელაშვილმა, მიწის ნახევარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ  გიორგი წიქარიშვილს აჩუქა. წიქარიშვილისა და მისი მეუღლის შესაძლო კორუფციულ სახელმწიფო შესყიდვებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2022 წლის მარტში წერდა.

ლევან ლობჯანიძემ, უკონკურენტოდ, 10,500 ლარად, 2019 წლის 2 დეკემბერს, ადიგენში, მლაშეში 2,000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტორნულ აუქციონზე მოიგო. ამ დროს მისი ძმა, აჩიკო ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო.

ლარისა  აკოფიანმა, 2019 წლის 9 დეკემბერს, ადიგენში, ერისთავის ქუჩა N28-ის მიმდებარედ,   2,800 ლარად 102 კვ.მ. და  1,800 ლარად 78 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები უკონკურენტოდ იყიდა. მას ამ დროს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია ეკავა.

ანზორ ბარძიმაძემ, 2019 წლის 17 დეკემბერს,  3,400 ლარად,  ახალციხეში, აწყურში,  92 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. ამ დროს, ანზორ ბარძიმაძის უფროს შვილს, გიორგი ბარძიმაძეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ზედამხედველობის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია ეკავა. 2021 წლიდან კი უმცროსი  შვილი, ზურაბ ბარძიმაძე ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

ზაზა გელაძემ, 2020 წლის 8 სექტემბერს, 19,500 ლარად, უკონკურენტოდ, ახალციხეში, ციხისძირის  N18-ში 124 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. გელაძე, 2016-2020 წლებში, „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში  ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსი იყო.

არტურ მკოიანმა, 2020 წლის 24 ნოემბერს,  3,900 ლარად, ახალქალაქში, დილისკაში 325 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. ამ დროს ის ახალქალაქის საკრებულოში თავმჯდომარეობდა ფრაქცია „ქართული ოცნება - ახალგაზრდები“.

კარაპეტ კარაპეტიანმა, 2021 წლის 8 თებერვალს,  3,200 ლარად, უკონკურენტოდ, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული 22 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი იყიდა. ოთხ თვეში, 2021 წლის 16 ივნისს, კარაპეტ კარაპეტიანმა, აღნიშნული ფართი „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოს დეპუტატს, ტიგრან მელქონიანს აჩუქა.

ვაგრამ ადუმიანმა, 2021 წლის 28 დეკემბერს, 238,500 ლარად, უკონკურენტოდ, ნინოწმინდაში, პუშკინის N103-ში 39,594 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა. ვაგრამ ადუმიანის შვილი, სერგეი ადუმიანი „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

თათია ხუციშვილმა, 2021 წლის 22 იანვარს,  71,000 ლარად, უკონკურენტოდ, ახალციხეში მდებარე 3,717 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები იყიდა. თათია ხუციშვილი ააიპ „ახალციხის ციხის“ დირექტორის მოადგილის, ნათია ხუციშვილის დაა.

  „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფი პირები

პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა და მათი ოჯახის წევრებმა, ასევე, ბიზნეს პარტნიორებმა და შემწირველებმა, სულ 8 სუბიექტმა, ელექტრონული აუქციონით, 22 120 კვ.მ ფართობი იყიდეს. აქედან, 16 325  კვ.მ. (73.8%) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით.

თამარ დალალიშვილმა, 2016 წლის 23 მარტს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ 3,200 ლარად, ახალციხეში, დიდიმამიშვილის N1-ის  მიმდებარედ  40 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. მისი მეუღლე, ბიჭიკო მოდებაძე, 2012 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, 2018 წლის 31 მარტს, ბიჭიკო მოდებაძე „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრად აირჩიეს. ამავე წლის 13 ივნისს, ბიჭიკო მოდებაძის შვილმა, ირაკლი მოდებაძემ, ასევე ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 23,500 ლარად, ახალციხეში, ურაველში 7,128 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა შეიძინა. ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 25 მაისს, კვლავ ურაველში, ირაკლი მოდებაძემ, უკონკურენტოდ,  6,700 ლარად, 1,746 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იყიდა.

გარდა ამისა, ბიჭიკო მოდებაძის ძმის შვილმა, კახაბერ მოდებაძემ, 2017 წლის 29 დეკემბერს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ,  3,200 ლარად, ახალციხეში, ურაველის ხიდის მიმდებარედ 579 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. კახაბერ მოდებაძე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმოს“ სამუშაოების მწარმოებლად მუშაობდა, კომპანია ახალციხეში ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის კორპუსს აშენებდა.

