„ტერორიზმის“ ბრალდება ძაღლების მიერ ვითომდაც ამოცნობილი სუნით: ივანიშვილის პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი საქმე „შეუკერა“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ტერორიზმის“ ბრალდება ძაღლების მიერ ვითომდაც ამოცნობილი სუნით: ივანიშვილის პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი საქმე „შეუკერა“

13 ოქტომბერი, 2026

შესავალი

რამდენიმე ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც გაანალიზებულია ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ყოფილი ჟურნალისტის - ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილის მსჯავრდების საქმე.[1]

2026 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 323-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ტერორსტული აქტის ჩადენის მცდელობაში და სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.

ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაასაბუთა ტერორისტული მიზნის არსებობა, რითაც სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა უფლებები. შესაბამისად, მივედით დასკვნამდე, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ უნდა იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციაში დადგენილ პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმებს.[2]

ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს კიდევ ერთ საქმეს ალეკო ელისაშვილის მიმართ, რომელშიც მას ასევე ბრალად ედება ტერორისტული მიზნით სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება. თუმცა, პირველი საქმისგან განსხვავებით, სადაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან საკუთრივ ცეცხლის წაკიდების მცდელობა ეჭვს არ იწვევს, ამ შემთხვევაში პროკურატურა ვერ ასაბუთებს, არა მხოლოდ ტერორისტული მიზნის არსებობას, არამედ ინკრიმინირებული ქმედების - ცეცხლის წაკიდების - ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენასაც.

მეტიც, ბრალდება იმდენად მოკლებულია გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად აუცილებელ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომ ეს საქმე ივანიშვილის რეჟიმის პირობებში წარმოებულ სხვა მრავალ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შორისაც კი გამოირჩევა ბრალდების პოზიციის განსაკუთრებული უსუსურობითა და მტკიცებულებითი საფუძვლის თვალშისაცემი სიმწირით.

ფაქტიურად, ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც, ბრალდების თქმით, თითქოს დგინდება შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მიერ დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშების ელისაშვილის სუნის ნიმუშთან გაიგივების ფაქტი. თუმცა, როგორც დავინახავთ, ეს ერთადერთი მტკიცებულებაც კი ძლიერ ეჭვებს წარმოშობს მისი კანონიერებისა და უტყუარობის კუთხით.

I. ფაქტები

1. სავარაუდო დანაშაული და მისი ჩადენიდან პირველი 8 თვის განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შედეგები

საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.[3] გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა 4 მაისს, 04:12 საათზე გადაცემული შეტყობინება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს დაფიქსირდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია მოახდინა ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო სამსახურმა.[4]

იმავე დილას შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე მისულმა კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა ამოიღეს სუნის კვალის ნიმუშები „დაზიანებული ფასადის წინ ბეტონის ზედაპირიდან და სარდაფში ჩასასვლელი კიბის ზედაპირიდან“.[5] აღებული სუნის ნიმუშები დაილუქა სპეც. პაკეტში, შესაბამისი შტრიხკოდით, რომელზეც ასევე აღინიშნა საქმის ნომერი და ხელმოწერები.[6]

იმავე დღეს, ე.წ. „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, სოფ. დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ახლოს მდებარე თინათინ ვირსალაძის ქ. N3-ის მიმდენარე ტერიტორიაზე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც ამოღებულ იქნა 2 ცალი პოლიეთილენის ბოთლის თავსახური, პოლიეთილენის ობიექტების ნამწვის ნარჩენები და ნამწვისა და ნიადაგის ნიმუშები.[7]

იმავე დილას გამოკითხულმა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ მან დაათვალიერა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული შიდა და გარე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, რომ 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათიდან 04:10 საათის შუალედში, სასამართლოს უკანა ეზოში იმყოფება უცნობი პირი, რომლის იქ ყოფნის დროსაც სასამართლოს შენობის უკანა ნაწილში 2 ადგილზე ჩნდება ხანძარი. გამოკითხულმა პირმა განაცხადა, რომ საქმის ირგვლის გამომძიებელს მეტს ვერაფერს მოახსენებდა.[8] აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა.[9]

