პანდემიის დროს სატრანსპორტო სფეროში 43 მლნ ლარამდე პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვები გაფორმდა  - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პანდემიის დროს სატრანსპორტო სფეროში 43 მლნ ლარამდე პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვები გაფორმდა 

14 დეკემბერი, 2021

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო უწყებებმა სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების შესყიდვის მიზნით 6,200-მდე კონტრაქტი გააფორმეს გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 43 მლნ ლარამდეა.

ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (16.2 მლნ ლარი) და „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ “(4.3 მლნ ლარი) დახარჯეს.

გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული 43 მლნ ლარის კონტრაქტებიდან დაახლოებით 50% - 21.3 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის.

ეს 21.3 მლნ ლარი 27 კომპანიაზე და 2 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 953 ათასი ლარი შესწირეს. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი  მათ სახელისუფლო პარტიას პანდემიის დაწყების შემდეგ შესწირეს.

გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

რეკომენდაცია

  • კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ;
  • სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების შესყიდვის დროს გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტების დადება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, თუ ეს არ ეხება კონკრეტული კომპანიისგან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების შემდგომ მომსახურებას.

შესავალი

2020 წლიდან პანდემიის გამო სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წილმა მოიმატა. როდესაც გამარტივებული შესყიდვების წილი იმატებს და ამასთანავე, ის გარკვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, დაჩქარებულად ხორციელდება, შესყიდვებში კორუფციისა და არასათანადო პრაქტიკის რისკები იზრდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კვლევა[1] გასულ წელს გამოაქვეყნა, სადაც როგორც ელექტრონულ ტენდერებთან, ისე გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციული გარემოებები იყო განხილული.

ამჯერად, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის ბოლომდე განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზს შემოგთავაზებთ. კვლევა სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი, რომელიც პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ  განხორციელებულ გამარტივებული შესყიდვებს ეხებოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უკვე გამოაქვეყნა[2]. წინამდებარე მეორე ნაწილში მოცემულია სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების გამარტივებული შესყიდვით დადებული კონტრაქტების ანალიზი. სატრანსპორტო საქონელი და მომსახურება სახელმწიფო შესყიდვის ერთ-ერთი მსხვილი კატეგორიაა და მოიცავს: ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების და აქსესუარების, სატრანსპორტო მოწყობილობების და სათადარიგო ნაწილების შეძენას და სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებას. კვლევის ამ ნაწილის საანგარიშო პერიოდი 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდეა. ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემები არ მოიცავს იმ გამარტივებულ შესყიდვებს, რომლებიც საქართველოს საელჩოების და საკონსულოების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ შესყიდვებს ეხება. შესყიდვების შესახებ ინფორმაცია აღებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ვებგვერდებიდან: tendermonitor.ge და politicaldonations.ge. 

კვლევის მესამე, შემაჯამებელ ნაწილში ბოლო წელიწადნახევრის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება შეჯამებული.

ზოგადი მონაცემები

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების შესყიდვის 6,200-მდე კონტრაქტი გაფორმდა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 43 მლნ ლარამდეა.

ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტები თბილისის მერიის მფლობელობაში მყოფმა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გააფორმა. კერძოდ, ამ კომპანიამ ჯამში 16.2 მლნ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის 6 კონტრაქტი დადო.

მსხვილ შემსყიდველებში მეორე ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ[3]  „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო, რომელმაც 4.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები გააფორმა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე. უწყების ყველაზე მსხვილი კონტრაქტები „კორონავირუსის” გავრცელების პრევენციის მიზნით მგზავრთა საკარანტინე სივრცეებში გადაყვანასთან იყო დაკავშირებული.

საკვლევ პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით ერთ მლნ ლარზე მეტი ჯამური ღირებულების კონტრაქტები ასევე გააფორმეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ-მა „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, თბილისის მერიის მფლობელობაში მყოფმა შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულებამ „ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (იხილეთ გრაფიკი 1).