შპს „საბპეტროლმა“, 2016 წლის 19 სექტემბერს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ,  28,000 ლარად, ადიგენში, არალში  2,745 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. 2016 წლის 13 ოქტომბერს, ასევე, უკონკურენტოდ,  ამავე სოფელში, 749 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 12,000 ლარად შეიძინა. აღნიშნული კომპანიის დირექტორისა და 25% წილის მფლობელის, პავლე ბათმანაშვილის კუთვნილმა შპს „არალ-პეტროლმა“, ორი ნაკვეთის ყიდვიდან ერთ თვეში, 2016 წლის 20 ოქტომბერს, „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შეწირა.

პავლე ბათმანაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „ლიდოილმა“ , რომლის 50% წილის მფლობელი და დირექტორიც თავადაა, 2021 წლის 17 ივნისს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ,  40,000 ლარად, ახალციხეში, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ 1,552  კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. ერთ თვეში, 2021 წლის 3 აგვისტოს, ბათმანაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 10,000 ლარი შეწირა. მის კომპანიებს, შპს „პარა პეტროლს“, შპს „არალ-პეტროლს“ და შპს „ემპა კომპანის“, 2015-2022 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებით 700,000 ლარზე მეტი აქვს მიღებული.

სამველ გოგორიანმა, 2019 წლის 31 მაისს ახალქალაქში,  41,000 ლარად, აღმაშენებლის ქუჩის  მიმდებარედ არსებული 1,629 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი იყიდა. იგი, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის სამველ მანუკიანის ბიზნესპარტნიორია. ამ დროს, სამველ გოგორიანი და სამველ მანუკიანი შპს „გეოფუდში“ 50-50% წილს იყოფდნენ.

იმედა მუმლაძემ, 2020 წლის 16 აპრილს,  22,500 ლარად,  უკონკურენტოდ, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე 7 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, ასევე,  თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 204  კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა იყიდა. ვიდრე, სახელმწიფო აღნიშნულ ნაკვეთებს აუქციონზე გასაყიდად გაიტანდა, მანამდე, იმედა მუმლაძის და მისი ბიზნეს პარტნიორის,  ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა მიქელაძის კომპანიამ შპს „ატლანტ ოილმა“ მშენებლობის ნებართვის გარეშე ამ მიწაზე ბენზინგასამართი სადგური ააშენა. უკანონო მშენებლობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020 წლის აპრილში წერდა. აღსანიშნავია, რომ იმედა მუმლაძემ  2020 წლის 27 მაისს,  33,000 ლარად, ასევე, უკონკურენტოდ,  ახალციხეში, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ 1,029 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთიც შეიძინა.

ზაურ ცხადაძემ, 2021 წლის 9 დეკემბერს, 960,000 ლარად, აბასთუმანში მდებარე 3,417 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნაკვეთის ყიდვამდე ოთხი თვით ადრე, 2021 წლის 24 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შეწირა.

შპს „მშენ-2014-“მა, 2021 წლის 29 ივლისს, 35,000 ლარად, უკონკურენტოდ, ბორჯომში, სტალინის ქუჩის მიმდებარედ 1,295  კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა იყიდა. კომპანიის დირექტორის, შალვა ფხიკიძის სხვა კომპანიამ შპს „მშენ - 2008“-მ, რომლის 70% წილის მფლობელი და დირექტორიცაა, მიწის ყიდვამდე ერთი თვით ადრე, 2021 წლის 2 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შეწირა. შალვა ფხიკიძის სამ კომპანიას, შპს „მშენ- 2008“-ს, შპს „ტეხასი“-ს და შპს „მშენ-2014“-ს 2016-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 131,830 ლარი აქვს მიღებული.

 

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა 8  კომპანიამ, ელექტრონული აუქციონით, ჯამში 46 144 კვ.მ.  ფართობი იყიდა, მათ შორის 23 434 კვ.მ. (50.7%) უკონკურენტოდ გასხვისდა. რვავე კომპანიამ მიწები აბასთუმანში, 2018 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ შეიძინა, რაც აქ ბიძინა ივანიშვილმა სახლის ასაშენებლად მიწა იყიდა

დემეტრე თათეშვილმა 2018 წლის 29 აგვისტოს, ელექტრონული აუქციონით,  აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა N18-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  2,000 კვ.მ. მიწა 222,000 ლარად და 1,883 კვ.მ. 210,000 ლარად,  უკონკურენტოდ შეიძინა. თუმცა, 2020 წლის აგვისტოში, თათეშვილმა ორივე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა. სანაცვლოდ, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე,  მიიღო 4,660 კვ.მ. მიწა, რომელიც  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და  ბიძინა ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფ მერიოტთან“ ახლოს მდებარეობს. თათეშვილებმა,  2018 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ჩავიდა, მას სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდეს. დემეტრე თათეშვილმა ელექტრონულ აუქციონზე ორი ნაკვეთი, სწორედ ამ გარიგებიდან ათ დღეში შეიძინა

შპს „ემერალდმა 2018 წლის 10 სექტემბერს,  აბასთუმანში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 1983 კვ.მ.  161,000 ლარად და 1,145 კვ.მ.   96,000 ლარად  უკონკურენტოდ იყიდა. კომპანია ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული, რადგან მისი 100% წილი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

სს „GAVELTON INVESTMENTS LIMITED“-მა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, უკონკურენტოდ, 373,000 ლარად, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 4,613 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ასევე, 2020 წლის 10 ოქტომბერს, 8,000 ლარად, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ  40 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც იყიდა.  აღნიშნული კომპანია, ბელიზშია რეგისტრირებული და მისი საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლოა, ეს კომპანიაც ბიძინა ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული, რადგან ამ მიწის ნაკვეთის გარშემო არსებული ნაკვეთები, სწორედ მისმა კომპანიებმა შეიძინეს.

შპს „ცისარტყელამ“,  2018 წლის 18 დეკემბერს, აბასთუმანში, 557,000  ლარად, 5,539 კვ.მ. 2019 წლის 21 ივნისს კი 220,500 ლარად, ასევე, აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე 2,183 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთები უკონკურენტოდ იყიდა. გარდა ამისა, შპს „ცისარტყელამ“,  2020 წლის 2 ივნისს, 43,000 ლარად, აბასთუმანში 114 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთიც შეიძინა. კომპანიის 51% წილის მფლობელი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია“. ეს შპს კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ, ოფშორში რეგისტრირებულ სს „FRANKSTON INTERNATIONAL “-ს ეკუთვნის.

“ასოციაცია ატუმ“,  2019 წლის 3 იანვარს,  6,800 ლარად, სოფელ აბასთუმანში 116 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნული კომპანია პირდაპირაა დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან.

შპს „სანაპიროს ხედმა“, 2019 წლის 15 თებერვალს,  3,540,000 ლარად, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა N40-ში მდებარე  16,004 კვ.მ2,974 კვ.მ. და  4,607 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთები იყიდა მათზე განთავსებული ნაგებობებითა და ასევე, ნანგრევი შენობებით. ამავე წლის, 13 სექტემბერს, უკონკურენტოდ,  72,000 ლარად, კვლავ აბასთუმანში,  ფალიაშვილის ქუჩა  N49-ის  მიმდებარედ  არსებული 1,751 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც შეიძინა. ამ შპს-ს მესაკუთრე, ასევე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული და ოფშორში რეგისტრირებული „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“.

შპს „აბასთუმანი 2019“-მა, 2019 წლის 15 აგვისტოს, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე  71,000 ლარად  582  კვ.მ,  2020 წლის 2 სექტემბერს 114,000 ლარად  759 კვ.მ,  2020 წლის 19 ნომებერს,  26,500 ლარად 105 კვ.მ  და  59 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები უკონკურენტოდ იყიდა. შპს „აბასთუმანი 2019“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ, ოფშორში რეგისტრირებულ „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელს“ ეკუთვნის.

შპს „ოცხე 2020“-მა, 2020 წლის აგვისტო-ნოემბერში, უკონკურენტოდ მოიგო პრივატიზაციის სამი ელექტრონული აუქციონი,  64,000 ლარად, 13,000 ლარად და 51,000 ლარად, ჯამში 832 კვ.მ ფართობი,  აბასთუმანში. კომპანია 2020 წლის 30 ივნისს დარეგისტრირდა, პირველი მოგებული აუქციონის გამოცხადებამდე (2020 წლის 7 აგვისტო) დაახლოებით, ერთი თვით ადრე. კომპანიის  დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა, ზურაბ კიკნაძემ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის 20 მარტს, 25 ათასი ლარი შეწირა. ზურაბ კიკნაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმოს“ დირექტორი და 20% წილის მფლობელია.

 

 პრივატიზაცია პირდაპირი წესით

პირდაპირი პრივატიზების წესით,  „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფ და ახლად დაფუძნებულ კომპანიებზე, სულ 8 სუბიექტზე, 378 223  კვ.მ. ფართობი 1 458 387 ლარად[2] პირდაპირი მიყიდვის წესით გაიცა.

შპს „სატახას“, 2014 წლის 12 მარტს, 365,501 ლარად, ბორჯომში გამსახურდიას ქ. 17-ში მდებარე 2,003 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ასევე,  შპს "სანატორიუმი ბორჯომის ბაღის“ 100% წილი პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა. (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები). შპს „სატახა“ და ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია „მეეკი“ შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ მეწილეები არიან.  ამ დროს, ენზელ მკოიანი, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ააიპ „რაგბის მარდამჭერთა ლიგას“, 2015 წლის 24 მარტს, ასპინძაში, მდებარე 17,460 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცეს. (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები). აღნიშნული კომპანიის ბიძინა ივანიშვილთან კავშირსა და ასპინძის სარაგბო ბაზის დაფინანსების სქემაში შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2021 წლის მაისში წერდა.

ახალდაფუძნებულმა  შპს „ფრეკომ“2016 წლის 9 ივნისს, 1 ლარად, ახალციხეში, მუსხში 1,386 კვ.მ არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მიიღო. კომპანია 2016 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა, მთავრობის განკარგულებამდე (18 მაისი, 2016 წ. განკარგულება N861) 20 დღით ადრე. (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები)

გიორგი აზარიაშვილმა, 2020 წლის 8 ივლისს, ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში მდებარე 24 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ჯამში 216 კვ.მ. შეიძინა. მისი გაფორმებიდან 2 თვეში, 2020 წლის 10 სექტემბერს, მან „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შეწირა.

შპს „დემეტრე და კომპანიამ, 2017 წლის 10 აპრილს, ახალციხეში, ადიგენის ქუჩა N2-ში მდებარე 34,494 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 - N17,  სიმბოლურ ფასად, 2 ლარად, სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნის პირობით მიიღო. კომპანიის დირექტორიცა და მესაკუთრეც დემეტრე თათეშვილია. ფართის მიღებიდან ოთხ თვეში, 2017 წლის 3 აგვისტოს, მისივე კომპანია შპს „არალმა“ „ქართულ ოცნებას“ 40,000 ლარი შეწირა. (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები).

მარინე კბილაშვილმა, რომლის უფლებამონაცვლეც შპს „ვილა აბასთუმანია“, 2021 წლის 9 ივნისს, აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე 5,684 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 568,400 ლარად იყიდა. მარინე კბილაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ადიგენის საკრებულოს დეპუტატის ელდარ კბილაშვილის დედაა. შპს „ვილა აბასთუმანის“ 20% წილის მფლობელი ზურაბ კიკნაძე კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმოს“ დირექტორი და 20% წილის მფლობელია. (ინფორმაციის მიღების დროს საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების ვადა, ჯერ ამოწურული არ იყო). შპს „ვილა აბასთუმანი“ საპრივატიზებო ხელშეკრულების გაფორმებამდე 8 დღით ადრე, 1 სექტემბერს დაფუძნდა.

მინდია ლომიძემ, 2021 წლის 21 ივლისს, ახალციხეში, ხაკში, ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის 28,629 კვ.მ ნაკვეთი ჯამურად 28,629 ლარად იყიდა. მინდია ლომიძის მამა, დავით ლომიძეს ამ დროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობაზე იყო.  ორ თვეში კი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა.

ჯაბა ჩხიტუნიძემ, 2022 წლის 23 თებერვალს, ადიგენში, ბოლაჯურში 288,351 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთი 461,360 ლარად იყიდა. ამის შემდეგ, ბოლაჯურში მცხოვრებლები პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავენ და ნაკვეთის კერძო პირზე გადაცემას აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელში საკმარისი სახნავ-სათესი ფართობი არავის აქვს, ამიტომ აღნიშნული ნაკვეთი ხალხზე უნდა გადანაწილდეს. 2012 წელს, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტში ოფისისთვის ფართს ვერ ქირაობდნენ, პირველი „ქართული ოცნების“ ოფისი ბოლაჯურში, ძმების, ჯაბა და ბესიკ ჩხიტუნიძეების სახლში გაიხსნა. შტაბის ხელმძღვანელიც ბესიკ ჩხიტუნიძე იყო.  

 


[1] მითითებული თანხის ოდენობა არასრულია, რადგან ყველა კომპანიის მიერ გადახდილი საფასურის რაოდენობა არ მოგვაწოდეს.

[2] მითითებული თანხის ოდენობა არასრულია, რადგან ყველა კომპანიის მიერ გადახდილი საფასურის რაოდენობა არ მოგვაწოდეს.