განცხადება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით

01 ნოემბერი, 2022

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც ახალი სტრუქტურის – სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების გაცხადებული მიზანია, შესრულდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი.

კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების ფუნქცია იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, რასაც ის განახორციელებს ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შექმნით, მათი აღსრულების კოორდინაციითა და ზედამხედველობით. ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს:

გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები.

დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას. ის გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფას, რაც აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნას. გარდა ამისა, გამოცხადებული რეფორმა არ პასუხობს კორუფციასთან დაკავშირებით ქვეყნის წინაშე არსებულ  გამოწვევებს – მაღალი დონის კორუფციის ზრდასა და სახელმწიფოს მიტაცების გაღრმავებას.

შესაბამისად, მხოლოდ შემოთავაზებული რეფორმის გატარება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის შესრულებად, რამაც შეიძლება ქვეყანას დააკარგვინოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს და მმართველ გუნდს, გადახედონ მე-4 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მათ მიერ არჩეულ მიდგომას და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს.

ამ მიზნის მისაღწევად, შესაძლებელია ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატების მიერ დაინიცირებული კანონპროექტის ან მასში გამოყენებული იდეების გამოყენება. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი, მულტიფუნქციური და საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რაც პირდაპირ და სრულად დააკმაყოფილებდა ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციას.

ეს კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შემუშავდა, ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური სპექტრში. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენებ სამივე კომპონენტს:

  1. დამოუკიდებლობის გარანტია – სააგენტოს ხელმძღვანელი შეირჩევა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას.
  2. მაღალი დონის კორუფციაზე რეაგირება – სააგენტო აღჭურვილია საგამოძიებო უფლებამოსილებით და მას პირდაპირ ევალება კორუფციასთან, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა.
  3. საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანება – სააგენტო იქმნება ამჟამად სხვადასხვა ინსტიტუციებში გაფანტული ანტიკორუფციული საქმიანობით დაკავებული დეპარტამენტების გაერთიანებით, ესენია:
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი);
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დეპარტამენტი.

2022 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციები, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოუტანს და განამტკიცებს მის დემოკრატიულ მომავალს. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ მხარესაც კი არ დარჩეს კითხვები, შეასრულა თუ არა საქართველომ ევროკომისიის რომელიმე რეკომენდაცია.