2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება
შესავალი
საქართველოს პრეზიდენტის 31 აგვისტოს განკარგულებით მორიგი საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 1 სექტემბერს, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყო და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად მეტად ინტენსიური და დაძაბული გახდა. წინასაარჩევნო გარემო, ისევე როგორც მზადება არჩევნების დღისთვის განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემიის მასობრივად გავრცელებით და ამით განპირობებული გამოწვევებისგან. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოს მცდელობა, კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა. ამასთან, პრობლემები გამოვლინდა ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირების და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხით. ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
წინასაარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას წინ უძღვოდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი იზოლირების სახელმწიფო პოლიტიკა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკი. პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები განახორციელეს, რა დროსაც სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი მკაფიო არ იყო და ამ ფონზე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი უპირატესობით ჩაერთო.
სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა. საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის როგორც ხელის შეშლას და მუქარას, ასევე ფიზიკურ ძალადობას. ხშირ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებდნენ, რის გამოც მათ რიგებს აქტივისტები ტოვებდნენ. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით თავს იკავებდა ტრადიციული ფართომასშტაბიანი კამპანიური ღონისძიებებისგან, ნაწილი კი ამაზე უარს არ ამბობდა, რამაც თავის მხრივ უთანასწორო გარემო შექმნა.
წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პოლარიზების და პარტიების/კანდიდატების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართებოდა, რასაც ხელს უწყობდა პოლარიზებული მედია-გარემო და სოციალურ მედიაში მიმდინარე მზარდი ანონიმური დისკრედიტაციის დასპონსორებული საინფორმაციო კამპანიები.
ზეწოლა/მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამომრჩევლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებზე და მედია საშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული შემთხვევები იყო. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. დამკვირვებლები მრავლად იღებდნენ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი აქტივისტების თვალთვალის შესახებ, ხვდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური შემწეობის, საჯარო სამსახურში ადგილის დაკარგვის თუ სხვა მიზეზით, პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად ვერ გამოხატავდნენ; არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით საგანგებო დავალებით რეგიონებში მივლინების შესახებ ხელმძღვანელობისგან მიღებული დირექტივით, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების მობილიზებისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ზეწოლის და მუქარის ბერკეტი. აღნიშნულს ყალბ ამბად აფასებს შსს და საქმეზე გამოძიება არ დაუწყია.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, გავრცელებული ინფორმაცია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ ორი ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რაც განსაკუთრებით მძიმე პირობებში აყენებს ქალ კანდიდატებს და აფერხებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას.
ცალკეულ შემთხვევებში დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს ე.წ „მხარდამჭერთა სიის“ მიტანას ავალებდნენ. წინასაარჩევნოდ, საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად მათი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას კვლავ ტენდენციის სახე ჰქონდა - საქართველოს მასშტაბით სკოლის დირექტორების დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თუმცა მათ ნაწილს ხელშეკრულებები არ გაუგრძელეს სავარაუდოდ, საკუთარი ან ოჯახის წევრების განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციის გამო.
ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება
წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით დააზიანა ძალადობრივმა შემთხვევებმა, რაც ძირითადად ფიზიკურ ძალადობაში და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა. ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 20-ზე მეტი ამგვარი შემთხვევა გამოავლინეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები, სადაც მთელი დღის მანძილზე არსებული პოლიტიკური დაძაბულობა სახელმწიფომ ვერ განმუხტა და დღის ბოლოს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, ჟურნალისტები და დამკვირვებელი აღმოჩნდნენ. უკიდურესად საშიშ პრეცედენტად უნდა შეფასდეს სააგიტაციო პლაკატების გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ ადილობრივი აქტივისტის საფანტის თოფიდან დაჭრის ფაქტი. ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები მკვეთრად გამოხატული იყო ბოლნისისა და დმანისის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თავდასხმებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე მიუთითებენ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის ლიდერები; ამგვარი ფაქტები და საარჩევნო ოლქებში არსებული დაძაბული გარემო, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კენჭისყრის დღისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
კამპანიის პერიოდში ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა კერძო საკუთრების ხელყოფას, ასევე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ოფისში უცნობ პირთა შეპარვას, კანდიდატის განცხადებით, სათვალთვალო მოწყობილობის დამონტაჟების მიზნით. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების დაზიანებას მასობრივი ხასიათი აქვს. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის პლაკატები.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განაპირობა სახელმწიფოს მიერ სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელების საჭიროება, თუმცა მათი რეალიზების პროცესში ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო არ იყო. გარდა აღნიშნულისა, გარკვეულ პროგრამებთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვები მათი პოლიტიკური მიზნით, პარტიის ინტერესებისთვის გამოყენების შესახებ. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა განწყობაზე.
