სახელმწიფო შესყიდვების კონკურსის წესი იხვეწება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფო შესყიდვების კონკურსის წესი იხვეწება

30 ივნისი, 2015

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსი ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული, სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოიყენება. ტენდერებისგან განსხვავებით, კონკურსის მეშვეობით შესყიდვები ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდის ავლით. ეს პროცესი ნაკლებად გამჭვირვალეა, რადგან ელექტრონულად არ ტარდება და არც კონკურსის შედეგების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს 1 ივლისიდან, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შესყიდვების საერთო, ელექტრონულ სისტემაში კონკურსების ინტეგრირებას მოახდენს. ხვალ, 1 ივლისს ამოქმედდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ახალი ბრძანებაც კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ. ეს ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და კონკურენციის გაუმჯობესების კუთხით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება პროგრესს საკანონმდებლო დონეზე და იმედს იტოვებს, რომ პრაქტიკა თანხვედრაში იქნება ახალ რეგულაციასთან და ელექტრონული კონკურსები რეალურად გამოასწორებს არსებული სისტემის ხარვეზებს.  

ქვემოთ განხილულია კონკურსების ჩატარების აქამდე არსებული პრაქტიკა და 1 ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები, ასევე უკვე ჩატარებული კონკურსების ტენდენციები.

კონკურსების არსებული და ახალი წესები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანების თანახმად, საკონკურსო პირობებს საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს და გამარჯვებულს გამოავლენს შემსყიდველი ორგანიზაცია. დღემდე მოქმედი კონკურსების მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზოგადად სისტემა არაერთ ნაკლოვანებას შეიცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ შემსყიდველ ორგანოს ფართო დისკრეცია ენიჭება და კონკურსის პირობებით მანიპულაცია შეუძლია. ეს გარემოება პროცესის გამჭვირვალობას ამცირებს და კორუფციისა და არაეკონომიური ხარჯვის რისკებს ზრდის.

ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში საქართველომ ვალდებულება აიღო, არსებული სისტემა შეეცვალა და ელექტრონული კონკურსების პლატფორმა დაენერგა. ეს მიზანი არის ანტიკორუფციული სტრატეგიის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტიც. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის ბრძანებაში კონკურსების ჩატარების ახალი წესი გაიწერა, რომელიც ძალაში 1 ივლისს შედის. პარალელურად ამოქმედდება კონკურსების ელექტრონული სისტემაც (eContest). ახალი წესი და სისტემა კონკურსების ჩატარების არსებული პრაქტიკის მრავალ ხარვეზს გამოასწორებს:



დღეის მდგომარეობით

2015 წლის 1 ივლისიდან

კონკურსის ვადები

კონკურსის ვადებს ადგენს თვითონ შემსყიდველი. წინასწარ გარიგების შემთხვევაში, შემსყიდველს შეუძლია ძალიან მოკლე ვადებში გამოაცხადოს კონკურსი, რომელშიც განაცხადის შემოტანას მოასწრებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც წინასწარ უკვე შეთანხმებული იყო მიმწოდებელთან და მომზადებული ჰქონდა საკონკურსო დოკუმენტაცია.

 

მსგავსი ეჭვი გაჩნდა თბილისის განვითარების ფონდის კონკურსთან დაკავშირებით, როდესაც საკმაოდ სოლიდური საპროექტო სამუშაოსთვის გამოცხადდა კონკურსი შეკვეცილ ვადებში; მასში ერთადერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან.

კონკურსის მიმდინარეობის პროცესი

ვინაიდან კონკურსები უშუალოდ შემსყიდველ უწყებებში ტარდება, არ არსებობს კონკურსის გამჭვირვალობის და კონკურსანტების მიმართ სამართლიანი მიდგომის უზრუნველმყოფელი მექანიზმები. კონკურსისას არ არსებობს შემსყიდველთან ვებგვერდით დაკავშირების საშუალება. კონკურსანტებს განაცხადების გაკეთება შემსყიდველ უწყებებში უხდებათ. ეს გარემოება ფაქტიურად გეოგრაფიული ბარიერია კომპანიებისთვის, რომლებიც ტერიტორიულად არ იმყოფებიან ახლოს შემსყიდველ უწყებასთან. ასევე, არ არსებობს შერჩევის კრიტერიუმების დადგენის სტანდარტიზირებული წესები –  ეს საკითხიც მთლიანად შემსყიდველის დისკრეციის სფეროა.   