მონაცემთა წყარო: https://www.tendermonitor.ge/

რაც შეეხება მიმწოდებლებს, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების მიწოდებისთვის ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების კონტრაქტები  - 17 მლნ ლარამდე შპს „თეგეტა მოტორსმა“ მიიღო. შემდეგ მოდის შპს „ჯორჯიან ბას“ 3.5 მლნ ლარით და შპს „ჯი-თი გრუპი“ 1.5 მლნ ლარით. კონტრაქტების ღირებულების მიხედვით, ყველაზე მსხვილი მიმწოდებლებიდან 5 მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ („ქართული ოცნება”) შემომწირველი კომპანიაა. ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია შემდეგ ქვეთავშია მოცემული.

მონაცემთა წყარო: https://www.tendermonitor.ge/

მმართველი პარტიის შემომწირველების მონაწილეობა გამარტივებულ შესყიდვებში

სახელმწიფო შესყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციული რისკის მატარებელი ის შემთხვევებია, როდესაც გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს ისეთ კომპანიები იღებენ, რომლებიც თავად ან მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით მმართველ პოლიტიკურ პარტიას აფინანსებენ. ასეთ დროს პოლიტიკური კორუფციის ნიშნები ჩნდება.

საკვლევ პერიოდში, გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული 43 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტებიდან დაახლოებით ნახევარი - 21.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების” და 2018 წელს მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის. კერძოდ, 21.3 მლნ ლარი 27 კომპანიაზე და 2 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით 2013-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 953 ათასი ლარი მეტი შესწირეს (ცხრილი 1). ამ თანხის დაახლოებით ნახევარი  აღნიშნულმა პირებმა სახელისუფლო პარტიას პანდემიის დაწყების შემდეგ შესწირეს.

მონაცემთა წყარო: https://www.tendermonitor.ge/  https://transparency.ge/politicaldonations/

ქვემოთ დამატებით ინფორმაციაა იმ კომპანიებზე, რომლებმაც 40,000 ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში.

შპს „თეგეტა მოტორსი“

შპს „თეგეტა მოტორსმა“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე დაახლოებით 17 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 662 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. კონტრაქტები ძირითადად მცირე თანხებზეა გაფორმებული. მხოლოდ 10 კონტრაქტია ისეთი, სადაც საკონტრაქტო თანხა 20 ათას ლარზე მეტია. მსხვილი კონტრაქტებიდან გამოსაყოფია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ გაფორმებული 4.5 მლნ ევროს (დაახლოებით 16 მლნ ლარის) კონტრაქტი, რომელიც 2020 წლის 11 ივნისს გაფორმდა. ხელშეკრულების საგანი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, კერძოდ ავტობუსებზე მომსახურების გაწევაა.

2012-2021 წლებში „თეგეტა მოტორსს“ 40 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი დაახლოებით 133 მლნ ლარის.

საკვლევ პერიოდში შპს „თეგეტა მოტორსის“ შვილობილმა კომპანიებმა: შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა“, შპს „თეგეტა რითეილმა“, შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ და შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ დაახლოებით 1.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები მიიღეს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით.

შპს „თეგეტა მოტორსმა“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა 2017 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს 235,000 ლარი შესწირეს.

შპს „ჯი-თი გრუპ“

შპს „ჯი-თი გრუპმა“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე დაახლოებით 1.5 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 180 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. კონტრაქტების 80% გაფორმებულია 20,000 ლარზე ნაკლებ თანხებზე. მსხვილი კონტრაქტებიდან გამოსაყოფია შპს ,,თბილსერვის ჯგუფთან” 2021 წლის 25 იანვარს გაფორმებული 300,000 ლარის კონტრაქტი. ხელშეკრულების საგანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებაა.

2012-2021 წლებში „ჯი-თი გრუპს“ 15 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი - 167 მლნ ლარის.

შპს „ჯი-თი გრუპის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ჯი-თი მოტორსმა“ საკვლევ პერიოდში დაახლოებით 694 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 200 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. კონტრაქტების 75% გაფორმებულია 20,000 ლარზე ნაკლებ თანხებზე. ყველაზე მსხვილი 3 კონტრაქტი (60, 80 და 100 ათას ლარიანი) კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა” გაუფორმა. ხელშეკრულებების საგანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებაა.

2012-2021 წლებში „ჯი-თი მოტორსს“ 10.4 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი - 64 მლნ ლარის.

შპს „ჯი-თი გრუპთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს 180,000 ლარი შესწირეს.

