ENG

რა სარგებელი მოაქვს მაჟორიტარ ბოლქვაძეს ნათესავებისთვის და დაახლოებული პირებისთვის

24 ივნისი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს მოკვლევას აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ხულო, შუახევი, ქედა) მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ეკონომიკური ინტერესების შესახებ. ორგანიზაციამ 2020 წლის მარტში საზოგადოებას მიაწოდა კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი  ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახავს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას, კომპანიებსა და ამ კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს. საჯარო სამსახურის ბიუროს აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირება მოვთხოვეთ.

ანზორ ბოლქვაძე 12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე:

  • მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;
  • 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;
  • დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი.

წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების ქონების, კომპანიებისა და ამ კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

სასტუმრო „არსიანი” სამთო კურორტ გოდერძიზე

„არსიანი” კურორტ გოდერძიზე 2020 წელს გახსნილი სასტუმროა. ანზორ ბოლქვაძის შვილი და მოგვიანებით მეუღლე, მას შემდეგ გახდნენ სასტუმროს მფლობელები და კომპანიის მეწილეები, რაც სასტუმროს პირვანდელმა მეპატრონემ, როლანდ შანთაძემ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა: ბოლქვაძის ოჯახის წევრების ჩართვის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შანთაძეს ვალდებულებების შესრულება 2-ჯერ გადაუვადა, სანაცვლოდ კი შანთაძემ აუქციონით მიღებული ქონება გოდერძიზე სრულად გადასცა იმ კომპანიას, რომლის მეწილე ანზორ ბოლქვაძის მეუღლე გახდა. აღნიშნული წილი, როგორც 2020 წლის 2 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში დავწერეთ, ანზორ ბოლქვაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

2016 წელს სწორედ როლანდ შანთაძემ მოიგო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი, სადაც ავტონომიურმა რესპუბლიკამ 300 კვ.მ შენობა და მასზე დამაგრებული 3,614 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა. ნასყიდობის ფასი 46,950 ლარი იყო. ხელშეკრულება 2016 წლის 1 აგვისტოს გააფორმეს. პირობებში ეწერა, რომ მყიდველს 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაეხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტი, თუმცა შანთაძემ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა. მოგვიანებით, შანთაძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება 2018 წლის დეკემბრამდე გადაუვადეს.

აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 2019 წლის სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში (30-ე გვერდი) აღნიშნულია წინა წლებში აჭარის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები.

როლანდ შანთაძე ანზორ ბოლქვაძის ოჯახის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი გოდერძიზე ქონების პირობიანი აუქციონით შეძენის შემდეგ, 2017 წლის ივლისში გახდა: სწორედ ამ დროს დაფუძნდა შპს „აისი გოდერძი” - როლანდ შანთაძე და ანზორ ბოლქვაძის შვილი, ნოდარ ბოლქვაძე კიდევ ერთ პირთან, რაინდ შანთაძესთან ერთად,  კომპანიის მეწილეები გახდნენ. მოგვიანებით, 2019 წლის 11 იანვარს, ნოდარ ბოლქვაძემ საკუთარი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს აჩუქა. ამის შემდეგ 2019 წლის 30 ივლისს, შანთაძემ ობიექტი სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკში” სესხის ასაღებად იპოთეკით დატვირთა. ამავე ბანკში იპოთეკური სესხი ბოლქვაძეებმაც აიღეს: სასესხო ვალდებულებებით დაიტვირთა ანზორ ბოლქვაძის დედის, სემიე ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებული 194 კვ.მ, 107 კვ.მ და 88 კვ.მ კომერციული ფართები ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 57-ში და 68.9 კვ.მ ორანჟერეა თბილისში, სამტრედიის ქუჩის #50-ში.

იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებიდან ერთ თვეში როლანდ შანთაძემ 2016 წელს აუქციონზე შეძენილი მთელი ქონება შპს „აისი გოდერძის” აჩუქა.

მაჟორიტარის ნათესავის, რომან ბოლქვაძის კომპანიის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო უწყებებიდან

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს უკავშირდება და დიდი ოდენობით სარგებელს იღებს რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან, „გიგა 2015”-ია.

