მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა
ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჯეროვნად შევსება კვლავ გამოწვევად რჩება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” თანახმად, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია[1], ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ[2], სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს[3] და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.[4]
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიზანი ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის გადამოწმება, პირთა უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა კონფლიქტების პრევენცია, ასევე თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ამაღლებაა.
შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც:
- ფლობენ კომპანიებს, თუმცა ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვთ ასახული;
- კუთვნილი კომპანიები დეკლარირებული აქვთ, თუმცა საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვთ გადაცემული;
- ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას;
- საკუთარი ან ოჯახის წევრების კომპანიების მეშვეობით მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში.
ამასთან, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და შესაბამისად, საჯარო სამსახურში არსებული პრაქტიკა არ არის საკმარისი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ზედმიწევნით შესასწავლად და სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ წელიწადში ერთხელ ანგარიშის გამოქვეყნება და სანქციების დაწესება დამრღვევი თანამდებობის პირებისთვის ვერ უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ხელს უშლის არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების ამაღლებას.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
*კვლევაში მითითებული იყო, რომ მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე შპს „საკოს“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია, რაც არ არის სწორი და აღნიშნული შპს-ს მეპატრონე საქართველოს სხვა მოქალაქეა, რომელსაც იგივე სახელი და გვარი აქვს. ორგანიზაცია ლაშა ლობჯანიძეს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის.