ENG

შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება

27 მაისი, 2020

 

საქართველოს პარლამენტში 2 მარტს დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (N07-2/452) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა წარმოდგენილი კანონპროექტი. ჩვენი აზრით, წარმოდგენილი ცვლილებები დიდწილად  დადებითია, ვინაიდან, მათი მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სახელმწიფო შესყიდვებში გასაჩივრებისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმები. თუმცა, ამავე დროს გვაქვს რამდენიმე შენიშვნა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

1. გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის განხორციელების წესი

დღეს მოქმედი რეგულაციით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან წინასწარი თანხმობა უნდა მიიღონ, მათ შორის ისეთ შესყიდვებზე, რომლებიც გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხდება.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით (მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი) წესდება გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა აღარ საჭიროებს შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებას, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (საქონელი და მომსახურება – 139,000 ევრო; სამუშაო – 5,350,000 ევრო)

გამარტივებული შესყიდვის გამოყენების შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ  შემსყიდველს უწევს დაასაბუთოს, თუ რატომ შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა. ცვლილების მიღების შემთხვევაში, ყველაზე მსხვილ გამარტივებულ შესყიდვებზე შეუძლებელი იქნება გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზის მოყვანის დასაბუთების წინასწარი შეფასება და კონტროლი, რაც შესყიდვის ამ ინსტრუმენტის ბოროტად გამოყენების რისკებს აჩენს.

რეკომენდაცია

გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული ნებისმიერი გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებას უნდა საჭიროებდეს.

 

  1. გასაჩივრების გამო შეჩერებული შესყიდვის განხორციელება გადაუდებელი აუცილებლობით

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია, იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები, რომლის შესახებ შეტანილი საჩივარი საბჭოს მიერ დაშვებულად იქნება ცნობილი (მუხლი - 237.9). თუმცა, იმავე პუნქტში წერია, რომ „შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი წესით, განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა.”

ეს ჩანაწერი აჩენს იმის რისკს, რომ არაკეთილსინდისიერმა შემსყიდველმა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღნიშნული შესაძლებლობა და დროებით შეჩერებული შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით მაინც განახორციელოს.

რეკომენდაცია

შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებული უნდა იყოს იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები, რომლის შესახებ შეტანილი საჩივარი საბჭოს მიერ დაშვებულად იქნება ცნობილი. გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებულ შესყიდვაზე ამ დროს არ უნდა გავრცელდეს გამონაკლისი.

 

3. გამარტივებული შესყიდვის გასაჩივრების პროცესი

კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის განხორციელების გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი ხდება, რაც მისასალმებელია. თუმცა,  ეს ეხება მხოლოდ ისეთ გამარტივებულ შესყიდვებს, რომლებიც ტოლია ან აღემატება ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (საქონელი და მომსახურება – 139,000 ევრო; სამუშაო – 5,350,000 ევრო).

საქართველოს პირობებში, სადაც, მაგალითად, ტენდერის გამოყენება 5,000 ლარზე მეტი ღირებულის შესყიდვის შემთხვევაში სავალდებულოა, აღნიშნული ზღვრები ზედმეტად მაღალია.

2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მოდელირების შემთხვევაში, ჩანს, რომ დავების საბჭომ წელიწადში დამატებით მხოლოდ 10 გამარტივებული შესყიდვის საჩივარი შეიძლება მიიღოს. 2019 წელს 480,000 ლარზე მეტი ღირებულების მხოლოდ 250 გამარტივებული შესყიდვა განხორციელდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელიწადში ტენდერების საშუალოდ 3-4% საჩივრდება, კანონპროექტით შემოთავაზებული ზღვრების დაწესების შემთხვევაში, საუბარი იქნება მხოლოდ 10 საჩივრის დამატებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრების მექანიზმი შეეხება გამარტივებული შესყიდვების უკიდურესად მცირე ნაწილს.

შედარებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ზღვარი დაიწევს 25,000 ლარამდე, დამატებით მოსალოდნელი საჩივრების რაოდენობა იქნება 200-ის ფარგლებში, რაც მარტივად უნდა იყოს დაძლევადი დამატებითი რესურსით აღჭურვილი დავების საბჭოსთვის, რომელმაც, დღეს არსებულ ვითარებაშიც კი, მაგალითად, 2019 წელს 1,245 საჩივარი განიხილა.

რეკომენდაცია

დავების საბჭოში გამარტივებული შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვნად მცირე შესყიდვის დროსაც, ვიდრე ეს ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებით არის დადგენილი.

წინამდებარე შენიშვნები წერილის სახით ასევე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, რომელიც არის წამყვანი კომიტეტი ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში.