სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

08 მაისი, 2026

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც იქმნება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა,[1] შეუსაბამოა კანონიერების პრინციპთან. მეტიც, იგი არსებითად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.

  1. კანონის შინაარსი

კანონში განცხადებულია, რომ:

  • მთავრობის შემადგენლობაში იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში;
  • მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას განახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
  • მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
  1. მთავრობის დადგენილება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებისა და მისი ფარგლების განსაზღვრის თაობაზე

ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე 2026 წლის 30 აპრილს მთავრობამ გამოსცა დადგენილება N175, რომლითაც დაადგინა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, თანამდებობა შექმნილია შემდეგი მიზნებით:[2]

  • სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
  • ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა;
  • ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვა;
  • მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება;
  • “კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში”,  საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია/კომუნიკაცია.

იმავე დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მინისტრი, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას;[3]
  • კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით.[4]
  • საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.[5]
  1. დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მაკოორდინირებელი ორგანო საქართველოში უკვე არსებობს: ეს არის საქართველოს პროკურატურა

„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, დანაშაულის პრევენციის, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით კოორდინაციას უწევს საქართველოს პროკურატურა.[6]

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოთ მითითებული დებულებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მთავრობის ინიციატივით შექმნილი ახალი სახელმწიფო უწყება ნაწილობრივ იმ ფუნქციების დუბლირებას განახორციელებს, რომლებიც პროკურატურას გააჩნია.

შესაბამისად, საქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიიდან გამომდინარე,[7] საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაშია ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ორგანული კანონის დებულებებთან.

  1. საკანონმდებლო ცვლილებები სხვა მხრივაც არის წინააღმდეგობაში კანონიერების პრინციპთან

უწყებები, რომელთა “საერთო კოორდინაციისა” და “უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის” მიზნით შეიქმნა ახალი სახელმწიფო უწყება,  მოქმედი კანონმდებლობით სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვ.[8]
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანებია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.[9]
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას მაღალი თანამდებობის პირები.[10]

ამ სხვადასხვა ფუნქციებისა და ამოცანების მქონე უწყებების ერთიანი მაკოორდინიერებელი ორგანოს შექმნით წარმოიშვება ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი რისკი. აუცილებელია, რომ ე.წ. მაკოორდინირებელმა ორგანომ არ უნდა ჩაანაცვლოს ან გადაფაროს მათი დამოუკიდებელი მანდატები.

გარდა ამისა, ამ სამ სხვადასხვა უწყებას სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი” და შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება;
  • ხოლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციებს, ფორმირების, საქმიანობისა და მათი ხელმძღვანელების თანამდებობაზე გამწესების წესს ადგენს სპეციალური კანონები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონიერების პრინციპი მოითხოვდა, რომ ეს ე.წ. “მაკოორდინირებელი ორგანო” შემქნილიყო, მისი ფუნქციები და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის წესი სპეციალური კანონის საფუძველზე განსაზღვრულიყო და არა მთავრობის კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე.

  1. ცვლილებები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

თუმცა, კანონიერებისა და საკანონმდებლო აქტების იერარქიულობის პრინციპები არა მხოლოდ ორგანული კანონის და კანონების მიმართ ირღვევა, არამედ, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, კონსტიტუციასთან მიმართებითაც.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მთავრობის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მინისტრი საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

საქართველოს პროკურატურა კონსტიტუციური ორგანოა, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.[11] შესაბამისად, კანონის ავტორების განზრახვა, რომ აღამასრულებელი ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელმა რაიმე სახის „კომუნიკაცია“ განახორციელოს საქართველოს პროკურატურასთან, პროკურატურის დამოუკიდებლობის პრინციპის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

იგივე ითქმის აუდიტის სამსახურზეც, რომელიც ასევე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა და ანგარიშვალდებულია არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ პარლამენტის წინაშე.[12]

დაბოლოს, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცვლილებების შეუსაბამობა კონსტიტუციასთან, როდესაც საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლებას. დღემდე საქართველოს არცერთ საკანონმდებლო აქტში ან რაიმე სხვა ოფიციალურ დოკუმენტში არ ყოფილა ასე დაუფარავად განცხადებული, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო რაიმე სახის „კომუნიკაციას“ შეიძლება ახორციელებდეს სასამართლო ხელისუფლებასთან, მის რომელიმე ინსტიტუტთან, ან მოსამართლესთან, რომელიც დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას კანონს.[13]

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი კრძალავს, სხვებთან ერთად, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის კომუნიკაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს ან რომელიც მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაა.[14]

მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში ასეთი არასათანადო კომუნიკაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.[15]

  1. ცვლილებები უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს

მთლიანობაში, განხილული კანონიც და მთავრობის დადგენილებაც სრულ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპთან, რაც ნებისმიერი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპია.[16]

 

[1] საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, 29 აპრილი 2026 წ., N 1545-Vმს-XIმპ.

[2] საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 აპრილის  N175 დადგენილება, პირველი მუხლის პირველი პუნქტი.

[3] იქვე, პირველი მუხლის მე-5 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი.

[4] იქვე, პირველი მუხლის მე-5 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი.

[5] იქვე, პირველი მუხლის მე-5 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი.

[6] საქართველოს ორგანული კანონი “პროკურატურის შესახებ”, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[7] ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი.

[8] საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის  №337  დადგენილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, დადგენილების მე-3 - მე-4 მუხლები.

[9] საქართველოს კანონი “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ”, მე-5 მუხლი.

[10] საქართველოს კანონი “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ”, მე-4 მუხლი.

[11] საქართველოს კონსტიტუცია, 65-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[12] იქვე, 69-ე მუხლის მე-4 - მე-5 პუნქტები.

[13] იქვე, 59-ე და 63-ე მუხლები.

[14] საქართველოს ორგანული კანონი “საერთო სასამართლოების შესახებ”, 721 მუხლის პირველი პუნქტი.

[15] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

[16] საქართველოს კონსტიტუცია, მე-4 მუხლი.