2019 წლის სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2019 წლის სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა

10 ივლისი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ტრადიციულად სწავლობს სარეკლამო ბაზარს და მიმოიხილავს  2019 წელს სატელევიზიო და რადიო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. კვლევაში, ასევე, მიმოხილულია კორონავირუსის პირობებში 2020 წლის სარეკლამო ბაზრის პირველი კვარტლის მდგომარეობა,  გამოწვევები და მოლოდინები.

კვლევაში შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:

  • ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. თუმცა, რომ არა ახლადშექმნილი ტელევიზიების - „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მფლობელების მხრიდან შემოწირულობის თუ სესხის სახით გაღებული თანხები, ტელევიზიების ჯამური შემოსავალი სოლიდურად დაიკლებდა.
  • სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი (რომელშიც შედის რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი და განცხადებები) 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 8.2 მლნ ლარით (10.9%) შემცირდა და ჯამში 67.5 მლნ ლარი შეადგინა. სარეკლამო ბაზარი 2016 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება.
  • 2019 წელს ყველაზე დიდი სარეკლამო დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა. ჯამში, 2018 წელთან შედარებით, ტელევიზიამ 8.3 მლნ ლარით (27.2%) ნაკლები შემოსავალი მიიღო. სარეკლამო ბაზრის შემცირების ძირითადი მიზეზი „რუსთავი 2-ზე“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროებით შეჩერება იყო.
  • 2019 წელს სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი ტელეკომპანია „იმედი“ გახდა. მან ჯამში, ჰოლდინგში შემავალ ტელევიზიებთან ერთად, რეკლამის სახით 28.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ეს ბაზრის 42.8%-ია, რაც 2018 წელთან შედარებით, 5.8% პროცენტული პუნქტით მეტია. მეორე ადგილზეა „რუსთავი 2“ ბაზარზე 32.8%-მდე შემცირებული სარეკლამო წილით, მესამეზე კი 5.6%-ით ტელეკომპანია „პირველია“.
  • კორონავირუსის პანდემიის პირველი თვეების შედეგები ტელევიზიების სარეკლამო ბაზარზე უკვე მძიმედ აისახა, განსაკუთრებით რეგიონულ ტელევიზიებზე და იმ მაუწყებლებზე, რომელთა რეკლამის ძირითადი დამკვეთებიც ქართული კომპანიები არიან. 2019 წლის მარტში, გასულ წელთან შედარებით, სატელევიზიო რეკლამა 4.1%-ით შემცირდა.
  • 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რადიოს ჯამური შემოსავალი 174 ათასი ლარითაა (1.8%) შემცირებული, სარეკლამო შემოსავალი კი 192 ათასი ლარით არის გაზრდილი (2.2%). სარეკლამო შემოსავლების მხრივ რადიოებს შორის ჰოლდინგი „ფორტუნა“ ლიდერობს (5 მლნ ლარი).
print