ტენდენციები თბილისის მერიის ახალი ადმინისტრაციის შესყიდვებში
თბილისის მერია, 2013 წლის მონაცემებით, სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. ამ უწყების მიერ განხორციელებული ცალკეული შესყიდვები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დედაქალაქის მერიის შესყიდვები უფრო დეტალურად შევესწავლა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში მერიის შესყიდვებში მნიშვნელოვნად იმატა იმ ტენდერების რაოდენობამ, რომელთა პირობაც ტენდერის ღირებულების ნაწილის ავანსად (წინასწარ) გაცემას ითვალისწინებს. უჩვეულოდ მაღალია ავანსების ოდენობაც, რომელიც ზოგ შემთხვევაში ტენდერის ღირებულების 70%, 95% და 100%-საც კი აღწევს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა მერიის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვებით და შეისწავლა 2014 წლის აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით არსებული პრაქტიკა. 15 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნულ პერიოდში მერიამ სულ 226 ტენდერი გამოაცხადა, აქედან 53 შემთხვევაში ტენდერი არ შედგა, 14 ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, 12 ტენდერი კი – შეწყდა.
მაღალი ავანსები
147 ტენდერიდან 67-ში (46%) ტენდერის პირობები შესაძლებლობას იძლეოდა კონტრაქტის ღირებულების 50%-ის ან მეტი ოდენობის თანხის ავანსად გაცემას. უფრო კონკრეტულად, 11 შემთხვევაში ტენდერის პირობები მომსახურების საერთო ღირებულების 100%-ის ავანსად გაცემას ითვალისწინებდა, 15 შემთხვევაში - 95%-ის, 5 შემთხვევაში 70%-ის, 36 შემთხვევაში კი ავანსის სახით თანხის გაცემა ტენდერის ღირებულების არაუმეტეს 50%-ით იყო განსაზღვრული. შედარებისთვის, 2013 წელს ხელშეკრულება სულ 5000 ლარზე მეტი ღირებულების 487 ტენდერზე დაიდო. აქედან, თანხის წინასწარ გაცემა დაშვებული 4 შემთხვევაში 15%-ის ფარგლებში იყო, 32 შემთხვევაში 20%-ის ფარგლებში, 8 შემთხვევაში 30%-ის ფარგლებში, 2 შემთხვევაში 40%-ის, 7 შემთხვევაში 50%-ის, 4 შემთხვევაში 70%-ის ფარგლებში იყო გათვალისწინებული ავანსის გაცემა. 4 შემთხვევაში კი ხელშეკრულება თანხის წინასწარ გადახდის შესაძლებლობას ითვალისწინებდა, თუმცა მისი ზედა ზღვარი განსაზღვრული არ იყო.
2014 წლის აგვისტოდან 12 დეკემბრამდე პერიოდში, იმ ტენდერების უმრავლესობა, რომლებზეც 50%-ის ან მეტი ოდენობის თანხის ავანსად გაცემა იყო შესაძლებელი, ხეების დარგვის, გზის შეკეთების, გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოების და საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ:
-
2011-2013 წლებში მერიას ხეების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ არცერთ ტენდერზე წინასწარი გადასახდელის გაცემა გათვალისწინებული არ ჰქონია, მაშინ როცა 2014 წელს რიგ შემთხვევებში ამ მიზნით ავანსის სახით თანხის გაცემა ტენდერის ღირებულების 100%-ის ოდენობითაც კი არის გათვალისწინებული.
-
2012-2013 წლებში გზის შეკეთების სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში ავანსის სახით გასაცემი თანხა ტენდერის ღირებულების საშუალოდ 10%-დან 30%-მდე მერყეობდა. 2013 წელს, მხოლოდ ერთი ტენდერის შემთხვევაში, ავანსის გაცემა ტენდერის ღირებულების 40%-ის ფარგლებში იყო შესაძლებელი. 2014 წლის აგვისტოდან ამავე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, გზის შეკეთების სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ 15 ტენდერში ავანსის გაცემა ტენდერის ღირებულების 50%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული, 5 შემთხვევაში - 95%-ით, 1 ტენდერი კი თანხის 100%-ით წინასწარ გადახდის შესაძლებლობასაც იძლევა.
-
საინჟინრო-საპროექტო მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში კი წინასწარი გადასახდელის გაცემა 2012 წელს გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა. 2013 წელს ამავე მიზნით ხელშეკრულება სულ 51 ტენდერზე დაიდო. აქედან, ავანსის გაცემა, როგორც წესი, 30%-ის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, თუმცა 5 შემთხვევაში სატენდერო პირობები წინასწარ გადახდას 50%-ის ოდენობითაც ითვალისწინებდა. 2014 წლის აგვისტოდან 12 დეკემბრამდე პერიოდში ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერებიდან 4 შემთხვევაში ავანსის გაცემა 100%-ის ოდენობით იყო დაშვებული, 2 შემთხვევაში კი 50%-ით.
-
რაც შეეხება გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოებს, ამ მიზნით 2012 წელს გამოცხადებულ ტენდერებში ავანსი 30%-ის ფარგლებში გაიცემოდა, 2013 წელს ასეთი ტენდერი არ ჩატარებულა, ხოლო 2014 წლის აგვისტოდან 12 დეკემბრამდე ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერებიდან 3 შემთხვევაში სატენდერო პირობები ავანსის გაცემას 95%-ის ფარგლებში ითვალისწინებდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა, თუ რამ განაპირობა მერიის შესყიდვების პოლიტიკის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება. თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურმა განგვიმარტა, რომ ავანსის გაცემის პრაქტიკის ფართოდ გამოყენების სურვილი მომწოდებლებისგან მოდიოდა, რადგან ბევრ მათგანს, შესაძლოა, მერიის მიერ მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად საჭირო რესურსი არ ჰქონდეს. მათივე განცხადებით, ავანსის გაცემით თბილისის მერია არაფერს კარგავს, რადგან წინასწარი გადახდის წინაპირობა საბანკო გარანტიაა და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი თბილისის მერიას თანხას პირველივე მოთხოვნისთანავე უკან უბრუნებს.