ეს კომპანია 2015 წელს ანზორ ქამადაძემ დაარეგისტრირა, 100%-ის მფლობელი და დირექტორიც თავად იყო. 2016 წლის 3 ივნისს კომპანიის დირექტორად ანზორ ბოლქვაძის ნათესავი, რომან ბოლქვაძე დაინიშნა (საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით დგინდება, რომ რომან ბოლქვაძე და ანზორ ბოლქვაძის დედა, სემიე ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები). 2018 წლის 8 იანვარს ანზორ ქამადაძემ კომპანიის 100% რომან ბოლქვაძეს უსასყიდლოდ გადასცა.

რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ შპს „გიგა 2015” აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს. ანზორ ქამადაძის დირექტორობის დროს კომპანიას თუ ერთი ტენდერიდან და ერთი გამარტივებული შესყიდვიდან სულ 52,542 ლარი ჰქონდა მიღებული, რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, 2016 წლიდან 2020 წლის 1 აპრილის ჩათვლით კომპანიის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 73-ჯერ გაიზარდა და მთლიანობაში 3,847,120 ლარი შეადგინა. აქედან, 1,290,493 ლარი (შემოსავლის 33%) უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან მიღებული თანხაა. „გიგა 2015”-მა სულ 79 შესყიდვაში მოიგო.

ამასთან, კომპანიამ ჯამში მიღებული თანხის 84% - 3,252,372 ლარი აჭარის საგზაო დეპარტამენტის 69 შესყიდვიდან  მიიღო - ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან ამ დეპარტამენტში 10 წელია ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე მუშაობს. მეტიც, ის წლების განმავლობაში დეპარტამენტის სატენდერო კომისიის წევრი იყო, მათ შორის იმ შესყიდვების დროს, რომელთა შედეგად, ხელშეკრულებები „გიგა 2015”-ს გაუფორმდა. როლანდ ბოლქვაძე დეპარტამენტში მატერიალური რესურსებისა და მექანიზაციის სამსახურის უფროსი იყო, ამჟამად კი ლოჯისტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს.

შპს „გიგა 2015”-ის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებიდან 2016-2020 წლებში:

ცხრილიდან ჩანს, რომ კომპანიამ 29 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, მათგან 27 შემთხვევაში შემსყიდველი საგზაო დეპარტამენტია, რომლისაგანც კომპანიას 21,945 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვაც აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ 14 შესყიდვაში (NAT170000198; NAT170000203; NAT170000208; NAT170000911; NAT170005934; NAT190019760; NAT190016529; NAT190001744NAT180020913; NAT180014035; NAT180008993; NAT180000482; NAT170011256; NAT170010286) კონკურენტები შემსყიდველებს შპს „გიგა 2015”-ზე დაბალ ფასებს სთავაზობდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მათ დისკვალიფიკაცია მისცეს და ამ ტენდერებში შპს „გიგა 2015”-მა გაიმარჯვა.

შპს „აისი

ანზორ ბოლქვაძის ახლო წრეს უკავშირდება კიდევ ერთი კომპანია „აისი”, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და უმეტეს შემთხვევაში, უკონკურენტოდ იმარჯვებს.

„აისის” დამფუძნებელი და დირექტორი, რეზო ანანიძე ანზორ ბოლქვაძის მეუღლის, თინა ბოლქვაძის 100%-იან საკუთრებაში არსებული კომპანიის „ჰორიზონტის” დირექტორიცაა. კომპანიის იურიდიული რეგისტრაციის მისამართი ხულოში, დეპუტატის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია.

შპს ,,აისი” საჯარო რეესტრში 2014 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორიც რეზო ანანიძე იყო. 2018 წლის 22 იანვარს, რეზო ანანიძემ თავისი 100% წილი რომან ბოლქვაძეს (ანზორ ბოლქვაძის ნათესავს) და ელგუჯა აბაშიძეს  20,000 ლარად მიყიდა. ეს უკანასკნელი კომპანიის დირექტორიც გახდა.

2018 წლის 2 ივლისს, რომან ბოლქვაძემ თავისი 50%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა გურანდა გობაძეს (ანზორ ბოლქვაძის რძალს), ხოლო კომპანიის ახალ იურიდიულ მისამართად ხულოს რაიონი, სოფელი ვაშლოვანი მიუთითა; გურანდა გობაძემ კი ეს წილი უსასყიდლოდ როინ აბულაძეს, მალევე, 2018 წლის ივლისში გადასცა.

