ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სატელევიზიო შესყიდვების მიმოხილვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა მუნიციპალიტეტების მიერ[1] 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები, რომლის მიზანსაც სამაუწყებლო მომსახურების მიღება წარმოადგენდა.
კვლევის შედეგად დგინდება, რომ:
- 63 მუნიციპალიტეტიდან სამაუწყებლო მომსახურების შესყიდვა 18-მა განახორციელა, კერძოდ, ჩატარდა 14 ტენდერი და 4 გამარტივებული შესყიდვა;
- სახელმწიფო შესყიდვების შედეგად 15-მა ადგილობრივმა ტელევიზიამ ჯამში 686 ათას ლარზე მეტი მიიღო;[2]
- შესყიდვის საგანი ძირითადად სოციალური რეკლამა, სარეკლამო რგოლების დამზადება-გაშვება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებაა. თუმცა, ზოგიერთი ხელშეკრულება საინფორმაციო გამოშვებაში მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაშვებას, მუნიციპალიტეტის პრესცენტრის მიერ მომზადებული მასალების ეთერში განთავსებას და გადაცემების მომზადებას გულისხმობს;
- ყველაზე მსხვილი შესყიდვები რუსთავის, მარნეულის, გურჯაანის, ქუთაისის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს;
- ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი თანხა, 160 ათასი ლარი სახელმწიფო შესყიდვებით ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ მიიღო;
- ცალკეული მაუწყებლებისათვის სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ თანხებს მნიშვნელოვანი წილი უკავია საერთო შემოსავალში - უმეტეს შემთხვევაში 20%-ზე მეტია, ზოგჯერ კი 50%-საც აჭარბებს.
მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებელი შესყიდვები
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ ტელევიზიებიდან (ე.წ. რეგიონული მაუწყებლებიდან) სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელების მიზნით შესყიდვა[3] სულ 18-მა მუნიციპალიტეტმა განახორციელა.[4] შესყიდვებში გადახდილი საერთო თანხა 686 ათას ლარს აჭარბებს.[5]
თანხის თვალსაზრისით ყველაზე დიდი შემსყიდველები არიან რუსთავის, მარნეულის, გურჯაანის, ქუთაისის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები, ხოლო მაუწყებლებიდან ყველაზე დიდი, 160 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ მოიგო.
რა სახის შესყიდვას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები
შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ შესყიდვის საგანი[6] ძირითადად სოციალური რეკლამა, საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია, სარეკლამო რგოლების დამზადება-გაშვება, განცხადებების გამოქვეყნება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებაა. თუმცა, შესყიდვებში ხვდება ისეთი საკითხები, როგორიცაა შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაშვება, მუნიციპალიტეტის პრესცენტრის მიერ მომზადებული მასალების ეთერში გაშვება, გადაცემის დამზადება და ეთერში განთავსება, თოკ-შოუების მომზადება და ა.შ.
გარდა სატელევიზიო მომსახურებისა, ცალკეულ შემთხვევაში შესყიდვა მოიცავს ინფორმაციის გავრცელებას არა მხოლოდ უშუალოდ ტელევიზიით, არამედ მაუწყებლის სხვა პლატფორმებითაც, როგორიცაა რადიო, ვებგვერდი, ფეისბუკ გვერდი.
ადგილობირივი ტელევიზიების ფინანსური პრობლემები
რეგიონული მაუწყებლების ნაწილისთვის სახელმწიფო შესყიდვებს ტრადიციული ხასიათი აქვს და ყოველწლიურად ხორციელდება. ამ მიმართულებით მიღებულ შემოსავალს[7] ტელევიზიებისთვის მნიშვნელოვანი წილი უკავია - უმეტეს შემთხვევაში 20%-ზე მეტია, ზოგჯერ კი 50%-საც აჭარბებს.
*ფარვანას 2020 წლის ჯამური შემოსავალი GNCC-ის ვებგვერდზე სრულად ასახული არ არის
2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 89 ტელევიზია მაუწყებლობს.[8] თუმცა ჯამური შემოსავლების მიხედვით, ათეულში არც ერთი რეგიონული ტელევიზია არ არის.
*ჯამურ შემოსავალში არ არის დათვლილი არასამაუწყებლო შემოსავალი და სახელმწიფო დაფინანსება **ტელეიმედის შემოსავალი მოიცავს ტელეკომპანია იმედს, GDS-ს და ტელეკომპანია მაესტროს
უფრო მეტიც, 10 ყველაზე შემოსავლიან ტელეკომპანიას ბაზრის 91% უკავია. დანარჩენი ტელევიზიისთვის დარჩენილი თანხა მხოლოდ 10 მილიონ ლარს შეადგენს.
*ჯამურ შემოსავალში არ არის დათვლილი არასამაუწყებლო შემოსავალი და სახელმწიფო დაფინანსება
[1] კვლევის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში არ შედის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, იხილეთ მუნიციპალიტეტების სია, http://mreg.reestri.gov.ge/
[2] დათვლილია ფაქტობრივად გადახდილი თანხა. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების ბოლო ნახვა 27.12.2021.
[3] მათ შორის 3 გამარტივებული.
[4] ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, გურჯაანის, ფოთის, სენაკის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, რუსთავის, მარნეულის, გორის, ქარელის, ხაშურის, ჩხოროწყუს, სამტრედიის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
[5]მათ შორის გამარტივებული შესყიდვის ოდენობა 43 ათასი ლარია.
[6] „მაუწყებლობის შესახებ” კანონის მიხედვით, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა იმ შემთხვევებისა, როგორიცაა, მაგალითად, მაუწყებლის საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის. მაუწყებლობის შესახებ კანონი, 661(1;2) https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866
[7] ჯამურ შემოსავალში დათვლილია: არქივის გაქირავება, განცხადებები, ვებ-ბანერით მიღებული შემოსავალი, კონტენტის რეალიზება, მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა, პროდუქტის განთავსება (Product Placement), რეკლამა, საეთერო დროის გაყიდვა, სახელმწიფო დაფინანსება, სპონსორობა, სხვა, სხვა არასამაუწყებლო შემოსავალი, სხვა პირების შემოწირულობა, სხვა სამაუწყებლო, ტელეშოფინგი, ტექნიკური მომსახურება.
[8] კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის ანგარიში, https://www.comcom.ge/uploads/other/7/7775.pdf