ცხადია, ავანსის გადახდას შესყიდვების შესახებ კანონი ითვალისწიებს და საბანკო გარანტია იძლევა საშუალებას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერიას მოთხოვნისთანავე თანხა უკან დაუბრუნდეს, თუმცა გაუგებარია, რატომ მოხდა კონტრაქტების გაფორმება იმ კომპანიებთან, რომელთაც სამუშაოების განხორციელების მცირე რესურსიც კი არ გააჩნიათ.
ახლადდარსებული კომპანიები
2014 წლის აგვისტოდან ამავე წლის 12 დეკემბრამდე ჩატარებული 67 ტენდერიდან, რომლებიც ავანსის სახით თანხის გაცემას ტენდერის ღირებულების 50%-ით ან მეტი ოდენობით ითვალისწინებდა, 10 შემთხვევაში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ შეიქმნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის შემთხვევები, სადაც ტენდერის გამოცხადების შემდეგ ან წინადადებების მიღების ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე დაარსებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს:
-
2014 წლის 8 ოქტომბერს გზის შეკეთების სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში (SPA140023631), სადაც წინადადებების მიღების ვადა 31 ოქტომბერს იწურებოდა, 2014 წლის 16 ოქტომბერს დაფუძნებულმა შპს „ენკომ“ გაიმარჯვა. ტენდერში „ენკოსთან“ ერთად 2014 წლის 13 აგვისტოს დაფუძნებული შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენ“ მონაწილეობდა, რომელმაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებამ 459 164 ლარი შეადგინა. ტენდერის პირობები გადასახდელი თანხის 95%-ის წინასწარ გადახდის შესაძლებლობას ითვალისწინებს. კომპანიის მესაკუთრეები თორნიკე შიოლაშვილი (50%) და ნუგზარ მოწყობილი (50%) არიან. თორნიკე შიოლაშვილი წარსულში შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი (2011-2013 წ.წ.) და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი იყო (2013 წ.).
-
2014 წლის 3 ოქტომბერს გზის შეკეთების სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში (SPA140023290) 2014 წლის 13 აგვისტოს დაარსებულმა კომპანიამ „შპს ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენ“ გაიმარჯვა. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებამ 605 555 ლარი შეადგინა. „შპს ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენ“ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. კომპანია მალხაზ გელაშვილს (25%), ლია ოდიშვილსა (50%) და ირაკლი ბლიაძეს (25%) ეკუთვნით. ტენდერის პირობები გადასახდელი თანხის 95%-ის ავანსად გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
-
2014 წლის 5 სექტემბერს გზის შეკეთების სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე (SPA140020929), სადაც წინადადებების მიღების ვადა 29 სექტემბერს იწურებოდა, შპს „გზამშენი_4-მა“ გაიმარჯვა. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებამ 477 905 ლარი შეადგინა. ტენდერის პირობები გადასახდელი თანხის 50%-ის ავანსად გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. შპს „გზამშენი_4“ 1997 წელს არის დაფუძნებული, თუმცა მისი 99.2% წილის მფლობელი შპს „გზა-2014“ 2014 წლის 22 აგვისტოსაა დაარსებული. „გზა-2014“ თავდაპირველად ნაზიბროლა ალასანიას ეკუთვნოდა, ამჟამად კი ირანული კომპანია შპს Roham Sperlus Co-ის (ს/ნ 432300) საკუთრებაშია.
-
2014 წლის 3 ოქტომბერს რკინა ბეტონის სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში (SPA140023292), სადაც წინადადებების მიღების ვადა 27 ოქტომბერს იწურებოდა, 2014 წლის 8 ივლისს დაფუძნებულმა კომპანიამ „შპს ნიკას ფილიალი საქართველოში“ გაიმარჯვა. ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულებამ 649 000 ლარი შეადგინა. ტენდერის პირობებით გადასახდელი თანხის 50%-ის ავანსად გაცემის შესაძლებლობა იყო გათვალისწინებული. კომპანიის დირექტორი გიორგი გოჩიაშვილია, დამფუძნებელი კი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შპს „ნიკა“. გიორგი გოჩიაშვილი კიდევ ოთხი კომპანიის: შპს „გ. ანა 2009”, შპს „ეკომშენი”, შპს „მშენსერვისცენტრი”, შპს „იბერიავესტი“ დირექტორი და მეწილეა.
შენიშვნები და რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ავანსების გადახდით კანონის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, მერიის არგუმენტაცია შესყიდვების განხორციელებისას ავანსების გაცემის ახალ პრაქტიკასთან დაკავშირებით არადამაკმაყოფილებელია. ეს პრაქტიკა კითხვის ნიშნებს ბადებს სახელმწიფო სახსრების სწორად განკარგვისა და მერიის სამსახურის მიერ ხარისხიანი მომსახურების მიღების მიზნით მართებული ქმედებების დაგეგმარებასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, საჭიროა მეტი სიცხადე შესყიდვების განხორციელებისას გასაცემი ავანსის ზედა ზღვრის დაწესების პროცესში. ასევე, სასურველია არსებობდეს გამოცხადებულ ტენდერებზე ავანსის ზედა ზღვრის (50% და მეტი) გაცემის უფრო ნათელი კრიტერიუმები, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ავანსის გაცემა კონკრეტული, გამოცდილების არმქონე კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭებას ემსახურება.