უშუალოდ, მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, დახმარებების გაცემის პროცესში პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატები და კანდიდატები აქტიურად იყვნენ ჩართული და ამის ფართოდ აფიშირებას ახდენდნენ. ამასთანავე, ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის კანდიდატების საჯარო ღონისძიებების ფარგლებში ვიზიტებს სხვადასხვა პროექტების მოსანახულებლად, რომლებიც კერძო ბიზნესის, სახელმწიფო ან/და თვითმმართველობების ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული.
მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართვის პრაქტიკა კვლავ გრძელდებოდა, მათ შორის, სამუშაო დროს სოციალური ქსელით აგიტაცია. საარჩევნო რეგულაციებისთვის ფორმალურად გვერდის ასავლელად, ხშირად მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებას აფორმებდნენ. მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებდნენ.
ამომრჩევლის მოსყიდვა
წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, როგორც მმართველი პარტიის კანდიდატების, ისე ოპოზიციური პარტიების (შედარებით მცირე მასშტაბით) წარმომადგენლების კამპანიური აქტივობებიც შეიცავდა.
არაუფლებამოსილი პირების ჩართვა საარჩევნო კამპანიაში
კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სათანადო უფლებამოსილების არმქონე პირები. სააგიტაციო შეხვედრებზე, სამუშაო საათების განმავლობაში, შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება. ასევე, დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობაც. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში. მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა.
საგამოძიებო უწყებები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა.
აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პანდემიით გამოწვეული ინფიცირებულთა ზრდის კვალდაკვალ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე დროებითი სპეციალური (ad hoc) საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნა და ინფიცირებულ, იზოლირებულ და კარანტინში მყოფი ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად სპეციალური ღონისძიებების შემოღება გახდა საჭირო. ცესკოს სპეციალური დადგენილება კენჭისყრის დღემდე მხოლოდ 12 დღით ადრე იქნა მიღებული, რის გამოც სპეციალური, განსხვავებული წესით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა სათანადო და დროულ ინფორმირებაზე სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ის შემჭიდროებული ვადა, რაც განისაზღვრა თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნის შესახებ, რამაც მათი საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეზღუდა.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მეტწილად ფორმალური იყო. უმეტეს ოლქებში, კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და კონკურსანტთა საერთო სიაში მონიშნული ჰყავდათ, თუ ვინ უნდა აერჩიათ და გადაწყვეტილებები უბნების მიხედვით ამობეჭდილ ფურცლებზე გადაჰქონდათ. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ დღის წესრიგში საკითხის დამატებას, რათა თითოეული კანდიდატი ცალ-ცალკე განხილულიყო და ამის შემდეგ მომხდარიყო უბნების დაკომპლექტება. ზოგ ოლქში ამ მოთხოვნას კენჭი უყარეს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა არ დაგროვდა. შესაბამისად, პროცესი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. რიგ ოლქებში, მათ უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ახალარჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ა(ა)იპების თანამშრომლები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს.
უწყებათაშორისი კომისია
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარულად იკრიბებოდა და განიხილავდა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებს. კომისიამ ორჯერ გამოსცა რეკომენდაციები და სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა ერთი შუალედური ანგარიში. მიუხედავად ამისა, კომისიის საქმიანობის ეფექტიანობა და მისი მნიშვნელობა რამდენიმე გარემოებამ საგრძნობლად შეამცირა. პირველ რიგში, წინა წლებისგან განსხვავებით, კომისია ძირითადად მხოლოდ ისეთი საკითხების განხილვაზე აკეთებდა აქცენტს, რომელიც უკავშირდებოდა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. კომისიის განცხადებით, განსახილველ საკითხთა ნუსხა „ეუთო-ოდირის” რეკომენდაციის საფუძველზე შეკვეცეს. მეორე, კომისიის სხდომებს ძირითადი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ესწრებოდა, რაც, ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებდა საკითხების განხილვის ხარისხს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას საარჩევნო პროცესებზე დიდი გავლენა არ ჰქონია.
