სახელმწიფო ელექტროსისტემიდან მრავალმილიონიან ტენდერებში - სულხან ზუმბურიძის ბიზნესინტერესები
სულხან ზუმბურიძეს, 2010 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ამავე სახელმწიფო კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილი. თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ ამ პირებმა და მათმა კუთვნილმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონ ლარზე მეტი და 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთები მიიღეს 49 წლით, მათზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლებით.
აუდიტის ხმაურიანი დასკვნა რეაგირების გარეშე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სულხან ზუმბურიძის დირექტორობის დროს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა. აუდიტორებმა ორგანიზაციაში 2014-2017 წლებში 76 მილიონიანი ზარალი, წესების დარღვევით გაცემული 12 მილიონი ლარის პრემია და კიდევ არაერთი არამიზნობრივი ხარჯი დაითვალეს.
მედიის ყურადღების ცენტრში, ზუმბურიძის დიდი მოცულობის შრომის ანაზღაურებასთან (5 წელიწადში თითქმის 1,5 მილიონი ლარი) ერთად, მოხვდა ზუმბურიძის როუმინგზე დახარჯული არაგონივრულად დიდი ხარჯი (5 დღეში 29 ათასი ლარი) და სხვა წარმომადგენლობითი საბიუჯეტო გადასახდელები.
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მასალები პროკურატურასაც გადაეგზავნა, მოკვლევისა თუ გამოძიების დაწყების შესახებ საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
სახელმწიფო ელექტროსისტემიდან პრივილეგირებულ ბიზნესში
2019 წლიდან სულხან ზუმბურიძე შპს „პარვუს ჯგუფის” დირექტორი და 50% წილის მფლობელია, ხოლო დარჩენილ 50% წილს მამუკა პაპუაშვილი ფლობს. ეს კომპანია მცირე და საშუალო ჰესებს აშენებს და დაფუძნებიდან დღემდე მან სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღო 27,984,905 ლარის შემოსავალი. მათ შორის 89% გამარტივებული და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული შესყიდვებიდან.
დაფუძნებიდან 2 თვეში, ზუმბურიძისა და პაპუაშვილის კომპანიამ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასზე 1 ლარით დაბალი ფასის შეთავაზებით გაიმარჯვა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვას, დისკვალიფიკაციის გამო, „პარვუს ჯგუფის” კონკურენტი გამოეთიშა. მუნიციპალიტეტმა ზუმბურიძე-პაპუაშვილის კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა, მოგვიანებით, მათი კიდევ ერთი კომპანიის, „პარვუს ქონსალტინგის” მიერ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელშეკრულებო სამუშაოების მოცულობა და შესაბამისად, ღირებულება 148,000 ლარით გაუზარდა.
ყველაზე მსხვილი შესყიდვა, 10 მილიონამდე ლარის ხელშეკრულება, „პარვუს ჯგუფმა” დაფუძნებიდან 1 წელში, სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების არგუმენტაციით, გამარტივებული შესყიდვის წესით, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” დაფუძნებული ა(ა)იპისგან, „ოუფენ ნეტისგან” მიიღო (SMP200002889; CMR200092744) - ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიამ ვალდებულად აიღო ოზურგეთში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ზუმბურიძისა და პაპუაშვილის კომპანიამ თანხის ნახევარზე მეტი, „ოუფენ ნეტიდან” ავანსად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში მიიღო. „პარვუს ჯგუფმა” ნაკისრი ვალდებულებების გადავადება 2-ჯერ ითხოვა, სამუშაოები 2020 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2021 წლის აპრილში დაასრულა, ვადაგადაცილების გამო კი პირგასამტეხლო, 77 ათას ლარამდე გადაიხადა.
ზუმბურიძის კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „პარვუს ქონსთრაქშენმა”, რომლის 100% წილს შპს „პარვუს ჯგუფი” ფლობს, დაფუძნებიდან დღემდე, გადაუდებელი აუცილებლობის და სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების არგუმენტაციით, უკონკურენტოდ, გამარტივებული შესყიდვების გზით, დუშეთის მუნიციპალიტეტისგან 366,684 ლარი მიიღო.
შპს „პარვუს ქონსალთინგი”, რომლის 100% წილს შპს „პარვუს ჯგუფი” ფლობს, დაფუძნებიდან დღემდე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების არგუმენტაციით, უკონკურენტოდ, გამარტივებული შესყიდვის გზით, დუშეთის მუნიციპალიტეტისგან 60,000 ლარი მიიღო.
სულხან ზუმბურიძე შპს „ბლექ სი ენერჯის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, „სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი წევრი, მამუკა პაპუაშვილი კი ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია. ამ შპს-ს 50% „კომპანია ბლექ სი გრუპი” ფლობს, რომელსაც დაფუძნებიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 530,923,480 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, მათ შორის 51% უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან. „ბლექ სი გრუპის” ერთი-ერთი მეწილის, გიორგი კალანდაძის ბიზნესპარტნიორი კომპანია შპს „ძველ დედაქალაქში” არის ბექა ოდიშარია, „ქართული ოცნების” დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
შპს „პარვუს ჯგუფს” დაფუძნებიდან დღემდე, დუშეთის, ოზურგეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფოსგან სარგებლობის/აღნაგობის უფლებით მიიღო 81 მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი 140,600 კვ.მ) და 6 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი 613 კვ.მ.), მათ შორის 44 მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი 62,801 კვ.მ) და 6 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 613 კვ.მ.) სარგებლობის/აღნაგობის უფლების ვადა 49 წელია. ამ მიწის ნაკვეთებზე კომპანია ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.
შპს „პარვუსმა”, რომლის წილის 100% შპს „პარვუს ჯგუფი” ფლობს და დირექტორი სულხან ზუმბურიძეა, დაფუძნებიდან დღემდე ასპინძის და დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოსგან 49-წლიანი სარგებლობის/აღნაგობის უფლებით მიიღო 30 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 13,302 კვ.მ. კომპანია ამ ნაკვეთებზეც ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.
ამასთანავე საყურადღებოა, რომ შპს „პარვუს ჯგუფმა”, 2023 წლის 05 ივნისს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან”, აუქციონის გარეშე, 6,152,499 ლარად იყიდა შპს „პარვუსის” 49,99%-იანი წილი.
სულხან ზუმბურიძე, 2005 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წევრის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ბიზნესპარტნიორია შპს „თიეიჩ ჯორჯიაში”, სადაც დავით სონღულაშვილის 49% წილს მართავს მისი ძმა, იოსებ სონღულაშვილი. იოსებ სონღულაშვილს „ქართული ოცნებისთვის” ჯამში 160,000 ლარი აქვს შეწირული.
სულხან ზუმბურიძის პარტნიორმა ა(ა)იპ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდში” დავით თვალაბეიშვილმა, 2013 წელს, 35,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას”. დავით თვალაბეიშვილი სხვადასხვა დროს იყო სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. დღეს იგი სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” მოქმედი გენერალური დირექტორია.
ბრალდებები ახალაშენებულ ჰესებზე კრიპტოვალუტის გამომუშავებაზე
„მთის ამბებმა” ზუმბურიძე-პაპუაშვილის კუთვნილი „პარვუს ჯგუფი” 2021 წლიდან ხევსურეთში აშენებულ 3 ჰიდროელექტროსადგურზე კრიპტოვალუტის გამომუშავებაში ამხილა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩანს, რომ როშკის ხეობაში აშენებულ მცირე ჰესებში მძლავრი კრიპტომაინინგის ფერმებია მოწყობილი. გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰესების ხეობაში მშენებლობას ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ დათანხმდა, თუმცა „მთის ამბების” მოკვლევით, ადგილობრივებს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდებათ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ყოფილი მაღალჩინოსნების სულხან ზუმბურიძისა და მამუკა პაპუაშვილის კომპანიების უპირატესი მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში, მათთვის გადაცემულ სახელმწიფო ტერიტორიებზე ჰესების მოწყობის პროცესი, კავშირები ხელისუფლების მოქმედ მაღალჩინოსნებთან და პოლიტიკური შემოწირულებები ცხადყოფს, რომ საქმე სავარაუდო მასშტაბური კორუფციულ გარიგებებს ეხება. სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას სათანადო გამოძიება არ მოყოლია. ზუმბურიძემ ბიზნესექტორში გადაინაცვლა და სახელმწიფო რესურსებით უწყვეტად და შეუფერხებლად სარგებლობს, რაც ცხადია, დასაბუთებულ ეჭვებს წარმოშობს ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყოს გამოძიება სულხან ზუმბურიძესთან დაკავშირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პირობების მორგების, აგრეთვე „პარვუს ჯგუფის” კუთვნილ ჰესებში კრიპტოვალუტის ფერმების სავარაუდო მუშაობის გამოსავლენად.