შპს „იბერია ავტო“

შპს „იბერია ავტომ“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე დაახლოებით 917 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 28 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. კონტრაქტების უმეტესობა მცირე თანხებზეა გაფორმებული. მსხვილი კონტრაქტებიდან გამოსაყოფია „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან” გაფორმებული ორი კონტრაქტი, რომელთა ღირებულება შესაბამისად 350,000 და 300,000 ლარია. ხელშეკრულებების საგანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებაა.

2012-2021 წლებში „იბერია ავტოს“ 3.6 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი - 12 მლნ ლარის.

შპს „იბერია ავტოს“ 90%-ს შპს „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ფლობს, რომლის დირექტორს 3,000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მფლობელი შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგია“, რომლის 24%-ს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს, ხოლო 29.2%-ს მისი მეუღლე ეკატერინე ინასარიძე.

შპს „ტრანსპორტერი“

შპს „ტრანსპორტერმა“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე დაახლოებით 520 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 23 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. კონტრაქტების უმეტესობა 5,000 ლარზე ნაკლებ თანხებზეა გაფორმებული. მსხვილი კონტრაქტებიდან გამოსაყოფია 2020 წლის სექტემბერში შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ გაფორმებული 492,560 ლარის ღირებულების კონტრაქტი. ხელშეკრულებების საგანი საგზაო მარკირების საღებავების მიწოდებაა.

2017-2021 წლებში შპს „ტრანსპორტერს“ 1.3 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი - 1.6 მლნ ლარის.

შპს „ტრანსპორტერთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2018 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს 100,000 ლარი შესწირეს.

შპს „მაიჯიპიეს“

შპს „მაიჯიპიესმა“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე დაახლოებით 270 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 17 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. აქედან, 15 კონტრაქტი 5,000 ლარზე ნაკლებ თანხებზეა გაფორმებული. მსხვილი კონტრაქტებიდან გამოსაყოფია 2021 წლის იანვარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული 176,469 ლარის ღირებულების კონტრაქტი და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული  86,585 ლარის ღირებულების კონტრაქტი. ხელშეკრულებების საგანი სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებაა.

2012-2021 წლებში შპს „მაიჯიპიესს“ 3.3 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი - 26 მლნ ლარის.

2021 წლის პირველ ოქტომბრამდე შპს „მაიჯიპიესის“ 20%-ის წილის მფლობელი თემური მატუა იყო, რომელმაც 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შესწირა.

შპს „სიტი ლაინი“

შპს „სიტი ლაინმა“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე 71,414 ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. 2020 წლის ივლისში და სექტემბერში ქუთაისის მერიამ ამ კომპანიას 18,614 და 52,800 ლარიანი კონტრაქტები გაუფორმა. ხელშეკრულებების საგანი „უფასო მგზავრობის პროგრამით“ მოსარგებლე ბენეფიციართა ტრანსპორტირებაა.

2012-2021 წლებში „სიტი ლაინს“ 826 ათას ლარამდე ჯამური ღირებულების 12 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონულ ტენდერებში კი მონაწილეობა არ მიუღია.

შპს „სიტი ლაინის“ დირექტორმა „ქართულ ოცნებას” 15,000 ლარი შესწირა.

შპს „ავტოტექნო“ და შპს “აგროტექნო“

შპს „ავტოტექნომ“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე 34,000 ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. აქედან, 3 კონტრაქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ[4]-ის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრისგან“ მიიღო. ხელშეკრულებების საგანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებაა.

2012-2021 წლებში „ავტოტექნოს“ 100 ათას ლარამდე ჯამური ღირებულების 11 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი - 800 ათასი ლარის.

შპს „აგროტექნომ“ საკვლევ პერიოდში 15,000 ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ეროვნული სატყეო სააგენტოსგან” მიიღო. 2015-2020 წლებში „აგროტექნოს“ 142 ათას ლარამდე ჯამური ღირებულების 8 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი - 5,000 ათასი ლარის.

შპს „ავტოტექნოს“ და შპს „აგროტექნოს“ მფლობელმა 2013 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ 80,000 ლარი შესწირა.

 

 

ამ პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდისა“ და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორების  შეხედულებებს.

 

 

                                                             

 

 

[1] „საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები“, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, https://bit.ly/3nfFVI8

[2] „პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ  დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, https://cutt.ly/3TCg38K

[3] საჯარო სამართლის იურიდიული პირი

[4] არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი