ნეპოტიზმის ნიშნები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
აგვისტოს ბოლოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დამოუკიდებელი კანდიდატის ბესიკ ესებუას არჩევას დაპირისპირება მოჰყვა კოალიცია ქართული ოცნების ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დანარჩენ წევრებს შორის. ამავე დროს ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა (შს) მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას ზეწოლაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თვითმმართველლობის ორგანოთა საქმიანობაში ჩარევასა და ნეპოტიზმის წახალისებაში ადანაშაულებენ.
რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა და კოალიცია ქართული ოცნების წევრმა გოგი სორდიამ, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ერევა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაში, ბოროტად იყენებს თანამდებობას და საკუთარ ნათესავებს ასაქმებს სხვადასხვა თანამდებობებზე.“
სორდიამ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი ცნობით, შს მინისტრის მოადგილის რეკომენდაციით სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ, კერძოდ: ლევან იზორიას ბიძაშვილი ლელა (ლია) კვირკველია – ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლად, მან TV3-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში დაადასტურა, რომ იგი იზორიას ნათესავია, თუმცა ამავე დროს უარყო მის დანიშვნასთან შს მინისტრის მოადგილის რაიმე კავშირი, ბიძაშვილი დავით კვირკველია – პოლიციის აკადემიაში მძღოლის პოზიციაზე, ასევე ბიძაშვილი ინგა კვირველია – ჩხოროწყუში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის გამგედ. ამასთან, ლევან იზორიას დეიდაშვილი პაატა კაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გახდა, 2014 წლის 8 აგვისტოს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. მეორე დეიდაშვილი ალექსი ჩიქოვანი ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დაინიშნა, დეიდაშვილი სოფო ჩიქოვანი კი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა კულტურის ცენტრის და სპორტული სკოლის გაერთიანების სპეციალისტად. იზორიას კიდევ ერთი დეიდაშვილის მადლენა შონია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის გაერთიანების სპეციალისტად დაინიშნა.
ქართული ოცნების ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ ამ პირების დანიშნის/დაწინაურების თარიღები.
ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია ზემოჩამოთვლილი პირების თანამდებობისა და ლევან იზორიასთან ნათესაური კავშირის შესახებ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის გაერთიანების ხელმძღვანელმა ბადრი ქებურიამ ჩვენს წარმომადგენელს დაუდასტურა, რომ ინგა კვირკველია, სოფო ჩიქოვანი და მადლენა შონია ნამვილად არიან ლევან იზორიას ნათესავები და იკავებენ შესაბამის თანამდებობებსაც. TV3-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლელა კვირკველია, დავით კვირკველია, პაატა კაცია და ალექსი ჩიქოვანიც ნამდვილად არიან ლევან იზორიას ნათესავები და იკავებენ შესაბამის თანამდებობებსაც. მიუხედავად ამისა, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ უარყო ამ პირების ლევან იზორიასთან ნათესაური კავშირი, მისი განცხადებით, „ამ პიროვნებებს ბატონ ლევანთან არანაირი ნათესაური კავშირი არ გააჩნიათ, გავერკვიე მათ საკითხში, ეს იყო უბრალოდ მიზანმიმართული ანტიკამპანია ბატონი ლევანის მიმართ და რეალობას არ შეესაბამება.“
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია და ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ბრალდებებს უარყოფენ. იზორია გავრცელებულ ინფორმაციას გამიზნულ დისკრედიტაციად აფასებს, ბესიკ ესებუამ კი ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას თავადვე დაადასტურა, რომ ინგა კვირველია ბაღის გამგედ მისი უაშუალო რეკომენდაციით დაინიშნა, თუმცა „არა იმიტომ, რომ იგი ლევან იზორიას ნათესავია, არამედ იმიტომ, რომ მას შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია.“ ბესიკ ესებუა ასევე უარყოფს ლევან იზორიას მიერ თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში ჩარევის ფაქტსაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ ისე როგორც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, ასევე სხვა საჯარო უწყებებმა საკადრო პოლიტიკა უნდა წარმართონ დამოუკიდებლად, სამართლიანად და კანონის დაცვით, რაც გულისხმობს ახალი კადრების აყვანას მხოლოდ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მეშვეობით – ღია, გამჭვირვალე კონკურსის წესის დაცვით. მოხელის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან.
მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურებმა ის უფლებამოსილებები, რომლებიც მათ უშუალო კომპეტენციას წარმოადგენს, განახორციელონ დამოუკიდებლად. შესაბამისად, მოხელთა შერჩევისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს მოხელეთა შერჩევა ნათესაური ნიშნით ან ამა თუ იმ პირის პარტიული თუ პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე. რეკომენდაციებს პოლიტიკური თანამდებობის პირი უნდა გასცემდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის დამატებით მოთხოვნას წარმოადგენს. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ჩარევა სხვა უწყების საკადრო პოლიტიკაში ან მის მიერ ზეპირი სახის რეკომენდაციის გაწევა კონკრეტულ კანდიდატებზე, შესაძლებელია, გახდეს ნეპოტიზმის განვითარებისა და სახელწიფო უწყებებზე არაპირდაპირი ზემოქმედების საფუძველი.