ქუთაისის საკრებულოს 2021-2025 წლების საქმიანობის შეფასება

შესავალი:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქუთაისის საკრებულოს საქმიანობა ხუთჯერ შეაფასა, პირველი შეფასება მოიცავდა პერიოდს 2014-2017 წლებში მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობას, მეორე შეფასება მოიცავდა პერიოდს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით, მესამე და მეოთხე შეფასებები 2020 და 2022 წლებს ეხება, მეხუთე კი - 2023 წლის საქმიანიბას.
თავი 1. ძირითადი მიგნებები
- ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
- საკრებულოს ვადაზე ადრე ქუთაისი მერის, იოსებ ხახალეიშვილის გადადგომის გამო რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია და მისთვის არც რეალური მიზეზების შესახებ განმარტებები მოუთხოვია;
- ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
- 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2025 წლის ივნისის ჩათვალით სულ საკრებულოს 62 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 17 იყო რიგგარეშე.
- საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 131 დადგენილება მიიღო. მათგან 104-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 27 დადგენილებისა კი - საკრებულოს თავმჯდომარე.
- საანგარიშო პერიოდში საკრებულოში მოქმედ ორ ფრაქციას ინიციატივები არ წარუდგენია;
- 2025 წლის 25 ივნისს ქუთაისის საკრებულომ ისე გააუქმა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომ საბჭოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე ერთი განცხადება, დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაციაც არ მოუმზადებია მის ნაცვლად საკრებულომ შექმნა “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო”;
- საანგარიშო პერიოდში საკრებულომ შრომის ანაზღაურებაზე 5,537,410 ლარი დახარჯა. სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 237,415 ლარი მიიღეს;
- ქუთაისის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ყოველ წელს სტაბილურად მაღალი იყო საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი. ყველაზე მეტი სხდომა გააცდინეს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა, თუმცა მათი უმრავლესობა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ;
- Საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოში არცერთი პეტიცია არ წარუდგენიათ.
თავი 2. ზოგადი ინფორმაცია ქალაქ ქუთაისის საკრებულოს შესახებ
ქუთაისის საკრებულოში 35 წევრი იყო,. რომელთაგან 7 აირჩიეს ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო 28 წევრი – პროპორციული წესით.
- თავდაპირველად ქუთაისის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად იყო განაწილებული: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 18 მანდატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 14 მანდატი, “გახარია საქართველოსთვის” - 2 მანდატი და “სტრატეგია აღმაშენებელი” - 1 მანდატი;
- მას შემდეგ რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს წევრების ნაწილმა და შექმნეს პარტია “ახალი”, საკრებულოში ადგილები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 19 მანდატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 6 მანდატი, “ახალი” - 7 მანდატი, “გახარია საქართველოსთვის” - 1 მანდატი, “სტრატეგია აღმაშენებელი” - 1 მანდატი და 1 დამოუკიდებელი დეპუტატი;
- საკრებულოს 35 წევრიდან 12 ქალია, რაც საერთო რაოდენობის 34%-ია. საკრებულოს წევრი 12 ქალიდან თანამდებობას მხოლოდ ოთხი წევრი იკავებს;
- ქუთაისის საკრებულოს 35 წევრიდან თანამდებობას 2025 წლის მარტამდე 19 წევრი იკავებდა, ხოლო ამ თარიღის შემდეგ - 17 წევრი;
- საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოს 62 სხდომა გაიმართა. მათგან მხოლოდ 17 იყო რიგგარეშე. ამავე პერიოდში გაიმართა ბიუროს 90 სხდომა;
- საანგარიშო პერიოდის შემდეგ, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ქუთაისის საკრებულოს რიგითი სხდომები, კვორუმის არარსებობის გამო არ იმართებოდა. მანამდე კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს არც ერთი სხდომა არ ჩაშლილა;
- ქუთაისის საკრებულომ 131 დადგენილება მიიღო: 104 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ქუთაისის მერი იყო, 27 დადგენილებისა კი - საკრებულოს თავმჯდომარე;
- ქუთაისის საკრებულოში საკრებულოს უფლებამოსილების ვადით მუშაობდა 5 კომისია, რომელთაც საანგარიშო პერიოდში სულ 230 სხდომა გამართეს და საკრებულოს წარუდგინეს სამართლებრივი აქტის 26 პროექტი. კვორუმის არარსებობის გამო არცერთი კომისიის სხდომა არ ჩაშლილა;
- ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებულ 8 სამართლებრივ აქტზე ზედამხედველობის ორგანომ მიიღო შენიშვნა/დასკვნა. სამართლებრივი შენიშვნები საკრებულომ სრულად გაითვალისწინა;
- საკრებულოში მუშაობდა 2 ფრაქცია: ფრაქცია “ქართული ოცნები ს” თავმჯდომარეს, მარეხი ნიჟარაძეს ჰყავდა 4 მოადგილე, ასევე 4 მოადგილე ჰყავდა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, გიორგი კილაძეს. ეს ფრაქცია 2024 წლის 27 მარტს გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა ფრაქცია “პროგრესის პლატფორმა”, რომლის თავმჯდომარე კვლავ გიორგი კილაძე იყო, თუმცა მას უკვე 2 მოადგილე ჰყავდა;
- ქუთაისის საკრებულოს არცერთ ფრაქციას არ ჰქონია არანაირი ინიციატივა. მათ ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებიც კი არ შეუთავაზებიათ;
- საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარის მოადგილეების ჯამურმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 823,666 ლარი;
- საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი სხდომა გააცდინეს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა. გასათვალისწონებელია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ და “ახალის” წევრები ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. დეტალური ინფორმაცია გაცდენების შესახებ იხილეთ ცხრილში:
თავი 3. საკრებულოს მნიშვნელოვანი მოვლენები
- 2021 წლის 10 დეკემბერს ახლად არჩეული საკრებულოს რიგგარეშე პირველ სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს წევრს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პროპორციული სიიდან, დავით აბულაძეს, მისი ადგილმონაცვლე კობა გურული გახდა;
- 2022 წლის 15 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ლევან სანიკიძეს. იგი ჩაანაცვლა ჯემალ ბიბილეიშვილმა;
- ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე, საკრებულოს რეგლამენტის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ბესიკ ბრეგაძეს. საკრებულოს ინფორმაციით, ბესიკ ბრეგაძე 6 თვის მანძილზე არ ესწრებოდა საკრებულოს, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებს. მან საკრებულოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოგვიანებით წარმოება შეწყდა. Საკრებულოს ახალ წევრად, მაჟორიტარული წესით, 2023 წლის გაზაფხულზე შუალედურ არჩევნებზე აირჩიეს მიხეილ გიორგაძე პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან”, რომელსაც კონკურენტი არ ჰყოლია;
- 2022 წლის 27 აპრილს ჯემალ ბიბილეიშვილი გახდა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2023 წლის 25 იანვარს - მანანა ჩიხლაძე;
- 2022 წლის 25 მაისს ბაქარი მახარაძე გადადგა ფრაქციია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან. 2022 წლის 15 დეკემბერს ფრაქცია “ქართული ოცნების” შემადგენლობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გავიდნენ მერაბ ჭოხონელიძე და ბექა ქებულაძე;
- 2022 წლის 1 ნოემბერს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ შუშანია ჩაანაცვლა გიორგი კილაძემ;
- ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია 2022 წლის 26 იანვარს დატოვა ხათუნა არველაძემ. იმავე სხდომაზე მის ნაცვლად აირჩიეს ქეთევან ხურციძე;
- 2023 წლის სექტემბერში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ბახტაძე გახდა, მან ამ პოზიციაზე რომან ქვაჩაკიძე შეცვალა;
- 2023 წლის ნოემბერში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა დარეჯან ფხაკაძემ[1];
- 2023 წლის 11 დეკემბერს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა საკრებულოს 7-მა წევრმა. ისინი ნიკა მელიას გუნდს შეუერთდნენ, თუმცა არ დატოვეს ფრაქცია. დარჩენილი 5 წევრიდან ორი - ხათუნა არველაძე და ლაშა შალამბერიძე ფრაქციიდან გარიცხეს, დანარჩენი სამი თვითონ გავიდა ფრაქციიდან. ამის შემდგომ ფრაქციას დაერქვა “პროგრესული პლატფორმა”, რომელიც საქმიანობას შეუდგა 2024 წლის 27 მარტს;
- 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. ამის საპასუხოდ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ახალი არჩევნებისა და უკანონოდ დაკავებული ადამიანების განთავისუფლების მოთხოვნით. ქუთაისის საკრებულოს წევრებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და “ახალიდან” ბოიკოტი გამოაცხადეს და საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა შეწყვიტეს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე;
- 2025 წლის 8 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ, თანამდებობა დატოვა, თუმცა დარჩა საკრებულოს რიგით წევრად.
