ENG

საკადრო პოლიტიკა აჭარაში და მთავრობის უნდობლობის გამოცხადებისათვის მზადება უმაღლეს საბჭოში

10 სექტემბერი, 2014

8 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 7 წევრმა ფრაქციის სხდომაზე მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის ინიცირებას. ინიციატივა 27 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა გააჟღერა, ხოლო უნდობლობის გამოცხადების მიზეზად აჭარის განათლების სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და მურმან დუმბაძის გუნდზე მიზანმიმართული შეტევა დაასახელა.

სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრმა მედეა ვასაძემ განმარტა, რომ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების მიზეზებია მთავრობის საკადრო პოლიტიკა, ბიუჯეტის 2 კვარტლის შედეგების შეუსრულებლობა (ხარჯვით ნაწილში) და კორუფციული გარიგებები.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის ინიცირებაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ⅔ ანუ 14 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა, უმაღლეს საბჭოში კიდევ ორი ფრაქციაა, რომელიც მმართველი კოალიციის წარმომადგენელი პარტიებით არის დაკომპლექტებული: ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ და „ქართული ოცნება – აჭარა“. ისინი მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას არ აპირებენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 8 დეპუტატი დაუჭერს მხარს, აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის დათხოვნას შეძლებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი რობერტ ჩხაიძე აცხადებს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს.

მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე 31 აგვისტოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამავე შეხვედრას  პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძეც   ესწრებოდა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებთან საუბარში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის იმპიჩმენტის მომხრე არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ აპირებს ინიციატივაზე უარის თქმას, რადგან „მათ ვერ მოახერხეს აჭარაში სამუშაო ადგილების შექმნა, თანამებრძოლების, მოქალაქეების დასაქმება, ხოლო უკვე დასაქმებულებს თანამდებობებს ატოვებინებენ.“

ამ ეტაპზე თანამდედობობიდან გათავისუფლებულები არიან: აჭარის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, ძეგლთა დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა, სპორტიასა და ახლაგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე, შპს „ნავთობგადამუმაშავებელი ქარხნის“ დირექტორი ლევან ჯინჭარაძე.

აჭარის განათლების და კულტურის მინისტრმა გია თავამაიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბარში განაცხადა, რომ საკადრო გადადგილებებს არ აქვს პოლიტიკური მოტივი. მისი განმარტებით, ქეთევან მანელიშვილის, ბიძინა აფხაზავას და მერაბ ნაგერვაძის გათავისუფლების მიზეზი მათი მუშაობის სტილი გახდა, რომელზეც აჭარის მთავრობის თავჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და თავად გია თავამაიშვილსაც ჰქონდათ შენიშვნები, თუმცა აღიარებს,რომ შენიშვნებისთვის არასოდეს მიუციათ ოფიციალური, წერილობითი სახე. მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა მიმართულებით ჰქონდათ პრეტენზიები გათავისუფლებულ პირებთან.

გია თავამაიშვილმა დადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავის დროზე, ამ პირთა დანიშვნის დროს, კონსულტაციებში ჩართული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კითხვაზე, თუ რამდენად იყო პარლამენტის წევრის პრეროგატივა აჭარის მთავრობის საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, მინისტრი პასუხობს, რომ მურმან დუმბაძე კოლიციის ერთ-ერთი ლიდერია და ის მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ესაუბრა ძეგლთა დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის ყოფილ ხელმძღვანელს ბიძინა აფხაზავას, რომლის განცხადებით, მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ მას ერთი წლის წინ მისცა შენიშვნა გონიოში გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ნებართვა არა მისი უწყების, არამედ ბათუმის მერიის სამსახურის მიერ იყო გაცემული. შესაბამისად, ბიძინა აფხაზავას მისი გათავისუფლების ზუსტი მოტივის ჩამოყალიბება უჭირს. ამ დროისთვის აფხაზავა რჩება ძეგლთა დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლად და დარწმუნებულია, რომ მალე ბათუმის მუზეუმის ხელმძღვანელის თანამდებობას ჩააბარებენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე არ გამორიცხავს, რომ უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, რადგან ბრძანებაში მითითებული არ არის, თუ რის საფუძველზე მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისულება. ის ამბობს, რომ თუ მინისტრს ან მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდათ შენიშვნა და არ მოსწონდათ მისი მუშაობის სტილი, მაშინ ეს ოფიციალურად, დოკუმენტში უნდა ასახულიყო.

თანამდებობიდან გათავისუფლებული შპს „ნავთობგადამუმაშავებელი ქარხნის” დირექტორი ლევან ჯინჭარაძე თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მეუღლის ძმაა. მედეა ვასაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ლევან ჯინჭარაძე ამ თანამდებობაზე არ დანიშნულა მასთან ნათესაური კავშირების გამო.

საწინააღმდეგოს ამბობს თავად ლევან ჯინჭარაძე ფინანსთა მინისტრის დავით ბალაძის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში, სადაც წერს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შპს „ნავთობგადამუმაშავებელი ქარხნის“ დირექტორის თანამდებობაზე სწორედ ავთანდილ ბერიძის, მედეა ვასაძის და მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დაინიშნა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული ლევან ჯინჭარაძე არ ეთანხმება 2013 წლის აუდიტის დასკვნას, რომელიც მის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაედო საფუძვლად და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ის აცხადებს, რომ მასთან პრეტენზიები გაჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ მურმან დუმბაძის გუნდის წევრია. ლევან ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზად ბრძანებაში მითითებულია ფინანსურის სახსრების არაეფექტური, არამიზნობრივი და უკანონო ხარჯვა, სამეურნეო საქმიანობაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებები, დამფუძნებელი-პარტნიორი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ორგანოსთან არაკოორდინირებული, არაკომუნიკაბელური მუშაობა და სხვა.

ამ დროისთვის უცნობი რჩება, თუ რა ფაქტები გააჩნია აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობაში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 123-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება საკითხის შემსწავლელი ჯგუფი. ასეთი ჯგუფის შექმნის საფუძველია შემდეგი სახის ინფორმაცია: (1) სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა ინტერესებს; (2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ. ამ დრომდე, აჭარის უმაღლეს საბჭოში საკითხთა შემსწავლელი ჯგუფი არ შექმნილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 2 წლის განმალობაში აჭარის უმაღლეს საბჭოს არ გამოუთქვამს ეჭვი ან გამოუქვეყნებია არც ერთი ფაქტი აჭარის მთავრობაში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ და ამ ინფორმაციის გავრცელება დროში ემთხვევა პოლიტიკურ გუნდებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას.

მოვლენათა ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ აჭარაში საკადრო პოლიტიკა ბევრ კითხვას აჩენს. დაუშვებელია თანამდებობებზე საჯარო მოხელეების დანიშვნა ხდებოდეს ნათესაურ-მეგობრული ნიშნით და ცალკეულ პირთა პოლიტიკური გავლენების გაძლიერების ან შესუსტების მიზნით. ასევე, ნებისმიერი გადაწყვეტილება პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქმედებები შესაძლოა შეფასდეს პოლიტიკურად მოტივირებულად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მიზნით, განმარტოს საკადრო ცვლილებების საფუძველი თითოეული გათავისუფლებული პირის მიმართ;

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს – საჯარო გახადოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მთავრობაში არსებულ კორუფციულ გარიგებებს შეეხება და დაასაბუთოს, კონკრეტულად რაში გამოიხატება აჭარის მთავრობის მიერ კანონმდებლობის დარღვევა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“