ვინ არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატები

27 სექტემბერი, 2022

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კონკურსში ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ამჟამინდელი დირექტორი გიორგი კოხრეიძე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება.

ტელევიზიის დირექტორს 3 წლის ვადით ირჩევენ. დირექტორად არჩევას 5-წევრიანი მრჩეველთა საბჭოს ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.

დირექტორის შესარჩევად გასაუბრებები 29-30 სექტემბერს შემდეგ კანდიდატებთან გაიმართება:

გიორგი კოხრეიძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი დირექტორია. ის 6 თვისა და 4 მცდელობის შემდეგ გახდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის,  სადავო იმპიჩმენტის შემდეგ დროში გაიწელა ახალი ხელმძღვანელის არჩევა. აღნიშნულმა პროცესმა კი გააჩინა განცდა, რომ პროცესი ხელისუფლებისგან იყო მართული და მიზნად სასურველი ახალი დირექტორის შერჩევით ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა. მართლაც, კოხრეიძის დირექტორად მოსვლის შემდეგ ტელევიზიაში დაიწყო კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა. ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლაზე, შევიწროებასა და სამსახურიდან მიზანმიმართულ გათავისუფლებაზე საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განცხადება არაერთხელ გააკეთეს. მონიტორინგის შედეგებით, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების სასარგებლოდ შეიცვალა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოხრეიძის დირექტორად მოსვლის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს 3 თანამშრომელი, სხვადასხვა მიზეზით სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორეს ან/და სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს 5 ადამიანი, ხელშეკრულება შეუწყვიტეს 3 ადამიანს, არხი დატოვა 4-მა თანამშრომელმა. დღეისათვის ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოში ათამდე შრომითი დავაა შესული. სახალხო დამცველმა მოქმედი და ყოფილი რამდენიმე თანამშრომლის უფლებების დარღვევისა და ასევე დისკრიმინაციის ფაქტები დაადგინა.

გიორგი კოხრეიძე 2014–2018 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. 1999–2004 წლებში იყო მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი „მოქალაქეთა კავშირიდან“. გიორგი კოხრეიძე ტელეკომპანია  “202”–ის  დამფუძნებელია, რომელიც 2006 წელს დაიხურა.

ნათია თავდგირიძე - აქვს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. 2012 წლიდან აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ ავტორი, წამყვანი, პროდიუსერი და რეჟისორია, 2009-2012 წლებში აჭარის ტელევიზიაში იყო გადაცემა „დილის ტალღის“ რეპორტიორი.

ნათია თავდგირიძე 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზიდან“. არჩევნებში ვერ გაიმარჯვა და მოგვიანებით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მადლობა გადაუხადა გადაცემის ეთერში დაბრუნების გამო, თუმცა არ განუმარტავს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რა კავშირში იყვნენ არხის სარედაქციო პოლიტიკასთან.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში  არის დოქტურანტურის სტუდენტი.

ირაკლი გიორგაძე - 2018 წლიდან ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში არის პედაგოგი და 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტში მეცნიერ-თანამშრომელი.  2001-2021 წლებში ხელმძღვანელობდა სსიპ ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებით ცენტრს, 2005-2006 წლებში მუშაობდა ჭიათურის კულტურის განყოფილებაში ძეგლთა დაცვის სპეციალისტად. 2002-2004 წლებში ირაკლი გიორგაძე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელობდა, 2001-2002 წლებში კი ჭიათურის გამგეობაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

ირაკლი გიორგაძეს ისტორიის დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დავით ჩხარტიშვილი - 2018 წლის აპრილში  პოლიტიკური მოძრაობა „ბათუმური პლატფორმა“ დააფუძნა. აღნიშნული პლატფორმა  ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად აფასებდა. ორგანიზაციის დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ, ჩხარტიშვილი ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში დასაქმდა.

ჩხარტიშვილი 2015 წელს ბათუმის მერიაში  მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, 2012-2014 წლებში იყო ბათუმის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი, 2006-2010 წლებში იყო მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, 2005-2007 წლებში ხელმძღვანელობდა გაზეთს „აჭარა და ადჟარია.“

დავით ჩხარტიშვილი 2016 და 2018 წლებშიც მონაწილეობდა მაუწყებლის დირექტორობის კონკურსში, მაგრამ მრჩეველთა საბჭომ მის კანდიდატურას მაშინ მხარი არ დაუჭირა. 

აკაკი ბერიძე - აქვს კერძო კომპანიებში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2015-2018 წლებში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად, 2013-2015 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატში მთავარი სპეციალისტი.

არის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და კითხულობს ლექციებს.