მომდევნო დღეს საქმეზე გამოიკითხა თბილისის საქალაქო სამსახურის სამი მანდატური, რომლებიც შემთხვევის ღამეს სასამართლოში მორიგეობდნენ. სამივე მათგანმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 04:00 საათზე ჩაირთო სახანძრო განგაში, რომ მათ მაშინვე დარეკეს 112-ში და ითხოვეს დახმარება, რომ ადგილზე მოსულმა სახანძრო სამსახურმა მალევე მოახდინა ხანრძრის ლიკვიდაცია და, რომ მათთვის უცნობია მოცემული დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა.[10]

საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ქიმიური, სახანძრო-ტექნიკური და საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა[11], რომლის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი იყო ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან და წვად მასალასთან და, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი.[12]

სულ ესაა, რაც ჩატარდა და გამოვლინდა გამოძიების პირველ დღეებში. ამის შემდეგ 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოს არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. ყოველ შემთხვევაში, საქმის მასალებში რაიმე ასეთი მოქმედების ამსახველი დოკუმენტი არ მოიპოვება.

2. შემთხვევის დღიდან 8 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ გამოძიება ალეკო ელისაშვილის „კვალს დაადგა“

2026 წლის 12 იანვარს, 2025 წლის 4 მაისის ხანძრის დღიდან 8 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-6 სამმართველოს დეტექტივი - უჩა თურმანიძე ადგენს პატაკს თავისი სამმართველოს უფროსის მოადგილის - შავლეგო მაისურაძის სახელზე, რომ მის მიერ მიღებული „ოპერატიული ინფორმაციის“ თანახმად, ვაშლიჯვარში, აკაკი კვანტალიანის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრსა და როსტევანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულ იქნა იმ პირის გადაადგილება, რომელსაც შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდა 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ცეცხლის წაკიდებით დაზიანება.[13]

იმავე დღეს, ხსენებული დეტექტივი გამოკითხულ იქნა და მან განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა „პირადი კონტაქტისაგან“, რომელსაც „კარგად იცნობს“ და, რომელსაც მისთვის ადრეც მიუწოდებია „დანაშაულის გახსნისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ოპერატიული ინფორმაცია, რაც ყოველთვის გამართლებულა და დადასტურებულა“.[14]

იმავე და მომდევნო დღეებში გამომძიებლის მიერ გამოკითხულ იქნა 5 პირი, რომლებიც აკაკი კვანტალიანის და როსტევანის ქუჩებში მდებარე სახლებში ცხოვრობენ. ხუთივე მათგანმა გამომძიებელს „უამბო“ ერთი და იგივე შინაარსის, პრაქტიკულად ერთი და იგივე სიტყვებით აღწერილი ამბავი. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ:

  • ცხოვრობს ამა და ამ მისამართზე;
  • მისი საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომლებიც ახდენენ 24 საათიან მონიტორინგს და ამის პარალელურად ინახავენ გადაღებულ ჩანაწერებს;
  • 2025 წლის 4 მაისს მასთან მისულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ მისი საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით;
  • მათ განუმარტეს, რომ კამერების წინ შესაძლოა დაფიქსირებული ყოფილიყო, მათთვის საინტერესო, მუქ სამოსში გამოწყობილი, სახე დაფარული, პიროვნების გადაადგილება;
  • ამის შემდეგ მან მოახდინა ხსენებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვა, რა დროსაც მართლაც ნახა მსგავსი პიროვნების გადაადგილება;
  • ამის შესახებ აცნობა პოლიციის თანამშრომლებს;
  • მათი თხოვნით, ხსენებული ჩანაწერები გადმოიწერა და შეინახა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში.[15]

როგორც ითქვა, დანარჩენმა გამოკითხულმა პირებმაც ზუსტად იგივე შინაარსის ამბავი მოყვეს.[16]

ეს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ზემოთ აღწერილი ნარატივის თანახმად, ამ კერძო პირებთან ინახებოდა და რატომღაც პოლიციელებმა ჯერ კიდევ 2025 წლის 4 მაისს არ ამოიღეს, სასამართლოს 2026 წლის 14 იანვრის განჩინებით[17] გამოთხოვილ იქნა 2026 წლის 16 და 17 იანვარს.[18]

ამის შემდეგ გადის კიდევ დაახლოებით ორი თვე და 2026 წლის 13 მარტს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-6 სამმართველოს კიდევ ერთი დეტექტივი - გიორგი რაზმაძე ადგენს პატაკს თავისი სამმართველოს უფროსის - ელიზბარ ბესტავაშვილის სახელზე, რომელშიც აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული კვლავ „ოპერატიული ინფორმაციის“ თანახმად 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობას ცეცხლი წაუკიდა ალექსანდრე ელისაშვილმა.[19] გამოკითხვის დროს დეტექტივმა, თავისი წინა პატაკის ავტორი კოლეგის მსგავსად, განაცხადა, რომ ე.წ. „ოპერატიული ინფორმაცია“ ე.წ. „პირადი კონტაქტისგან“ მიიღო, რომელსაც კარგად იცნობს და რომელსაც „არაერთხელ მოუწოდებია ოპერატიული ინფორმაცია და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყველა ჯერზე წარმატებით იქნა რეალიზებული.“[20]

3. საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის გადაცემა და ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა

2026 წლის 13 მარტს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ - ზურაბ ბელთაძემ მიიღო დადგენილება ამ სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოსთვის გადაცემის შესახებ.[21]

2026 წლის 20 მარტს, პროკურორის დადგენილების შესაბამისად, საქმეზე დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.[22]

2026 წლის 25 მარტს ზემოხსენებული დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა ნინო ბორაშვილმა გასცა ექსპერტის დასკვნა N46/7/6-1188. ამ დასკვნის თანახმად, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა აკაკი კვანტალიანის და როსტევანის ქუჩაზე მცხოვრები ზემოხსენებული 5 პირისგან გამოთხოვილ გარე ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და ამ ჩანაწერებიდან ამოღებულ ფოტოებს. ექსპერტის დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამპოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.“ მისი თქმით, ასევე უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვიდეოგრამებიდან ამოღებულ რიგ ფოტოგამოსახულებებზე გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება. თუმცა, ექსპერტის თქმით, რამდენიმე ფოტოგამოსახულებაზე შესაძლებელია „მხოლოდ პიროვნების სავარაუდო დადგენა/ამოცნობა“.[23]

2026 წლის 23 მარტს საქმის გამომძიებელმა პროკურორმა მიიღო დადგენილება ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელიც უნდა ჩატარებოდა ამოღებული ნამწვისა და ნიადაგის ნიმუშებს.[24] თუმცა, ელისაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ექსერტიზის დასკვნა დღემდე წარმოდგენილი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დანიშვნიდან 6 თვეზე მეტია გასული.

2026 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილიმა მიიღო განჩინება ალექსანდრე ელისაშვილისგან სუნის ნიმუშის აღების შესახებ.[25] განჩინება აღსრულებულ იქნა და ელისაშვილისგან სუნის ნიმუში აღებულ იქნა 2026 წლის 26 მარტს.[26]

2026 წლის 26 მარტს პროკურორმა მიიღო დადგენილება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ექსპერტიზის ჩატარება ასევე დაევალა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.[27]

2026 წლის 27 მარტს ზემოხსენებული დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტებმა - მანუჩარ ჩიხრაძემ და დიმიტრი ნაჭყებიამ შეადგინეს დასკცნა N46/9-109.[28] ერთობ ლაკონურ დასკვნაში, რომელიც ფოტოცხრილიანად სულ 4 გვერდისგან შედგება, საიდანაც გამოკვლევის აღწერილობა ერთ არასრულ გვერდს მოიცავს, ხოლო, საკუთრივ დასკვნითი ნაწილი სულ რაღაც ერთ აბზაცს, ვკითხულობთ:

„შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, მოვათავსე ოდოროლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ლაბორატორიაში არსებულ კონტეინერებში, სხვადასხვა სუნის კვალის ნიმუშებთან ერთად და სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მეშვეობით, მოხდა მათი შედარება ალექსანდრე ელისაშვილისგან აღებულ სუნის ნიმუშთან“.

„სისხლის სამართლის N007040525003 საქმეზე, 2025 წლის 04 მაისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ცრცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სარდაფში ჩასასვლელი კიბეების ზედაპირიდან და დაზიანებული ფასადის წინ ბეტონის საფარის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ალექსანდრე ელისაშვილისგან აღებული სუნის ნიმუშის.“

ამის მეტი არც კვლევის აღწერაში და არც დასკვნით აბზაცში, არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ:

  • რა თანამიმდევრობით და ხანგრძლივობით წარიმართა კვლევის პროცესი;
  • ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე შეფერხებას;
  • იყო თუ არა სტერილური კონტეინერები, რომლებშიც სუნის ნიმუშები იქნა მოთავსებული;
  • რამდენი ძაღლი იქნა გამოყენებული;
  • რამდენი შედარება განახორციელა თითოეულმა ძაღლმა;
  • იყო თუ არა ყველა შემთხვევაში მიღებული ერთი და იგივე შედეგი; თუ არ იყო, არის თუ არა საკმარისი თუნდაც ერთი ცდომილება, რომ დასკვნა არ იყოს კატეგორიული;
  • როგორი იყო ძაღლების ჯიში, სქესი, ასაკი, წვრთნის წესი, ხანგრძლივობა, მსგავს პროცედურებში მონაწილეობის რაოდენობა და ა.შ.;
  • მოახდინა თუ არა კინოლოგმა რაიმე გავლენა ძაღლების მიერ შედარების განხორციელების პროცესზე;
  • რამდენად შესაძლებელი იყო სუფთა და დაუბინძურებული სუნის ნიმუშების აღება კიბიდან და ბეტონის ზედაპირიდან, რომლებიც სახანძრო სამსახურს, ხანძრის ჩასაქრობად, შესაბამისი ხსნარის ჭავლით ჰქონდა დამუშავებული.

ექსპერტიზის დასკვნას თან არ ახლავს კვლევის პროცესის ამსახველი ვიდეო ან/და ფოტო მასალა, რათა ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნებულიყო, რომ კვლევა მართლაც სათანადო წესით ჩატარდა.

საქმეზე ასევე ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა 470 ლარი.[29]

2026 წლის 27 მარტს თბილისის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მარიამ გიგაურმა მიიღო დადგენილება საქმისათვის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ. ამ დადგენილების თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ტერორისტული აქტი.[30]

2026 წლის 30 მარტს იმავე უფროსმა პროკურორმა მარიამ გიგაურმა გამოიტანა დადგენილება ალექსანდრე ელისაშვილის ბრალდების შესახებ, რომელშიც განცხადებულია:

„ალექსანდრე ელისაშვილმა განიზრახა, რომ განეხორციელებინა ტერორისტული აქტი, კერძოდ, მოსახლეობის დაშინებისა და ქვეყნის კონსტიტუციური სტრუქტურის, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით, ცეცხლის წაკიდების გზით, გაენადგურებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფრასტრუქტურა და მასში განთავსებული არსებითად მნიშვნელოვანი დოკუმენტები.“[31]

ამ შეფასების მომზადების დროისთვის, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. თუმცა, ელისაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო თარაშვილმა ბოლოს 2026 წლის 19 ივნისს გამართა და მას შემდეგ უკვე 3 თვეზე რმეტია მორიგი სხდომა არ გამართულა.

II. სამართლებრივი შეფასება

1. პროკურატურა ვერ ამტკიცებს, რომ ცეცხლის წაკიდების ავტორი ელისაშვილია

ზემოთ აღწერილი გარემოებები მიუთითებს, რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ცეცხლი სწორედ ელისაშვილმა წაუკიდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 82-ე მუხლი მოითხოვს, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; რომ არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; და, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მოცემულ შემთხვევაში კრიტიკას ვერ უძლებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება.

ა) მოწმეები არ ადასტურებენ ელისაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას

სადავო ვერ იქნება, რომ საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე, სასამართლოს მანდატურების ჩათვლით, არ გამოდგება იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არ იციან, ვინ ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, ამ საქმეს თვითმხილველი მოწმე არ ჰყავს.

ბ) ვიდეომტკიცებულებები ელისაშვილის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია, მათი ნაწილი კი უკანონოდ იქნა მოპოვებული

საქმეზე ამოღებულია ორი ჯგუფის ვიდეომტკიცებულება.

ერთ ჯგუფს შეადგენს სასამართლოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მათი კანონის შესაბამისად ამოღების ფაქტი ეჭვს არ იწვევს. თუმცა, ამ კამერებზე დაფიქსირებული პირის იერსახე არც ჩანს და მისი ვინაობის დადგენა ვერც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად მოხერხდა. ამის მიუხედავად, პროკურატურა, თავის ვებგვერდზე ატვირთულ, სხვადასხვა გარე ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერების კოლაჟზე პირდაპირ, კატეგორიულად მიუთითებს, რომ ეს პირი ალეკო ელისაშვილია.[32]

მეორე ჯგუფს შეადგენს აკაკი კვანტალიანის და როსტევანის ქუჩების ხუთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეოგრამები, რომლებიც, ბრალდების მხარის მტკიცებით, 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კერძო პირებთან ინახებოდა. ამ ლეგენდის სარწმუნოობის საკითხს ქვემოთ ჩავუღრმავდებით, მაგრამ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ჩანაწერებშიც არ ჩანს მათზე ასახული პირის იერსახე და ვისი ვინაობა ვერც ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადგინა. თუმცა, პროკურატურა ამ ვიდეოჩანაწერებზეც კატეგორიულად მიუთითებს, რომ ეს პირი ალეკო ელისაშვილია.[33]

რაც შეეხება კერძო პირების მიერ „მოყოლილ“ ლეგენდას, ამ პირების განცხადებები, რომლებიც სიტყვასიტყვით იმეორებს ერთმანეთს, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის 4 მაისს, პოლიციელებმა იცოდნენ ამ ჩანაწერების შესახებ, მაგრამ პოლიციელებისვე თხოვნით, მათ დაათვალიერეს და თავისთან შეინახეს ეს ვიდეოჩანაწერები, არასარწმუნო და დაუჯერებელია.

არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ვიდეოჩანაწერები თავის დროზე სწორედ პოლიციელებმა მოიპოვეს, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განახორციელეს მათი საპროცესო დამაგრება და ლეგენდა, რომელსაც კერძო პირები ყვებიან იმისთვის იქნა გამოგონილი, რომ ხელოვნურად შექმნილიყო ამ მტკიცებულებების წარმოშობის წყარო.

მაგრამ თუნდაც დავიჯეროთ ეს სავარაუდოდ გამომძიებლის მიერ შეთხზული არადამაჯერებელი ლეგენდა, თუ იგი ნამდვილია, მაშინ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ დანაშაული ყოფილა ჩადენილი, ხოლო, კერძო პირების მხრიდან ადგილი ჰქონია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვიდეოჩანაწერები სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიჩნეულიყო. ჩვენი ასეთი შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

i. ჩვენი შეფასებით, პოლიციელების ქმედება შეიცავს სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებს

სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს გამომძიებელს გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

სსსკ-ის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი კი მოითხოვს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის.

სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.“

იმავე კოდექსის მე-3 მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, „ნივთიერი მტკიცებულება“ განმარტებულია, როგორც „საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს...“.

იმავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,  ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს სხვა ადგილას.

საპროცესო კანონის ზემოთ ციტირებული მოთხოვნები იმაზე მიუთითებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ კერძო პირებისთვის ზეპირად „ეთხოვათ“ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების შენახვა, გამომძიებელ პოლიციელებს, სათანადო წესით, უნდა ჩაეტარებინათ ამ ვიდეოჩანაწერების ამოღება ან, სულ მცირე, მათი დათვალირება, დალუქვა და გადაცემა ზემოხსენებული პირებისათვის, რის თაობაზეც უნდა შედგენილიყო ნივთიერი მტკიცებულების ამოღების ან დათვალიერების ოქმი. ამგვარი ოქმები საქმეში არ არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი საგამოძიებო მოქმედებები არც არასდროს ჩატარებულა.

აღნიშნული გარემოებები, სულ მცირე, წარმოშობს სერიოზულ კითხვებს გამომძიებელთა მიერ კანონით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ შესრულების შესახებ და, შესაბამისი დამატებითი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა საჭიროებდეს შეფასებას სსკ-ის 342-ე მუხლის („სამსახურებრივი გულგრილობა“) კონტექსტშიც.

ii. კერძო პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა

კერძო პირების მიერ ვიდეოჩანაწერების ხანგრძლივი შენახვა და მათი პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად დამუშავება ასევე წარმოშობს მნიშვნელოვან კითხვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები“ და „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების… მიზნებისთვის და ამ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია შესაბამისი კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“.

იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, სხვა გარემოებებთან ერთად, ეს აუცილებელია  დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ოღონდ, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა დამუშავებამდე წერილობით განსაზღვროს ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების მიზანი და მოცულობა, ამ მონაცემთა შენახვის ვადა, მათი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.

ასეთი წერილობითი საბუთი საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნული გარემოებები, სულ მცირე, სერიოზულ კითხვებს აჩენს ვიდეოჩანაწერების მოპოვებისა და შემდგომი შენახვის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რადგან უბრალოდ შეასრულეს პოლიციელთა უკანონო ზეპირი „თხოვნა“, ხსენებულმა კერძო პირებმა, შესაძლოა, დაარღვიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები.

iii. უკანონოდ დამუშავებული ვიდეოჩანაწერები დაუშვებელი მტკიცებულებაა

ზემოაღნიშნულ გარემოებებს კერძო პირებისგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს სისხლის საპროცესო სამართლის დოქტრინა, რომელიც „მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინით არის ცნობილი, სადავო ვიდეოჩანაწერებს დაუშვებელ მტკიცებულებად აქცევს.

iv. ვიდეოჩანაწერები არ მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდო დანაშაული ელისაშვილმა ჩაიდინა

თუნდაც ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერები კანონიერად მოპოვებული და დასაშვები მტკიცებულება ყოფილიყო, ისინი მაინც არ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ ინკრიმინირებული დანაშაული ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა. როგორც ბრალდების მხარის მოთხოვნით ჩატარებულმა ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, ეს ვიდეოჩანაწერები არ არის ვარგისი პირის იდენტიფიცირებისათვის.

გ) ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დღემდე არ არის წარმოდგენილი

როგორც უკვე აღინიშნა, ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელსაც პოტენციურად შეეძლო ბიოლოგიური კვალის მიხედვით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა, დანიშნულია, მაგრამ მისი დანიშვნიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგაც ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს.

დ) „ოპერატიული ინფორმაცია“, მისი ანონიმური წყარო და პოლიციელის „პატაკი“ დაუშვებელი მტკიცებულებაა

გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ე.წ. „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის, სამართალდმცავი ორგანოების მყარად ჩამოყალიბებულ ტრადიციას წარმოადგენს.  სხვა საკითხია, რომ საქართველოში ასევე მყარად ჩამოყალიბდა გამოძიების ასეთი ინსტრუმენტის არამართლზომიერად გამოყენების მავნე პრაქტიკა. განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ასეთ ანონიმურ წყაროს ნარკოტიკური საშუალებებისა და იარაღის „ჩადების“შემთხვევაში.[34]

ოპერატიული ინფორმაცია შეიძლება ლეგიტიმურად წარმოადგენდეს საგამოძიებო მიმართულების განსაზღვრის საფუძველს; თუმცა მისი ასეთი ფუნქცია არ ნიშნავს, რომ უცნობი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია თავად იძენს სასამართლოში მტკიცებულების სტატუსს.

სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. იმავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს.

ამ ნორმებიდან გამომდინარე, არც „ოპერატიული ინფორმაცია“ და არც ამ ინფორმაციის შემცველი პოლიციელის „პატაკი“ თავისთავად არ წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას.

შესაბამისად, დეტექტივების პატაკები და მითითებები, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ელისაშვილის მსჯავრდების საფუძველი ვერ გახდება.

ე) ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების ერთადერთი, მაგრამ ისიც დაუშვებელი და არაუტყუარი მტკიცებულებაა

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებში ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ცდილობს ელისაშვილის შემთხვევის ადგილთან დაკავშირებას, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, კინოლოგიური სამსახურის ძაღლების მეშვეობით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ალექსანდრე ელისაშვილისგან აღებული სუნის ნიმუშის იდენტურია.

ზემოთ ჩვენ უკვე მივუთითეთ თვალშისაცემ ხარვეზებზე, რომლებსაც შეიცავს ეს ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ეს მტკიცებულება, სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, ვერ აკმაყოფილებს ვერც დასაშვებობის და ვერც უტყუარობის მოთხოვნებს.

ელისაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ამ მტკიცებულებების დაუშვებლად მიჩნევის საკითხი დაცვის მხარემ კიდევაც დააყენა წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის წინაშე. თუმცა, მოსამართლე მეია მელქაძემ, ზემოთ ციტირებული ნორმების აშკარა დარღვევის მიუხედავად, ისინი მაინც დასაშვებად ცნო.

თუნდაც ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სანდოდ დადასტურებულად მივიჩნიოთ, იგი თავისთავად არ ადგენს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობას ცეცხლი წაუკიდა. მაქსიმუმ, იგი შეიძლება ეხებოდეს კონკრეტული სუნის ნიმუშის კავშირს ელისაშვილისგან აღებულ საკონტროლო ნიმუშთან. მაგრამ იმის დასადგენად, რომ სწორედ ელისაშვილმა ჩაიდინა ცეცხლის წაკიდება, საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დააკავშირებს მას როგორც შემთხვევის ადგილთან, ისე უშუალოდ ცეცხლის წაკიდების ქმედებასთან.

აქედან გამომდინარე, თუნდაც ამ ერთი, ცალკე აღებული მტკიცებულების დასაშვებობა და უტყუარობა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო, რაც ასე არ არის, გამამტყუნებელი განაჩენისთვის, იმავე 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

შესაბამისად, პროკურატურამ ვერ დაამტკიცა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ალექსანდრე ელისაშვილის მიერ 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი.

2. პროკურატურას საერთოდ არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ტერორისტულ მიზანზე მიუთითებდა

როგორც უკვე დავასაბუთეთ, ჩვენს პუბლიკაციაში, რომელიც ალეკო ელისაშილის მსჯავრდების საქმეს ეხებოდა, ტერორისტული დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარის აუცილებელ ელემენტს ქმედების ტერორისტული მიზნით ჩადენა წარმოადგენს, რაც პროკურატურამ იმ საქმეში ვერაფრით დაამტკიცა.[35]

მოცემულ შემთხვევაშიც, თუნდაც პროკურატურას დაემტკიცებინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ 2025 წლის 4 მაისს სწორედ ელისაშვილმა წაუკიდა ცეცხლი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობას, რაც, როგორც უკვე ვნახეთ, ასე არ არის, იგი მაინც ვერ დაამტკიცებდა, რომ ეს მოქმედება ელისაშვილმა ტერორისტული მიზნით ჩაიდინა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში საერთოდ არ არის.

III. ელისაშვილის მიმართ ახალი ბრალდების სავარაუდო მოტივი

საქმის გარემოებების ერთობლიობა - გამოძიების ხანგრძლივი უმოქმედობა, ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილება, ანონიმურ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობა, ვიდეომტკიცებულებების დაგვიანებით მოპოვება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის არასარწმუნოობა - წარმოშობს საფუძვლიან კითხვებს იმის შესახებ, ხომ არ ემსახურება ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა ელისაშვილის წინააღმდეგ უკვე არსებული ტერორიზმის ბრალდების გამყარებას და საკითხის ისე წარმოჩენას, რომ თითქოს საქმე აქვს ჩამოყალიბებულ ტერორისტთან, რომელსაც რეციდივული ქცევა ახასიათებს.

თუ ეს ასეა, ჩვენი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ რეჟიმის ეს მიზანი, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაზრისით, სრულიად მიუწეველია.

IV. ევროპის საბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად, ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია ამ ბრალდების მიმართაც

წინა პუბლიკაციაში ჩვენ დავასკვენით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმიდან გამომდინარე.[36]

ამ საქმეში პოლიტიკური პატიმრის სტატუსის საკითხი უნდა შეფასდეს იმ კუთხით, აკმაყოფილებს თუ არა მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ რომელიმე კრიტერიუმს, მათ შორის, სულ მცირე, აშკარად უსამართლო სამართალწარმოების კრიტერიუმს.

ყველა ის გარემოება, ერთად აღებული, რაზეც ზემოთ იყო მსჯელობა, კერძოდ - გამოძიების ხანგრძლივი უმოქმედობა; მოულოდნელად, უცნობ წყაროზე დაყრდნობით, სავარაუდო დანაშაულის ელისაშვილთან დაკავშირება; ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა; ვიდეომტკიცებულებების დაგვიანებული მოპოვება; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის უარყოფითი შედეგისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის მიუხედავად ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არასარწმუნოობა; ტერორისტული მიზნის დამოუკიდებელი მტკიცებულების არარსებობა; წინა ტერორიზმის საქმესთან კონტექსტუალური კავშირი - მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეშიც ელისაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა და პასუხისგებაში მიცემა აშკარად უსამართლო ხასიათს ატარებს, რაც ასევე აშკარად დაკავშირებულია ხელისუფლების ორგანოთა პოლიტიკურ მოტივებთან.

შესაბამისად, წინა საქმის ანალოგიურად, მოცემულ შემთხვევაშიც, ალექსანდრე ელისაშვილი უნდა იქნეს მიჩნეული პოლიტიკურ პატიმრად.

 

 

 


[1] „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: „ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება“, 11 აგვისტო, 2026 წ., https://transparency.ge/ge/blog/aleksandre-elisashvilis-kmedebashi-teroristuli-mizani-ar-ikveteba.

[2] იქვე.

[3] სისხლის სამართლის საქმე N007040525003, ტ. 1, გვ. 1.

[4] იქვე, გვ. 2-3.

[5] იქვე, გვ. 10.

[6] იქვე, გვ. 12.

[7] იქვე, გვ. 41-46.

[8] იქვე, გვ. 28-30.

[9] იქვე, გვ. 33-40.

[10] იქვე, გვ. 59-67.

[11] იქვე, გვ. 69-70.

[12] იქვე, გვ. 72-82.

[13] იქვე, გვ. 100.

[14] იქვე, გვ. 101-104.

[15] იქვე, გვ. 117-119.

[16] იქვე, გვ. 105-116 და 120-123.

[17] იქვე, გვ. 127-130.

[18] იქვე, გვ. 131-145.

[19] იქვე, გვ. 146.

[20] იქვე, გვ. 147-151.

[21] იქვე, გვ. 152.

[22] იქვე, გვ. 180-181.

[23] იქვე, გვ. 185-230.

[24] იქვე, გვ. 233-234.

[25] იქვე, გვ. 241-242.

[26] იქვე, გვ. 244-247.

[27] იქვე, გვ. 248-249.

[28] იქვე, გვ. 252.255.

[29] იქვე, გვ. 262-265.

[30] იქვე, გვ. 266.

[31] დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, 30.03.2026.

[33] იქვე.

[34] იხ. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „რეპრესიები სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების მიმართ ნარკოტიკული დანაშაულის გამოგონილი ბრალდებებით“, 10 თებერვალი, 2025 წ., https://transparency.ge/ge/post/represiebi-samokalako-protestis-monacileebis-mimart-narkotikuli-danashaulis-gamogonili.

[35] „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: „ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება“, 11 აგვისტო, 2026 წ., https://transparency.ge/ge/blog/aleksandre-elisashvilis-kmedebashi-teroristuli-mizani-ar-ikveteba.

[36] იქვე.

„ტერორიზმის“ ბრალდება ძაღლების მიერ ვითომდაც ამოცნობილი სუნით: ივანიშვილის პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი საქმე „შეუკერა“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.