ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა პრემიების გაცემის ახალი წესი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა პრემიების გაცემის ახალი წესი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრა

25 ნოემბერი, 2014

 

21 ნოემბერს თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ დადგენილება მიიღო, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები დაედო საფუძვლად.

დადგენილების თანახმად, პრემია გაიცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის და/ან განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

ამავე დადგენილების თანახმად, პრემიის გაცემის შესახებ ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს მოხელის თანამდებობრივ სარგოს.

შეგახსენებთ, აქამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრემიების გაცემის წესი რაიმე სახის დადგენილებით არ იყო განსაზღვრული და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემოდა, რასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არაერთხელ გამოეხმაურა რეკომენდაციებით.

ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ჩვენი პოზიციით ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ერთის მხრივ დაასრულებს არსებულ მანკიერ პრაქტიკას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ეკონომიას და ხარჯვის გამჭვირვალობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სხვა მუნიციპალიტეტებს პრემიების გაცემის წესი დაარეგულირონ ანალოგიურად.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“