სწორედ 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიის მეწილეები ანზორ ბოლქვაძის ნათესავები გახდნენ, „აისი” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. დღემდე კომპანიამ 11 სახელმწიფო შესყიდვიდან 1,148,599 ლარი მიიღო, საიდანაც 773,984 ლარი (შემოსავლის 67%) - 6 უკონკურენტო შესყიდვის პირობებში. კომპანია ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

შპს „აისის” სარგებელი ხულოს მუნიციპალიტეტის და აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებიდან

შპს „აისი” ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში 2,824 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც კომპანიის კუთვნილი ბეტონის დამამზადებელი ქარხანა მდებარეობს. ქარხნის ტერიტორიაზე მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეული ხმაური და მტვერი აწუხებს ახლომდებარე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს - მათ ქარხნის გადატანის მოთხოვნით აქცია რამდენჯერმე გამართეს. კომპანიამ 2018 წელს მუშაობა დროებით შეაჩერა, მაშინ კომპანიის დირექტორი, ელგუჯა აბაშიძე ირწმუნებოდა, რომ კომპანია ეცდებოდა, ნაკლები ზიანი მიეყენებინა გარემოსთვის. მოგვიანებით კომპანიამ მუშაობა განაახლა.

მაჟორიტარის მამიდაშვილის შვილის, არჩილ ქედელიძის კომპანიის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო უწყებებიდან

არჩილ ქედელიძე ანზორ ბოლქვაძის მამიდაშვილის შვილი და შპს ,,კურორტი ბეშუმის” ყოფილი დირექტორია. იგი ამ სასტუმროს 2014 წლის 8 ივლისიდან ხელმძღვანელობდა, როდესაც შპს  „ხულოს რაიონის კომუნალურ მეურნეობას” სახელი მისი 100% წილის მფლობელმა, ანზორ ბოლქვაძის მამამ, ნოდარ ბოლქვაძემ გადაარქვა და თავისი დისშვილიშვილი  დირექტორად შეარჩია. 2018 წლის 30 ნოემბერს სემიე ბოლქვაძემ - ანზორ ბოლქვაძის დედამ, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განკარგავდა შპს „კურორტი ბეშუმის” 100%-ს, მთელი წილი არჩილ ქედელიძის ძმას - გიორგი ქედელიძეს 1 ლარად გადასცა.

არჩილ ქედელიძე შპს ,,ქედეს” 100%-იან წილს მართავს. აღნიშნული კომპანია 2016 წლის აპრილში დაარსდა და მისი დირექტორია არჩილ ქედელიძის ბიძა, ვახტანგ ქედელიძე. ახლად დაარსებულმა კომპანიამ, 2017 წელს, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 95,974.27-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა და სოფელ ზენდიდისა და ცხემნის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაევალა. ამასთან, 2018 წელს, კომპანიამ გაიმარჯვა კიდევ 8 სახელმწიფო შესყიდვაში, რომელთა საერთო ღირებულება 748,794.29 ლარს შეადგენდა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტენდერებიდან, 2-ში შპს ,,ქედე” ერთადერთი მონაწილე იყო - ორივე უკონკურენტო ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 275,242.39 ლარს შეადგენდა, ხულოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა.

დასკვნა და რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. დეპუტატის ეკონომიკური საქმიანობა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ ანზორ ბოლქვაძე არ გამოირჩევა აქტიური კანონშემოქმედებითი საქმიანობით (დეპუტატობის 12 წლის მანძილზე ბოლქვაძემ პარლამენტში განსახილველად სულ 5 ინიციატივა წარადგინა. 5-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო ინიციატივის ავტორი - ერთი დამოუკიდებლად, მეორე კი სხვა დეპუტატებთან ერთად მოამზადა, დანარჩენი 3 წარდგენილი დოკუმენტი აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობის გარემოს დაცვის სამმართველოსა და ბათუმის მერიაში მომზადდა).

ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს, რითაც ათწლეულია სარგებლობს სხვადასხვა მაჟორიტარი - ისინი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობენ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რაც ხშირად სრულდება მათი ახლობლების საჯარო სამსახურებში დასაქმებითა და მათთან დაკავშირებული კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით. საბოლოოდ კი საზოგადოება შედეგად იღებს კორუფციის გაზრდილ რისკებსა და ნაკლოვან საჯარო მმართველობას.

კვლევაში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით მოვუწოდებთ:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „აისის”, “ქედესა” და „გიგა 2015”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს, ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით;