15 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და დამუშავება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

15 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და დამუშავება

  • ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ აგროვებს და ამუშავებს ათობით ათასი ამომრჩევლის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. პარტიას წვდომა აქვს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნასამართლეობის, სოციალური დახმარების, დასაქმების, განათლების და სხვა პირად ინფორმაციაზე. დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ ეს ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან, მათ შორის ჯანდაცვის, იუსტიციის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. პარტია ამ მონაცემებს იყენებს ამომრჩეველთა პროფილირებისთვის და მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. მონაცემთა ბაზას ერთვის სვეტი, რომელშიც მითითებულია „გავლენის მქონე პირი“. ამ სვეტში ვხვდებით ადამიანებს, სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებს, აგიტატორებს და ა.შ

ეს ფაქტი წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია იყენებს სახელმწიფოს რესურსებს ამომრჩეველთა პროფილირებისთვის და აგრძელებს 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბურ სქემას. მასალა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს მნიშვენლოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების დანაშაულებრივ თანამშრომლობას ერთ, ცალკე აღებულ პარტიასთან, ამ უკანასკნელისთვის არჩევნებში სასურველი შედეგის უზრუნველსაყოფად.  ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამომრჩეველთა დაშინებისა და მანიპულირებისთვის. გარდა იმისა, რომ ამ ფაქტებით იკვეთება სხვადასხვა სახის კანონდაღვევის ნიშნები, როგორებიცაა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და გამოყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამ სისტემურდანაშაულებრივი სქემების მიზანი ამომრჩევლების ნებაზე ზეგავლენის მოხდება და არჩევნების შედეგების მასშტაბური გაყალბებაა.

print