ელექტრონული ტენდერების სისტემის მსგავსად, პრეტენდენტს შეეძლება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია და დააფიქსიროს საკონკურსო წინადადების ფასი. გამარტივებული პროცედურა მიმწოდებლებს გაუადვილებს კონკურსებში მონაწილეობის მიღებას. ახალი წესები დაარეგულირებენ შერჩევის კრიტერიუმებს და ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს. შემცირებულია საკონკურსო კომისიის სუბიექტური გადაწყვეტილებების ზეგავლენა კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის პროცესზე. ხარისხის ჯამური ქულები ავტომატურად აგრეგირდება ფასთან და თვლად კრიტერიუმებთან, რომელსაც თვითონ კანდიდატი უთითებს განაცხადში.  

დავების საბჭოში გასაჩივრება

დღესდღეობით კონკურსები დავების განხილვის საბჭოში ვერ საჩივრდება.

კონკურსანტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება როგორც შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში.

 

კონკურსების სტატისტიკა

იქიდან გამომდინარე, რომ კონკურსები მხოლოდ საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოიყენება, შესყიდვის ამ მეთოდს სახელმწიფო უწყებები ყველაზე იშვიათად იყენებენ. 2011 წლიდან დღემდე გამოცხადებული იყო 1700-მდე კონკურსი. შესყიდვების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის 5 ივნისის მონაცემებით, კონკურსის საშუალებით შერჩეულ მიმწოდებლებთან გაფორმდა 1280 ხელშეკრულება. მიწოდებული მომსახურების საერთო საფასურმა 31 მილიონ 485 ათას ლარი შეადგინა. საპროექტო სამუშაოების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია საქართველოს გზების დეპარტამენტი: კონკურსის საშუალებით დადებული 10 ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულებიდან 9 გზების დეპარტამენტმა გააფორმა. ორი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება გზების დეპარტამენტმა გააფორმა შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტ ტრანსპროექტთან. ამ ორი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ 571 ათას 500 ლარი იყო. აღსანიშნავია, ასევე, რომ საპროექტო შესყიდვების ფასი ხელშეკრულებების 80%-ის შემთხვევაში 20 ათას ლარზე ნაკლებია (დიაგრამა 1).

2014 წლის კონკურსების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ შესყიდვის ეს მეთოდი გაცილებით ნაკლებად კონკურენტულია, ვიდრე ელექტრონული ტენდერები. 2014 წელს გამოცხადებული 228 კონკურსიდან 140-ში, ანუ შემთხვევების 62%-ში, მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა (დიაგრამა 2). შედარებისთვის, 2013-2014 წლებში, ელექტრონული ტენდერების გზით დადებული 42 404 ხელშეკრულებიდან მხოლოდ 5 644 შემთხვევაში (13,3%) ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი.

შესყიდვების ალტერნატიული მეთოდის ასეთი დაბალი კონკურენტულობა შეიძლება აიხსნას საპროექტო მომსახურების ბაზარზე არსებული კომპანიების სიმცირით და ზოგადად კონკურსების ჩატარების არსებული წესის ნაკლოვანებით: კონკურსანტებს განაცხადების გაკეთება შემსყიდველ უწყებებში უხდებათ, რაც გეოგრაფიულ ბარიერებს უქმნის კომპანიებს, თუ ისინი ტერიტორიულად ახლოს არ იმყოფებიან შემსყიდველ უწყებასთან. ამავდროულად, გამომდინარე ზემოჩამოთვლილი პრობლემებიდან და დღეს არსებული სისტემის დახურულობიდან და გაუმჭვირვალობიდან არსებობდა, ასევე, კორუფციის გარკვეული რისკი. ახალმა ელექტრონულმა სისტემამ მსგავსი პრობლემები უნდა აღმოფხვრას და შესყიდვების ეს სფერო უფრო კონკურენტული გახადოს.

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“