ე.წ „ჯგუფური ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პროტესტის 11 მონაწილის წინააღმდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ე.წ „ჯგუფური ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პროტესტის 11 მონაწილის წინააღმდეგ

04 აპრილი, 2025

(ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმე)

შესავალი

2025 წლის 11 მარტს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში საზოგადოებას მივაწოდეთ შეფასება/ანალიზი „ჯგუფური ძალადობის“ საქმეზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევს მიმართ შეთხზეს (ქვემოთ, პირობითად, „ცეცხლაძის და სხვების საქმე“).

ამჯერად შევეხებით კიდევ ერთ საქმეს იმავე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, რომელიც „ცეცხლაძის და სხვების საქმესთან“ არის ასოცირებული, თუმცა, ტექნიკურად ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ამ საქმეში 11 ბრალდებულია: ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, ანდრო ჭიჭინაძე, გურამ მირცხულავა, ონისე ცხადაძე, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი. თერთმეტივეს პროკურატურა ბრალს დებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის („ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა“) ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე.

ამ საქმის მიზნებისთვის (ქვემოთ, პირობითად, „ჭიჭინაძის და სხვების საქმე“), „ცეცხლაძის და სხვების საქმის“ 14 ტომთან ერთად, დამატებით შევისწავლეთ ონისე ცხადაძის დამცველის მიერ მოწოდებული საქმის მასალების კიდევ 13 ტომი, რომლებიც მოიცავს ბრალდების მხარის მიერ შეგროვებულ მასალებს 2025 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით. ამ მიმოხილვაში მითითებული ფაქტები, მიგნებები და სამართლებრივი შეფასებები ამ საქმისა და „ცეცხლაძის და სხვების საქმის“ მასალებს ეყრდნობა.

„ჭიჭინაძის და სხვების საქმეზე“ ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური სტატია. თუმცა, რადგან იმ დროს გამოძიება ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე იყო და საქმის არსებითი მხარის შესახებ მსჯელობა ნაადრევი იქნებოდა, მაშინ მხოლოდ ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების უკანონობის, მიზანშეუწონლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შეუსაბამობის თაობაზე მსჯელობით შემოვიფარგლეთ.

დღეს ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარდგენილ ბრალდებაში თერთმეტივე ბრალდებული უდანაშაულოა, რადგან, სახეზე არ არის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა. გარდა ამისა, 2025 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას.

ინფორმაცია ბრალდებულების შესახებ

ბრალდებულები ამ შემთხვევაშიც ძირითადად ახალგაზრდა ადამიანები არიან. „ცეცხლაძის და სხვების საქმის“ მსგავსად, ამ საქმეშიც მათმა დიდმა უმრავლესობამ ერთმანეთი საბრალდებო სკამზე გაიცნო, რაც მათ მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულს გამორიცხავს.

როგორც უწინაც აღვნიშნეთ, ზოგიერთი ბრალდებული საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ანდრო ჭიჭინაძე პოპულარული მსახიობია და ასევე პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებშიც.  პოპულარობით სარგებლობს ონისე ცხადაძეც, რომელიც იუმორისტი, სტენდაპერი და ციფრული კრეატორია. სოციალურ ქსელებში იგი ხშირად ანთავსებდა ინფორმაციას მიმდინარე პროტესტების შესახებ. 

გამოძიების დაწყება და სისხლის სამართლის საქმეების გამოყოფა

როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმის“ შესახებ სტატიაში აღვნიშნეთ, ე.წ. „ჯგუფური ძალადობის“ საქმეზე გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ძებნის სამმართველოს უფროსის - დავით ქურდოვანიძის 2024 წლის 3 დეკემბრის პატაკი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის  მთავარი სამმართველოს უფროსის - დავით ქებურიას მიმართ, რომელშიც იგი მოახსენებდა თავის უფროსს, რომ პარლამენტთან 28 ნოემბერს დაწყებულმა აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის მიმართულებით ისროდა ქვებს, ლითონის საგნებს, ქვებით სავსე ბოთლებს, პიროტექნიკას და სხვ., რომ „[მის] ხელთ არსებული ინფორმაციით“, ძალადობრივ ქმედებებს „ორგანიზებას უწევენ“ ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, აგრეთვე ზვიად ცეცხლაძე და სხვები. პატაკის თანახმად, ისინი „მომიტინგეებს მოუწოდებენ აჯანყებისკენ, არ დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ასწავლიან თუ როგორ უნდა დაამზადონ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში, ფეთქებადი და აალებადი მოწყობილობები.“ პატაკს თან ერთვოდა 48 პირისგან შემდგარი სია, რომელშიც, პატაკის ავტორის თქმით, შედიან ადამიანები, რომლებიც „ორგანიზატორებს კავშირზე ჰყავთ“ და რომლებიც მათ „დავალებებს“ ასრულებენ. სიაში, სხვებთან ერთად, ის ადამიანებიც არიან შეყვანილი, რომლებსაც მოგვიანებით ბრალი წარედგინათ.

მაშასადამე, უკვე პატაკის შედგენის დროისთვის გამოძიებას წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული რაღაც სქემა, რომელიც არსებითად „რევოლუციებისა“ და „გადატრიალებების“ შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ხნის, უკვე გვარიანად მოძველებულ მესიჯბოქსს ეფუძნებოდა. ამ გამოგონილი სქემის „რეალიზაციის“ მიზნით, „ცეცხლაძის და სხვების“ და „ჭიჭინაძის და სხვების“ საქმეების ბრალდებულებს,  ჯამში 19 ადამიანს, რომელთაგან რამდენიმე მიზნობრივად, ხოლო უმრავლესობა შემთხვევით იყო შერჩეული, გამომძიებლებმა რაღაც როლები გაუნაწილეს.

ბრალდების ფორმულირების ზოგადი ხასიათი

როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმის“ ანალიზში აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პირადი პასუხისმგებლობის პრინციპია. კოლექტიურ პასუხისმგებლობას ცივილიზებული ქვეყნების სამართლებრივი სისტემები არ იცნობს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, პირი პასუხს მხოლოდ საკუთარი ქმედების გამო აგებს. როდესაც ადგილი აქვს ჯგუფურ დანაშაულს, ყოველი ბრალდებულის მიმართ მკაფიოდ უნდა იქნეს დადგენილი მისი პირადი როლი და ფუნქცია ჯგუფურ ქმედებაში. ამ საყოველთაოდ აღიარებული სისხლისსამართლებრივი სტანდარტის მიუხედავად, ბრალდების ფორმულირებები განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებში უკიდურესად ზოგადი ხასიათისაა.

მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძის ბრალდების შესახებ ბრალდების ფორმულირებაში კონკრეტულად მისი როლის აღწერა იმით შემოიფარგლება, რომ იგი 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და „აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“. კერძოდ, დადგენილებაში მხოლოდ ნათქვამია, რომ იგი „ჯოხს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვა ანდრო ჭიჭინაძის ამგვარ ქმედებას, კონკრეტულად ვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეუქმნა მან საფრთხე, რაში გამოიხატა ეს საფრთხე, რაში მდგომარეობდა „ჯგუფური მოქმედების“ არსი, ვისთან იყო კავშირში ანდრო ჭიჭინაძე ამგვარი მოქმედების განხორციელებისას, ვის დავალებებს ასრულებდა იგი და სხვ.

ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობა

ისევე, როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმეში“, ამ საქმეშიც ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც შეუძლებელი იყო მიუკერძოებელ პროკურატურას დაესკვნა, რომ ბრალდებულებმა მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინეს. 

თუმცა, „ცეცხლაძის და სხვების საქმისგან“ განსხვავებით, სადაც აუდიოვიზუალური მასალა სხვადასხვა ინტერნეტ საიტებიდან და პლატფორმებიდან იქნა ჩამოტვირთული, „ჭიჭინაძის და სხვების საქმეში“ აუდიოვიზუალური მასალა „გამოთხოვილ იქნა“ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან. საქმეში არის კიდევ სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 2024 წლის ნოემებერ-დეკემბრის აქციებზე შსს-ს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივლენილი ჰყავდა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორები, რომლებიც აქციის მონაწილეების ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანი აქციაზე დაშავდა და ორივე საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი.

საკითხი ის არის, ჯერ-ერთი, რა კანონიერი საფუძველი ჰქონდა საპროტესტო აქციაზე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მივლენას და, მეორეც, რამდენად კანონიერი იყო ამ ოპერატორების მიერ აქციის მონაწილეების ვიდეოკამერაზე დაფიქსირება. ქვემოთ განხილული იქნება სწორედ ეს ორი გარემოება:

ა) აქციაზე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მივლენას კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული სააქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-10 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად:

„სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების/ ცნობიერების ამაღლების  მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელს ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;  სამინისტროს ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №48 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის ამოცანებია სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა, სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება, სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, მასმედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც ნებისმიერი ორგანოს ან ორგანიზაციის „პიარულ“ სფეროს ეხება.

ამას, ცხადია, არავითარი კავშირი არა აქვს დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნებთან. იმავე დებულების მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის უფლებამოსილებებში მართალია „მიმდინარე ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება“-ც შედის, მაგრამ აშკარაა ამ შემთხვევაშიც საქმე საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანებთან გვაქვს საქმე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მივლენას აქციაზე გადაღებების წარმოების მიზნით რაიმე კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა.

ბ) შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მიერ აქციის მონაწილეების ფარული ვიდეოჩაწერა ან ფოტოგადაღება უკანონო ქმედებას წარმოადგენს

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს).“

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ სახეს „ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება“ წარმოადგენს.

იმავე კოდექსის 1433 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად,  „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის განჩინების გარეშეც, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით, იმ პირობით, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა პროკურორი ვალდებულია მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ.

მოცემულ საქმეში, „ცეცხლაძის და სხვების საქმის“ მსგავსად, არ არსებობს არც სასამართლოს განჩინება და არც პროკურორის მოტივირებული დადგენილება, რომელიც შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორებს აქციის მონაწილეების ფარული ვიდეოჩაწერის ან ფოტოგადაღების უფლებას მისცემდა.

შესაბამისად, აქციის მონაწილეების ვიდეოჩაწერა და ფოტოგადაღება, თუ ის ფარულად ხორციელდებოდა უკანონო მოქმედებაა. მეტიც, შესაძლოა იგი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის („პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“) ნიშნებს შეიცავდეს.

გ) შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მიერ აქციის მონაწილეების ვიდეოჩაწერა ან ფოტოგადაღება უკანონო მოქმედება იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი არ წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას

შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მიერ აქციის მონაწილეების ვიდეოჩაწერა ან ფოტოგადაღება არ წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და ვიდეოჩაწერა ან/და ფოტოგადაღება ღიად მიმდინარეობდა. ამის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის მასალები რაიმე დოკუმენტურ მტკიცებულებას არ შეიცავს.

თუ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მიერ აქციის მონაწილეების ვიდეოჩაწერა ან ფოტოგადაღება არ წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, მაშინ ამგვარი საქმიანობა ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროში.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ - თუ ეს კანონი გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს „პერსონალურ მონაცემს“ და „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს“ (მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები). ეს უკანასკნელი არის მონაცემი, რომელიც, სხვა გარემოებებთან ერთად, უკავშირდება ფიზიკური პირის „პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს“, აგრეთვე „ბიომეტრიულ“ მონაცემებს. თავის მხრივ, „ბიომეტრიული მონაცემი“ არის „ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებული, მონაცემთა სუბიექტის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევის მახასიათებელთან (როგორიცაა, მაგალითად: სახის გამოსახულება, ხმის მახასიათებელი ან დაქტილოსკოპიური მონაცემები) დაკავშირებული მონაცემი, რომელიც მისი უნიკალური იდენტიფიცირების ან ვინაობის დადასტურების შესაძლებლობას იძლევა“. (მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ საქმეში არსებული ბრალდებულების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები წარმოადგენს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს“ და „ბიომეტრიულ მონაცემებს“.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები“ და „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების… მიზნებისთვის და ამ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია შესაბამისი კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“.

იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, სხვა გარემოებებთან ერთად, ეს აუცილებელია  დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ოღონდ, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა დამუშავებამდე წერილობით განსაზღვროს ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების მიზანი და მოცულობა, ამ მონაცემთა შენახვის ვადა, მათი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.

მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც დავუშვათ, რომ საქმის ბრალდებულების ვიდეოჩაწერა და ფოტოგადაღება არ წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და ღიად, ბრალდებულებისთვის გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, რაც თავისთავად დადასტურებული ფაქტი არ არის, რადგან ეს ჩანაწერები ბრალდებულების „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს“ და, ამასთანავე „ბიომეტრიულ მონაცემებს“ წარმოადგენს, საქმის მასალებში უნდა ყოფილიყო შემდეგი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ამგვარი ვიდეოჩაწერის და ფოტოგადაღების კანონიერებას დაასაბუთებდა:

  1. მითითება კანონზე ან/და კანონქვემდებარე აქტზე, რომელიც შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორების მიერ აქციის მონაწილეების ვიდეოჩაწერას ან/და ფოტოგადაღებას ითვალისწინებს;
  2. შსს-ს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ მიღებული აქტი, რომელიც წერილობით განსაზღვრავდა ბრალდებულების ვიდეო- ან/და ფოტოგადაღების, ანუ მათი ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების მიზანს და მოცულობას, ამ მონაცემთა შენახვის ვადას, მათი შენახვისა და განადგურების წესსა და პირობებს, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმებს.

ასეთი რამ საქმის მასალებში არ მოიპოვება. დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ აქციაზე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორები მივლენილი იყვნენ მათი უფროსის ზეპირი მითითებების საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ზემოთ მითითებულ მოთხოვნებთან.

დ) უკანონო გადაღების შედეგად მიღებული ვიდეოჩანაწერები დაუშვებელი მტკიცებულებია

როგორც უკვე ითქვა, საქმეში არ მოიპოვება არც სასამართლოს განჩინება და არც პროკურორის დადგენილება, რომლებიც ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას კანონიერს გახდიდა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეების ვიდეოჩაწერა ან/და ფოტოგადაღება არ წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, რაც თავისთავად საეჭვოა, საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვება შსს-ს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილობითი აქტი, რომელიც ამგვარი მონაცემების შეგორვებას კანონიერ საფუძველს მისცემდა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ეს სისხლის საპროცესო სამართლის დოქტრინა, რომელიც „მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინით არის ცნობილი, ამ ბრალდებულების მიმართ შექმნილ მთელ საქმის მასალებს ფაქტიურად არარსებულად აქცევს. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, იმავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. ყველა აღწერილ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ეს ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული ჩანაწერები სასამართლოს ნებართვის ან პროკურორის დადგენილების გარეშეა მოპოვებული, დადგენილი არ არის მათი ავთენტურობაც, რადგან ამგვარის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში ასევე არ მოიპოვება.

მაშასადამე, მთავარი მტკიცებულებები, რის გამოც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის  მიმართ, დაუშვებელი მტკიცებულებებია. ასევე დაუშვებელი მტკიცებულებებია ამ დაუშვებელი მტკიცებულებების საფუძველზე მოპოვებული სხვა, შესაძლოა კანონიერი მტკიცებულებები, მათ შორის, ჩხრეკის ოქმები, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა, რომლებიც საქმეში მოიპოვება.

ასეთ ვითარებაში ნებისმიერი კეთილსინდისიერი პროკურორი სისხლისსამართლებრივ დევნასაც კი არ დაიწყებდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არ დახარჯავდა ადმინისტრაციულ რესურსს ამ ფუჭი და ცარიელი საქმეების სასამართლოში გადაგზავნაზე. ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოსამართლე ასეთ საქმეზე არც აღკვეთის ღონისძიებას შეუაფარდებდა ბრალდებულებს და საერთოდ შეწყვეტდა სისხლისსამართლებრივ დევნას წინასასამართლო სხდომაზე.

შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებზე ეფექტური სასამართლო კონტროლი არ განხორციელებულა

ყველა ბრალდებულის მიმართ საქმეში მოიპოვება პირადი ჩხრეკის, მათი საცხოვრებელი სახლის, ან/და, ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევაში, ავტომობილის ჩხრეკის ოქმი. ფორმალურად ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება ან სასამართლოს ნებართვის საფუძველზე ჩატარდა, ან - „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, რომლის „კანონიერება“ მოგვიანებით სასამართლომ ცნო.

თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც არის ასახული, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტური და ნამდვილი სასამართლო კონტროლი ისეთ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამის თაობაზე დეტალურად ვწერდით ნარკოტიკების „ჩადების“ უკანონო პრაქტიკის შესახებ ზემოთ უკვე მითითებულ ჩვენს ანალიტიკურ კვლევაში. სასამართლოები პროკურორის წინასწარ ან პოსტფაქტუმ შეტანილ შუამდგომლობებს ავტომატურად, საქმის გარემოებების ყოველგვარი შესწავლის გარეშე აკმაყოფილებენ. 

„ცეცხლაძის და სხვების საქმის“ ანალიზში ჩვენ მივუთითეთ, რომ თუ როგორ „მოახერხა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ერთ დღეს - 2024 წლის 5 დეკემბერს მოსამართლის ნებართვის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა-ამოღების) კანონიერად ცნობის შესახებ პროკურორების 21 შუამდგომლობის განხილვა და დაკმაყოფილება. იგივე მოსამართლემ იგივე გააკეთა 7 დეკემბერსაც, როდესაც პროკურორის კიდევ არაერთი შუამდგომლობა განიხილა და დააკმაყოფილა. 

ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის უქონლობა

როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმესთან“ დაკავშირებით მივუთითეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება. სპონტანურად განხორციელებული ერთობლივი მოქმედება საკმარისი არ არის, რომ ქმედების შემადგენლობა სახეზე იყოს.

კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში აუცილებელია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დააკმაყოფილებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ჯგუფური ძალადობრივი ქმედების მონაწილეები: 

  • წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების, ან ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად;
  • მოქმედებდნენ კონკრეტულ პირთან შეთანხმებით და ასრულებდნენ ვინმეს დავალებებს ან მითითებებს, ან თავად გასცემდნენ რაიმე სახის დავალებებს და მითითებებს;
  • მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად და არა სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე;
  • მათ გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ.

„ცეცხლაძის და სხვების საქმის“ მსგავსად, ამ საქმეშიც არ არსებობს არცერთი მტკიცებულება - არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულდებდნენ, რომ მათ გაცნოებიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ.

მეტიც, ალბათ ერთი გამონაკლისის გარდა, ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ და ბრალდებამდე ერთმანეთთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ. თუ ისინი რაიმე საგნებს ისროდნენ, რისი დამამტკიცებელი, კანონიერად მოპოვებული და დასაშვები მტკიცებულებები საქმეში, როგორც უკვე აღინიშნა, არ დევს, ისინი ამას აკეთებდნენ სპონტანურად, ქაოტურად, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, და არა წინასწარ შეთანხმებულად და ორგანიზებულად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში არის უსაფუძვლო სსკ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

ბრალდებულთა ქმედებაში არც სხვა სახის  დანაშაული იკვეთება

ა) ბრალდებულებს ვერ შეერაცხებათ დაზარალებული პოლიციელებისათვის მიყენებული ზიანი

როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმის“ ანალიზისას აღვნიშნეთ, უზენაესი სასამართლოს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯგუფური ძალადობის შემადგენლობა არ არსებობს, იგი ამოწმებს, ხომ არ იქნა ჩადენილი სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და დადებითი პასუხის შემთხვევაში ახდენს დანაშაულის გადაკვალიფიცირებას.

სსკ 126-ე მუხლი შედეგიანი დანაშაულია. უნდა არსებობდეს დანაშაულებრივი ქმედების - ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგი - დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ოღონდ არა 120-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“) გათვალისწინებული შედეგი.

ამ შედეგის დასამტკიცებლად უნდა არსებობდეს დაზარალებული. რომელმაც ფიზიკური ტკივილი უშუალოდ ბრალდებულის მიერ ჩადენილი მოქმედების - ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგად განიცადა. სხვა სიტყვებით, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.“

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბრალდებულებს შეიძლებოდა ბრალად შერაცხოდათ სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდებოდა, რომ კონკრეტულმა პოლიციელმა კონკრეტული ბრალდებულის მიერ ნასროლი საგნის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა ზუსტად იგივე 31 პოლიციელი, რომელიც დაზარალებულად იქნა ცნობილი „ცეცხლაძის და სხვების საქმეშიც“. ამ პოლიციელებმა ჩვენება ორჯერ მისცეს, ერთხელ „ცეცხლაძის და სხვების საქმეზე“, მეორეჯერ - „ჭიჭინაძის და სხვების საქმეზე“. ორივე შემთხვევაში ვერცერთი ამ პოლიციელის მიერ განცდილი ზიანი ვერ შეერაცხება ვერცერთ ბრალდებულს ვერც „ცეცხლაძის და სხვების საქმეში“ და ვერც „ჭიჭინაძის და სხვების საქმეში,“ რადგან არ არსებობს სავარაუდო ქმედებასა და დამდგარ შემდეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

მეტიც, როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმესთან“ დაკავშირებითაც აღინიშნა, უმეტეს შემთხვევაში, პოლიციელების მიმართ მიყენებული ზიანის რომელიმე ბრალდებულისთვის შერაცხვა თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან დაზარალებული პოლიციელის მიერ აღწერილი ზიანის მიყენების დრო, ადგილი და გარემოებები არ ემთხვევა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ადგილს და გარემოებებს.

ბ) ბრალდებულებს ვერც ქონებრივი ზიანი შეერაცხებათ 

მიზეზობრივი კავშირის უქონლობის შესახებ ზემოაღნიშნული მსჯელობა ასევე მართებულია ვითომდაც ქონებრივ ზიანთან მიმართებითაც, რომელიც, ბრალდების მტკიცებით, სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა განიცადეს.

ამ საქმეში, ისევე, როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმეშიც“ სულ 10 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულება იქნა დაზარალებულად ცნობილი. მათ შორის არიან საქართველოს პარლამენტი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი „112“, ქ. თბილისის მერია, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა და სხვ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ორივე საქმეში ბრალდებულების მიერ ამ ორგანოების მიმართ მიყენებული ზიანი დაახლოებით 1.8 მილიონ ლარს შეადგენს.

ისევ და ისევ, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე დაზიანებული სათვალთვალო კამერა, ქვაფენილი, ასფალტის საფარი, საპარკე სკამი, ნაგვის ურნა, რობოკოპის ჩაფხუტი, აირწინაღი ან სხვა აღჭურვილობა, ბუჩქი, მცენარე ან/და საერთოდ რაიმე სხვა საგანი, რომლის დაზიანებაზე ან განადგურებასაზე მიუთითებენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ორგანოები, რომელიმე კონკრეტული ბრალდებულის მოქმედების შედეგად დაზიანდა. საერთოდ, გაუგებარია, როგორ უნდა დაეკისროს, მთლიანად ან თუნდაც ნაწილობრივ, ჯამში 1.8 მილიონ ლარად შეფასებული ზიანისთვის პასუხისმგებლობა საქმის რომელიმე ბრალდებულს, რომლის „დანაშაულებრივი ქმედება“, ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ ის ქვას, ჯოხს, ბოთლს ან სხვა საგანს ისროდა „პოლიციელების მიმართულებით“.

მეტიც, ქონებრივ ზიანთან მიმართებით საქმეში სხვა აბსურდული გარემოებებიც არის მითითებული, რომელთა გამოც ბრალდებულების დადანაშაულება კომიკურ ელფერს იძენს. მაგალითად, ორივე საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელი, აღწერს რა მერიის ბალანსზე არსებული ვიდეოკამერების დაზიანების ფაქტებს, მიუთითებს, რომ დაზიანებული ვიდეოკამერები განთავსებული იყო, მათ შორის, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი, დედაენის პარკი, თსუ-ს პირველ კორპუსთან მიწისქვეშა გადასასვლელი, საზმაუს შენობა კოსტავას გამზირზე და ბავშვთა პარკი „მზიური“. ალბათ ამ საქმეების პროკურორების გარდა არავინ იცის, როგორ უნდა შეერაცხოთ პარლამენტის შენობიდან ასეთ სიშორეზე მდებარე ადგილებში განლაგებული კამერების დაზიანება ბრალდებულებს, რომლებსაც დანაშაულის ჩადენა „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბრალდებათ.

მიზეზობრივი კავშირის უქონლობის შესახებ ზემოაღნიშნული მსჯელობა ასევე მართებული იქნებოდა ნებისმიერ სხვა შედეგიან დანაშაულთან მიმართებით, როგორებიცაა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (სსკ 118-ე მუხლი) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (სსკ 120-ე მუხლი).

შესაძლოა, ბრალდებულთა ქმედებაში სსკ 153-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო მასალის კანონიერება და ავთენტურობა დამტკიცებული იქნებოდა, რასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილი არა აქვს.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, ისევე, როგორც „ცეცხლაძის და სხვების საქმეში, ზემოთ მოცემული ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ:

  1. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას;
  2. საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები - ვიდეო და ფოტო მასალა მოპოვებულია სისხლის საპროცესო კანონმდებლობის ან, თუნდაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი; დაუშვებელი მტკიცებულებაა ასევე სხვა, შესაძლოა, თავისთავად კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს;
  3. არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის - წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს;
  4. საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
  5. რვავე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების - განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ;
  6. ეს საქმე მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე წამოიწყო. იგი ეფუძნება მმართველი პარტიის მიერვე შექმნილ მითს, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები, აჯანყების მოწყობის მიზნით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას აპირებდნენ. თავდაპირველად, ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანიებმა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ხოლო შემდგომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ამ ლეგენდის მეტი დამაჯერებლობისთვის, უკანონოდ დააკავეს საქმეში ფიგურანტი პირები. აღნიშნული სქემის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პროპაგანდისტული არხები, სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო. ცხადია ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების დავალების გარეშე. 

ბრალდებულების წინააღმდეგ შეკერილი საქმეების მონაწილეები:

მოსამართლეები

  1. თეონა ეპიტაშვილი
  2. არსენ კალატოზიშვილი
  3. ნანა შამათავა
  4. თამარ მჭედლიშვილი
  5. ლელა მარიდაშვილი
  6. თამარ მახარობლიძე
  7. გიორგი მიროტაძე
  8. ქეთევან ჯაჭვაძე
  9. დავით მამისეიშვილი

პროკურორები

  1. შმაგი გობეჯიშვილი
  2. ნუგზარ ჭიტაძე
  3. ვაჟა თოდუა
  4. ვახტანგ ცალუღელაშვილი
  5. გიორგი მუკბანიანი
  6. ირაკლი ყვავაძე
  7. როინ ხინთიბიძე
  8. გიორგი ნიშნიანიძე
  9. თამარ ბეჟუაშვილი
  10. ანი ხახანაშვილი

შსს-ს თანამშრომლები

  1. არსენ ხუნაშვილი
  2. დავით ქებურია
  3. დავით ქურდოვანიძე
  4. გიორგი ჯიქია
  5. მალხაზ შაშვიაშვილი
  6. ლევან ბასილაძე
  7. გიორგი მაჭარაშვილი
  8. დავით ქიტიაშვილი
  9. კონსტანტინე კერესელიძე
  10. იოსებ სიგუა
  11. ზვიად გოშაძე
  12. ეკა ზაალიშვილი
  13. ვანო გავაშელიშვილი
  14. ზვიად გობაძე
  15. გრიგოლ კაჭკაჭიშვილი
  16. ირაკლი გახარია
  17. ბაქარ ლებანიძე
  18. გიორგი ჩხეიძე
  19. ალექსანდრე კენჭაძე
  20. ალექსანდრე გაფრინდაშვილი
  21. ლევან ნიჟარაძე
  22. თორნიკე ჯაფარიძე
  23. გიორგი ქურდაძე
  24. ლაშა ბერიძე
  25. დავით კიკნაძე
  26. ქეთევან კოვზიაშვილი
  27. ლუკა ჯორჯიკია
  28. გიორგი მაჩიტიძე
  29. გიორგი ჯიქია
  30. გოჩა ნემსაძე
print