საარჩევნო კამპანიის დაფინანსება და სახელმწიფო აუდიტის სამსახური
წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პარტიების დაფინანსების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, შესაძლო დარღვევებზე რეაგირებას ახდენდა და საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც წარმოადგინა ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ, თვის ბოლოს კი გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში.
საარჩევნო სუბიექტებმა საანგარიშო პერიოდში 2 სამკვირიანი ფინანსური დეკლარაცია წარადგინეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღო 23,846,652 ლარი და დახარჯა 22,973,913 ლარი. მთლიანი შემოსავლების 43% და ხარჯების 46% მმართველ პარტია „ქართულ ოცნება“-ზე მოდიოდა.
რაც შეეხება კონკრეტულად შემოწირულებებს, ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების თითქმის ნახევარი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო. პოლიტიკური კორუფციის თვალსაზრისით კვლავ რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენცია გამოიკვეთა. მაგალითად, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (1 ოქტომბრამდე) დაახლოებით 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ტენდერების გარდა, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დაახლოებით 3.8 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების განხორციელება. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 447,500 ლარი შესწირეს. შპს „ლილო-მოლთან” დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს „სერვის-აგრო"-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255,000 ლარი შესწირეს.
როგორც მმართველი პარტიის, ისე რამდენიმე სხვა პარტიის შემომწირველებს შორის იყვნენ ცალკეულ ბიზნესპარტნიორთა ჯგუფები, რომელთაც წევრებიც ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავდნენ პარტიას თანხას, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა. ქართული კანონმდებლობით იკრძალება მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განხორციელება
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორი სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას. თუმცა, იმ უწყებებმა, რომლებიც ვალდებული იყვნენ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო ამ საქმეზე გამოძიება დაეწყოთ, პასუხისმგებლობა აიცილეს თავიდან და მხოლოდ აუდიტის სამსახურისთვის საქმის გადამისამართებით შემოიფარგლნენ.
აუდიტის სამსახური არ აწარმოებს საჯაროდ ხელმისაწვდომ საჩივრების/განცხადებების რეესტრს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, რაც უწყების საქმიანობის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა.
მედია გარემო
სამაუწყებლო მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. აღნიშნული საკითხი, წინა წლების მსგავსად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც „იმედსა” და „POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მათ, ასევე, უარი განაცხადეს, მონაწილეობა მიეღოთ „პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და, ძირითადად, წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები, გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები, ადგილი ჰქონდა კონკრეტული მედია საშუალების - „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას, რომლის მიზანიც ადგილობრივი მედიის საქმიანობის ხელის შეშლა იყო შემაშფოთებელია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ მუქარა, რაც, მისი შვილის განცხადებით, განპირობებული იყო არხის სარედაქციო პოლიტიკით.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არც ერთ შემთხვევას არ მოჰყოლია სამართლებრივი თუ სხვა შედეგი, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას და წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად აზიანებს მედია გარემოს.
პრობლემური შეიძლება იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ 2020 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომლითაც სთხოვენ მუსიკალური კლიპის მართლზომიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას. აღნიშნული ფაქტი, კომისიის მანამდე არსებული მცდელობების გათვალისწინებით - ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი/განთავსებული პროდუქტის შინაარსში, ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს.
წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში ინტენსიური იყო ანონიმურ „ფეისბუქ“ გვერდებზე წარმართული დისკრედიტაციული კამპანიები. დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების კოორდინირებული საქმიანობა გამოიხატებოდა მათ მიერ წარმოებულ დამაზიანებელ, ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური მოვლენების, პარტიების, პოლიტიკოსების, მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩევლებში მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ან/და გაღვივებას.
ანონიმური დისკრედიტაციული საინფორმაციო კამპანიების გარდა, სოციალურ მედიაში აქტიური იყვნენ „ფეისბუქ” გვერდებიც, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზაციის წახალისების მიზნით ორგანიზებულად ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, ანტი-ლიბერალურ, პრო-რუსულ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს, პარალელურად კი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჟურნალისტებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულება სტრესულ გარემოში უწევთ, რაც თავის მხრივ დამატებით გამოწვევას უქმნის ჟურნალისტების სამუშაო პირობებს.