თავი 4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კონტროლი
2024 წლის 15 ივლისს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი გადადგა. მან საკრებულოს გაწეული საქმიანობის ანგარიში არ ჩააბარა და არც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ესაუბრა.
- ქუთაისის საკრებულომ ოთხი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, 2024 წლის 31 იანვარს მოისმინა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში. 2024 წლის 15 ივლისს კი იოსებ ხახალეიშვილმა დატოვა დაკავებული თანამდებობა;
- საკვლევ პერიოდში ქუთაისის საკრებულოს არ უმსჯელია ქუთაისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ;
- ქუთაისის საკრებულო, საანგარიშო პერიოდში, დადებითად აფასებდა მერიის სამსახურების საქმიანობას, მან ასევე მოისმინა ცალკეული იურიდიული პირების ანგარიში. საკრებულოს წევრები მერს, მერიის თანამდებობის პირებს მიმართავდნენ კითხვითაც სხვადასხვა საკითხებზე;
- საკრებულოს ასევე არ გამოუვლენია გადაცდომები მერის საქმიანობაში, ინტერესთა კონფლიქტი ან/და თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტები. ასევე, საკრებულოს ინფორმაციით, “საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის/ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია”;
- საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი არ შეუქმნია. ასევე, არ შეუქმნია ცალკეული საკითხების შესასწავლად, დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად სათათბირო ორგანო (საბჭო, კომიტეტი და სხვა);
- საკრებულო გვატყობინებს რომ საკრებულოს, მისი კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში მერიის წარმომადგენლები სისტემატურად მონაწილეობდნენ ცალკეული საკითხების განსახილველად, თუმცა მათი მონაწილეობის სტატისტიკა არ მოუწოდებია.
ქუთაისის საკრებულოს არ უმსჯელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში დასმულ საკითხებზე, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობას ეხება და დიდწილად იმეორებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიგნებებს, კერძოდ:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია მონაწილეობდა ქუთაისის მუნიციპალურ ტენდერებში და ამ ფაქტში არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. ამაზე ჩვენ 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ვწერდით;
- აუდიტის სამსახურმა ასევე დაადგინა შპს “პარკინგსერვისის” მართვის ნაკლოვანებები. ამ თემაზე “საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველო” წლებია საუბრობს და ამ წამგებიანი შპს-ის გაუქმებას ითხოვს;
- “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე წლებია აქვეყნებს ინფორმაციას მუნიციპალური ხარჯების შესახებ და ფინანსების ეფექტური ხარჯვის აუცილებლობაზე საუბრობს
თავი 5. სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა:
საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ 11 განკარგულება მიიღო. სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა:
- 7 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის lll შესახვევში, შემდგომში თავდაცვის სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით;
- 7 ერთეული შენობა-ნაგებობის ნაწილი ქუთაისში, მიქელაძე-მეველეს ქუჩა N15ა-ში, შემდგომში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად, მათთვის 1 ლარად გადაცემის მიზნით;
- ქუთაისში, ნიკეას მე-2 შესახვევში, N15ა-ს ჩრდილოეთით არსებული უძრავი ქონება, შემდგომში “დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთვის” სარგებლობაში გადაცემის მიზნით;
- უძრავი ქონება ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე 1 შესახვევი N14ა-ში, შემდგომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის მიზნით;
- ირაკლი აბაშიძის გამზირის N32ა-ს დასავლეთით მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი , შემდგომში განკარგვის მიზნით;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N20-ში, შემდგომში შპს “საკალათბურთო აკადემია დოლასთვის” აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით, გადაცემის მიზნით;
- ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირის N22ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, შემდგომში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უვადო სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით;
- “MERCEDES-BENZ” მარკის ავტობუსი, შემდგომში შპს “საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისისთვის” სარგებლობაში გადაცემის მიზნით;
- ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის N85-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, შემდგომში ადგილმონაცვლეობის მიზნით;
- ქუთაისში, ჰერმან გმაინერის ქუჩა N2-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-N5, შემდგომში შპს “საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისისთვის” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის მიზნით;
- “TOYOTA-PRADO” მარკის ავტომანქანა, შემდგომში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფოსათვის ქონების გადაცემის არსებული პრაქტიკა არაერთ მანკიერ მხარეს შეიცავს. ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას მათ საკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე. საქველმოქმედო თუ სხვა მიზნებისთვის მუნიციპალური ქონების გადაცემაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითმმართველობა უნდა იყოს, ცენტრალური ხელისუფლების თანამონაწილეობის გარეშე.
თავი 6. მოქალაქეთა ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში
ქუთაისის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულო უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას მის საქმიანობაში:
- უზრუნველყოფს მოქალაქეთა დასწრებას ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე;
- ინფორმაციას საკრებულოს სხდომების შესახებ აქვეყნებს კანონით დადგენილ ვადებში. მეილის საშუალებით ატყობინებს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომის შესახებ;
- უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებას როგორც საკრებულოს შენობაში, ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ტერიტორიულ ორგანოებში.
- გადასცემს საკრებულოს სხდომებს ტელეკომპანია “რიონისა” და საკრებულოს ფეისბუქ-გვერდის მეშუეობით.
თავი 7. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ხარჯები
- საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოს ხარჯებმა მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე შეადგინა 5,537,410 ლარი;
- ამავე პერიოდში თანამდებობის პირებზე პრემია, ჯილდო და დანამატი არ გაცემულა. პრემია და დანამატი გაიცა მხოლოდ საჯარო მოხელეებსა და აპარატში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე, ჯამში 237,415 ლარის ოდენობით.
- საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მივლინებებზე, საანგარიშო პერიოდში, ჯამში 33,412 ლარი გახარჯეს.
რეკომენდაციები
დღეს, როდესაც საქართველოში თვალსაჩინოა დემოკრატიული სტანდარტების სრული დაკნინება, პოლიტიკური პოლარიზაცია და თვითმმართველობების როლის უკიდურესი დასუსტება, რაც, რა თქმა უნდა, თვალნათლივ ჩანს ადგილობრივი თვითმმართველლობის სისტემაშიც. შესაბამისად, ქუთაისის საკრებულოშიც და მთელ მუნიციპალურ სისტემაშიც არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული სისტემური ხარვეზების გამოსწორება და შემდგომ მისი რეალური განხორციელება.
ამისათვის საჭიროა:
- ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც მუნიციპალიტეტების, ისე მათი წარმომადგენლობითი ორგანოების — საკრებულოების — დამოუკიდებლობას;
- გაძლიერდეს ადგილობრივ დონეზე ბალანსის, ურთიერთკონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმები;
- საკრებულოს მიეცეს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალურად გამოყენებადი ბერკეტები აღმასრულებელი ხელისუფლების — მერიის — საქმიანობის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად;
- საკრებულოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საკანონმდებლო დონეზე ისე, რომ მან შეძლოს მერიის მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და ადმინისტრაციული პროცესების სრულფასოვანი და ეფექტიანი კონტროლი, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის ან ფორმალური ჩარჩოების მიღმა.
აღნიშნული გარდაქმნები კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებებლი, თუ დემოკრატიული წესით არჩეული, პლურალისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარლამენტი შექმნის ისეთი შინაარსის კანონმდებლობას, რომელიც არ იქნება მიმართული ვიწროპარტიული ინტერესების დაცვაზე, არამედ დაამკვიდრებს მოქალაქეებზე ორიენტირებულ ადგილობრივ თვითმმართველობას — გამჭვირვალეს, ანგარიშვალდებულსა და რეალურად მოქმედს.