საკანონმდებლო წინადადება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და საქართველოს გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ, რაც დაეხმარება ქვეყანას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. საკანონმდებლო წინადადება 13 დეკემბერს წარედგინა პარლამენტს.
2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ შეფასებაში ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს 9 დათქმის შესრულებით პირობით. ერთ-ერთი დათქმა მოიცავს მოწოდებას, რომ გაუმჯობესდეს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე.
ამ საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა, რომელთაც ეფუძნება საკანონმდებლო წინადადება. პარლამენტში წარდგენამდე წინადადების შინაარსი გავაცანით პარლამენტის წევრებს და მოვისმენთ მათი მოსაზრებები.
საკანონმდებლო წინადადება შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, მათ შორის:
- უსაფრთხობის სექტორის კონტროლისათვის პარლამენტში ახალი სტრუქტურის (კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით) შექმნა;
- საპარლამენტო კონტროლის სრულად გავრცელება სუს-ის ჩატარებულ ღონისძიებებზე, უსაფრთხოების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და საიდუმლო შესყიდვებზე;
- სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ექსპერტების საბჭოს შექმნა, რომელიც კომპეტენტურად გააკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.