ENG

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

21 ნოემბერი, 2019

 

საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. რუსეთის ფედერაცია, რომელსაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული, აქტიურად აწარმოებს ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს. ამ  ომში  უმნიშვენლოვანესი კომპონენტი სწორედ რომ დეზინფორმაციაა. სამწუხაროდ, ქართული მედიასივრცეში პარალელურად აქტიურად ვრცელდება ადგილობრივი, განსაკუთრებით ხელისუფლების მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

სწორედ ამიტომ,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  შეისწავლა  ქვეყანაში არსებული მთავარი ნარატივები, მათი წყაროები და შესაძლო გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. კვლევაში ასევე საუბარია, თუ რა მეთოდებით ებრძვის ქართული სახელმწიფო დეზინფორმაციას, რა გამოწვევები გვაქვს და როგორია ამ პრობლემის გადაჭრის საერთაშორისო გამოცდილება.

კვლევაში შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა: 

  • რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაცია განსაკუთრებული გამოწვევაა ქართული საზოგადოებისათვის და ჰიბრიდული ომის ნაწილს წარმოადგენს. დეზინფორმაციის ნარატივები აშკარა ანტიდასავლური დღის წესრიგის გამოხატულებაა.
  • დეზინფორმაცია, ძირითადად,  ქართულ ენაზე ვრცელდება და მათი გამავრცელებლები შეიძლება, გარკვეული ქართული მედიაკომპანიები და პოლიტიკური პარტიები იყვნენ, ან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა, „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ და უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობები, მაგალითად, „ქართული მარში“.
  • სულ მცირე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული ქვეყნის შიგნით შექმნილი დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში პოლიტიკური ოპონენტების სისტემატური დისკრედიტაციის ინსტრუმენტად  გამოიყენება.
  • იმ ქვეყნებს, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ პრობლემის მოგვარების ავანგარდში დგანან, ესმით ინფორმირებულობისა და პრობლემის აღიარების მნიშვნელობა. მსგავსი ქვეყნის მთავრობებს შემუშავებული აქვთ საერთო მიდგომა და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებაში სათანადო ზომებს ატარებენ .  
  • საქართველოს საპასუხო ქმედებები დეზინფორმაციაზე, როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილზე, არასაკმარისია. მთავრობა რეალურად მზად არ არის გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს. უსაფრთხოების სამსახურის ქმედებები არ არის საკმარისი ქვეყნის გარედან მხარდაჭერილი დეზინფორმაციის გავრცელების  შემთხვევების გამოვლენისთვის.
  • კვლავაც არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფომ შემოიღოს დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეგულაცია, რაც, თავის მხრივ, პრობლემას შეუქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აქტიურ სამართლებრივ დაცვას საქართველოში.
  • ყველა პოლიტიკურმა მხარემ, განსაკუთრებით მთავრობამ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის და მცდარი ინფორმაციისა გავრცელება ან რაიმე ფორმით მხარდაჭერა.
  • ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურაში, უნდა შეიქმნას დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სპეციალური განყოფილება ან სააგენტო, რომლის დანიშნულებაც უცხო ქვეყნებისაგან მხარდაჭერილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია იქნება.