განახლებადი ბლოგი: 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განახლებადი ბლოგი: 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები

21 ოქტომბერი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მხოლოდ თბილისის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, თბილისში საარჩევნო პროცესებს 16 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

 

20:52 - საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე უბანზე კონვერტების გახსნისას, ერთ კონვერტში აღმოჩნდა ორი მაჟორიტარული სიის ბიულეტენი, რომელიც კენჭისყრისა და განხილვის გარეშე შეურიეს დანარჩენ ბიულეტენებს. ამ დარღვევის გამო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საჩივარი დაწერა. 

20:00 - ჩვენი დამკვირვებლების უმრავლესობის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია და საარჩევნო უბნები დაიხურა. 

 

17:00 - ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მე-6 უბანში ერთ კაბინაში ორი ამომრჩეველი ერთდროულად აძლევდა ხმას. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირდებით, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა, ორგანიზაციამ საჩივარი დაწერა. 

16:25  - საბურთალოს #58 უბანზე სამაგიდო სიების კონტროლთან დაკავშირებული საჩივარი, თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაარეგისტრირეს, თუმცა განუხილველად დატოვეს, რაც ასევე კანონშეუსაბამოა.   

16:20 - ჩვენს დამკვირვებლებს პრობლემა შეექმნათ ორ უბანზე, სამგორის ოლქის #60 და ისინის #42 უბნებზე, სადაც მათ არ განუმარტეს საჩივრის რეგისტრაციის დროს ხარვეზის დადგენის კონკრეტული საფუძველი, რისი ვალდებულებაც მათ ასევე აქვთ კანონით. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ჩვენს იურისტებთან კონსულტაციების გზით აღმოიფხვრა პრობლემა.

16:10 - ჩვენი დამკვირვებლებლები საუბნო კომისიის მდივნების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ საჩივრების რეგისტრაციის პროცესში შემდეგი 6 ოლქის 12 უბანზე:  გლდანის ოლქის #76, #73, #27, #13, ნაძალადევის #11, #27, საბურთალოს #40, 49, ისნის #42, #64, სამგორის #36, ჩუღურეთი #23.  მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნები ვალდებულები არიან ხარვეზის არ არსებობის შემთხვევაში დაარეგისტრირონ საჩივარი, ისინი ამ ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ. მათ საჩივრები მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციებისას მიღებული განმარტებების შემდეგ დაარეგისტრირეს.

14:30 - ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მე-5 უბანში ჩვენი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი, მამუკა ანდღულაძე აპირებდა საჩივრის დაწერას, რის გამოც კომისიის თავჯდომარემ ის საარჩევნო უბნიდან გამოაგდო. 

12:37  - გლდანის #10 საარჩევნო ოლქის #10 უბანზე კომისიამ ხმის მიცემის უფლება მისცა ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელსაც თითზე მარკირება აღენიშნებოდა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

12:00 - სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #64 უბნის გარეთ სავარაუდოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

11:58 - ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუკავშირდა ქართულ ოცნებას, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის, მთავარია, რომ პირადი ნომერი არ ჩაინიშნონ.

 

 

11:55 - მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-19 უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი საკუთარ ცხრილში აღრიცხავს ამომრჩევლების ნომრებს

10:05 - გლდანის საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი ამომრჩევლებს აღრიცხავს.

თბილისის თითქმის ყველა ოლქში საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორებს თავზე ადგანან დამკვირვებლები და მოსული ამომრჩევლების იდენტიფიცირებას ახდენენ სამაგიდო სიებიდან. ამ მხრივ ძირითადად აქტიურობენ ქართული ოცნებისა და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები.

08:27 - კრწანისის საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი შეავსო ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ამ უბანზე. შედეგად, ჩვენი ორგანიზაციის დამკირვებელმა აღნიშნულ დარღვევაზე დაწერა საჩივარი. 

07:49 - დიდუბის საარჩევნო ოლქის 1-ელ უბანზე კომისიის წევრი წილისყრაში მონაწილეობის გარეშე გაამწესეს რეგისტრატორად. აღნიშნულ დარღვევზე ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. 

ხმის მიცემის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს გლდანის საარჩევნო ოლქის 73-ე უბანზე

print