წერილი ივანიშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს
02.07.2025
ანტიკორუფციულ ბიუროს
მის: ქ. თბილისი, გ. ლორთქიფანიძის ქ. N4, 0108
ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
აღმასრულებელი დირექტორი: ეკა გიგაური
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N61
ბიზნესცენტრი „მოზაიკა“, მე-2 სართული
სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს 2025 წლის 16 ივნისის N 00009733 წერილის საპასუხოდ
გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენი 2025 წლის 16 ივნისის N 00009733 წერილი, რომელიც ეხება ინფორმაციის გამოთხოვას ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“, კომერციული ბანკებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის, დაფინანსებისა და გუნდის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გამჭვირვალობისადმი ჩვენი ვალდებულების შესაბამისად, გიგზავნით ჩვენი ვებგვერდის იმ განყოფილებების ბმულებს, სადაც შესაბამისი ინფორმაციაა განთავსებული და ნავიგაციისთვის გთავაზობთ მცირე ინსტრუქციას:
ნაბიჯი #1: შედიხართ ჩვენი ორგანიზაციის მთავარ ვებ-გვერდზე (https://transparency.ge/), გადადიხართ ველში „ჩვენს შესახებ“, სადაც ჩამოიშლება რამდენიმე ოფცია სახელებით „ჩვენი გუნდი“, „ჩვენი გამგეობა“, „ჩვენი პრინციპები“, „ჩვენი დაფინანსება“, „წლიური ანგარიშები“, „ვაკანსიები“.
ნაბიჯი #2: თუ ანტიკორუფციული ბიუროს ინტერესია მიიღოს ინფორმაცია ჩვენი დაფინანსების შესახებ, უნდა დააჭიროთ ველს „ჩვენი დაფინანსება“, სადაც ჩამოიშლება ჩვენი გრანტების შესახებ ინფორმაცია.
ნაბიჯი #3: თუ ანტიკორუფციული ბიუროს ინტერესია მიიღოს ინფორმაცია ჩვენი დონორების შესახებ, უნდა დააჭიროთ ველს „ჩვენი პრინციპები“, სადაც ჩამოიშლება რამდენიმე ოფცია, მათ შორის, „შემოწირულებები და დონორები“, აღნიშნულ ველში შესვლით იპოვით ინფორმაციას ორგანიზაციის დონორების შესახებ.
ნაბიჯი #4: თუ ანტიკორუფციული ბიუროს ინტერესია მიიღოს ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, უნდა დააჭიროთ ველს „წლიური ანგარიშები“, სადაც დეტალურად ჩამოიშლება ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წლიური ანგარიშების შესახებ წლების მიხედვით. მოცემულ ანგარიშებში ნახავთ ინფორმაციას ორგანიზაციის მიზნების, აქტივობების, მიღწეული შედეგების, დონორების, ფინანსების და ასევე ჩატარებული აუდიტის შესახებ.
ნაბიჯი #5: თუ ანტიკორუფციული ბიუროს ინტერესია მიიღოს ინფორმაცია ჩვენი გუნდის შესახებ, უნდა დააჭიროთ ველს „ჩვენი გუნდი“, სადაც ჩამოიშლება ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თანამშრომლების შესახებ.
ინფორმაცია განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ: ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციისგან ითხოვს ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას. გამომდინარე იქიდან, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არის ანტიკორუფციული ორგანიზაცია, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში სავარაუდოდ კორუფციულ შემთხვევებზე რეაგირება, ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, დამატებით წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ წლების მანძილზე გამოვლენილი სავარაუდოდ კორუფციული ფაქტების შესახებ. ამ სიაში 65 სავარაუდო კორუფციული შემთხვევაა თავმოყრილი, სადაც 49 ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკი ფიგურირებს. აღნიშნულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩინოვნიკები წლების განმავლობაში მდიდრდებოდნენ სახელმწიფო ქონების და ბიუჯეტის ხარჯზე. ამ ქმედებებს ჰქონდა სისტემური ხასიათი და ნეგატიურ გავლენას ახდენდა ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, ვითხოვთ შემდგომ რეაგირებას.
ინფორმაცია სოციალური ქსელების შესახებ: რაც შეეხება სოციალური მედიის ანგარიშებს, ჩვენი ძირითადი ოფიციალური წარმომადგენლობა არის TikTok-ზე (https://www.tiktok.com/@transparencyintlge), Facebook-ზე, Instagram-ზე, Linkedin-ზე, Youtube-სა და X-ზე, რომელზე წვდომა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მთავარი გვერდიდან. ჩვენს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი გაღებულია ჩვენი საოპერაციო ბიუჯეტიდან.
ინფორმაცია ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებზე: ამასთანავე, გვინდა გაცნობოთ, რომ როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, ვალდებულები ვართ დავიცვათ როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას და ადვოკატსა და კლიენტს შორის გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობას. კერძოდ, ჩვენ ბენეფიციარებს შორის არიან ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, მათ შორის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი, ყოფილი საჯარო მოხელეები და შრომის კანონმდებლობის საფუძველზე კერძო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დათხოვილი საჯარო სამსახურიდან, მიწის მესაკუთრეები, რომლებსაც სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები, ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევებისგან დაზარალებული პირები, აგრეთვე, მამხილებლები, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს კორუფციაში ამხელენ. ასეთი ადამიანების პერსონალური მონაცემებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი სხვა ცნობების ბიუროსთვის გადაცემა იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადვოკატთა შესახებ კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტების იმ ნორმების უხეში დარღვევა, რომლებიც უზრუნველყოფს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას, პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობას და ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას.
ველით თქვენს რეაგირებას ჩვენს მიერ მოწოდებული სავარაუდო კორუფციული ფაქტების მოკვლევასთან დაკავშირებით.
დანართი 1: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოძიებები თანამდებობის პირთა კორუფციის შესახებ
ეკა გიგაური,
აღმასრულებელი დირექტორი
