ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უნდა გადაეცეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უნდა გადაეცეს

31 მარტი, 2014

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში პარლამენტში დარეგისტრირდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაცემას. სამსახურის დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებული საფრთხეებზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ბლოგპოსტი.  

20 მარტს კანონპროექტში, პირველ მოსმენამდე, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად მთავრობის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცევა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ცვლილებით არ იცვლება კანონპროექტის არსი, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემას გულისხმობს. აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სამსახურის გადაცემა კი მისი დამოუკიდებლობის გარანტია ვერ იქნება.

1. ფინანსური მონიტორინგის საერთაშორისო გამოცდილება

19 მარტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოითქვააზრი, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემა გამართლებულია იმ ფაქტით, რომ ფინანსური მონიტორინგის უწყება უმეტეს ქვეყნებში ეროვნულ ბანკებთან არ არსებობს.

შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საერთაშორისო გამოცდილება არ ამართლებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემას, კერძოდ:

  1. ევროპის იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც ფინანსური მონიტორინგის უწყებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებობს, ხელისუფლების შიგნით არსებობს ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რაც საქართველოში რიგ შემთხვევებში არ არსებობს, ხოლო რიგ შემთხვევებში კი საკმაოდ სუსტია, რის გამოც საბანკო საიდუმლოებაზე დაშვება, რასაც გულისხმობს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებები, არ შეიძლება ჰქონდეს არ შეიძლება ჰქონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლს ქვეშ არსებულ სსიპს. ამასთანავე, ამ ქვეყნებში სასამართლო დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე საქართველოში.  
  2. 2003 წელს საქართველოში ფინანსური მონიტორინგის უწყების დამოუკიდებელ ორგანოსთან, ეროვნულ ბანკთან, პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტთან (Moneyval) და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად სხვადასხვა შესაძლო მოდელის განხილვის შემდეგ გადაწყდა. ეროვნულ ბანკთან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნა ხელისუფლებაში სწორედ ურთიერთკონტროლის სუსტი მექანიზმებით იყო ნაკარნახევი, რაც მაშინდელმა მთავრობამ გაითვალისწინა. 2003წ. შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის ეფექტიანობა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ არ დამდგარა დრო, როცა ფინანსური მონიტორინგის უწყება აღმასრულებელ ხელისუფლებას შეიძლება გადაეცეს.
  3. ფინანსური მონიტორინგის საერთაშორისო გამოცდილებიდან ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერცერთი შემთხვევა, როცა ფინანსური მონიტორინგის უწყება ცენტრალურ ბანკთან არსებობდა და ის აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცა. ეს გადაცემა კიდევ უფრო გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში აღვნიშნეთ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა საბჭოს (Moneyval) 2012 წლის შეფასებით, გარკვეული პრობლემატური საკითხების მიუხედავად, უმეტესწილად დადებითი იყო და 2007 წელი შეფასებასთან შედარებით არაერთი მიმართულებით აჩვენა პროგრესი.

2. რეკომენდაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ

  • საერთაშორისო გამოცდილების, ხელისუფლებაში ურთიერთკონტროლის სუსტი მექანიზმების და ჩვენს წინა პუბლიკაციაში განხილული მიზეზების გათვალისწინებით შესაძლებელია მოხდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა წრის გაფართოება, თუმცა ფინანსური მონიტორინგის სამსახური უნდა დარჩეს დამოუკიდებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის, დამოუკიდებელ სსიპად. არაერთ ევროპულ ქვეყანაში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა ცენტრალური ბანკთან არსებულ შესაბამის უწყებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არის გადანაწილებული, მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთში და რუმინეთში, ხოლო იტალიაში მთლიანად ცენტრალურ ბანკთან არსებული უწყების უფლებამოსილებას წარმოადგენს.

  • საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებები, რის გამოც თავის დროზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკთან შეიქმნა.

Author: მიხეილ კუკავა